ახალი ამბები

ტრამპი ობამაზე: ის ძალიან კარგი კაცია

11 ნოემბერი, 2016 • 1733
ტრამპი ობამაზე: ის ძალიან კარგი კაცია

10 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას შეხვდა. შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში შედგა. ობამა და ტრამპი პირადად ერთმანეთს პირველად შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ობამამ აღნიშნა, რომ მომდევნო ორი თვის მანძილზე მათთვის ყველაზე პრიორიტეტული მშვიდ ვითარებაში ძალაუფლების გადაცემა იქნება, რათა მომავალმა პრეზიდენტმა წარმატებით განაგრძოს მოვალეობის შესრულება.

“ჩვენ ძალიან გვინდა, რომ თქვენ წარმატებული იყოთ, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა,” – ასე მიმართა ობამამ ტრამპს.

დონალდ ტრამპმა ბარაკ ობამას, რომლის წინააღმდეგაც დაახლოებით 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას და ამბობდა, რომ ის არ იყო ამერიკაში დაბადებული და არ ჰქონდა პრეზიდენტობის უფლება, ასევე ბრალს სდებდა ტერორისტულ დაჯგუფება ISIS-ის დაფუძნებაში, ამჯერად “ძალიან კარგი კაცი” უწოდა. ტრამპი იმედოვნებს, რომ ობამასთან მომავალშიც ითამშრომლებს და მისგან რჩევებს მიიღებს.

“ბევრი საკითხი განვიხილეთ. როგორც წარმატებული ნაბიჯები, ასევე ის დაბრკოლებებიც, რომლებიც რჩება. მე ბატონი პრეზიდენტისაგან მომავალშიც ველოდები რჩევებს  – ჩემთვის თქვენთან ყოფნა დიდი პატივი იყო,” – განაცხადა ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა.

ერთმანეთს შეხვდნენ ასევე აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა და დონალდ ტრამპის ცოლი მელანია ტრამპი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის წინ დონალდ ტრამპი მედიას არ შეხვედრია და ოვალურ ოფისში თეთრი სახლის მთავარი შესასვლელიდან არ შესულა.

დონალდ ტრამპმა მოგვიანებით ტვიტერშიც გამოქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ შეხვედრამ ფანტასტიკურად ჩაიარა.

ტრამპის ინაუგურციის ცერემონია 2017 წლის 20 იანვარს გაიმართება. ის აშშ-ის მომავალ პრეზიდენტად 8 ნოემბერს აირჩიეს. არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, დემოკრატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი