ახალი ამბები

ომბუდსმენი ბაღში “ქორწინებაზე”: ეს მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვთა ცნობიერების ფორმირებაზე

10 ნოემბერი, 2016 • 1342
ომბუდსმენი ბაღში “ქორწინებაზე”: ეს მავნე ზეგავლენას ახდენს ბავშვთა ცნობიერების ფორმირებაზე

“აღმზრდელობითი პროცესის ამგვარად წარმართვა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება და მავნე ზეგავლენას ახდენს მისი ცნობიერების ფორმირებაზე”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ვიდეოს, სადაც ასახულია თბილისის 56-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმული “ქორწინების” სცენა.

ომბუდსმენის განცხადებით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენცია ბავშვის დაცვისა და მისი კეთილდღეობის უზრუნველყოფის უმთავრეს პრინციპად ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას მისი ჭეშმარიტი, საუკეთესო ინტერესების სრულ გათვალისწინებას აღიარებს, ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ბავშვის შესაბამისი დაცვა და მისი საუკეთესო ინტერესების რეალიზება.

როგორც საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, ამავე კონვენციის 29–ე მუხლით დაცულია ბავშვის უფლება, რომ მისი განათლება მიმართული იყოს ბავშვის პიროვნების, მისი ნიჭის, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებისკენ. განათლებამ უნდა მოამზადოს ბავშვი თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური ცხოვრებისათვის:

“შესაბამისად, სკოლამდელ დაწესებულებებში მიმდინარე სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას და   შეესაბამებოდეს მის ასაკობრივ საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.”

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს თბილისი 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის ღონისძიებაზე. ომბუდსმენი ასევე მიმართავს სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს, იხელმძღვანელონ სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებით და ბავშვის სააღმზრდელო პროცესი წარმართონ მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად, გაეროს ბავშვის  უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით.

დღეს, 10 ნოემბერს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია თბილისის 56-ე საბავშვო ბაგა-ბაღის მიერ აღსაზრდელთა მონაწილეობით დადგმულ “ქორწინების” სცენა.

მასალების გადაბეჭდვის წესი