ახალი ამბები

საია პრემიერს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორის სამინისტროს გაუქმებას

10 ნოემბერი, 2016 • 1642
საია პრემიერს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორის სამინისტროს გაუქმებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, სიფრთხილით მოეკიდოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებას.

“მთავრობის ადმინისტრაციული დანახარჯების მიმართ იქნება ძალიან კონსერვატიული მიდგომა. დიასპორის სამინისტრო, სავარაუდოდ, შეუერთდება საგარეო საქმეთა სამინისტროს,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა 29 ოქტომბერს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.

საია აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ნაჩქარევად და კონსულტაციების გარეშე არ უნდა მიიღოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება.

საქართველოს კონსტიტუციის 812-ე მუხლის თანახმად, „სახელმწიფო მინისტრი ინიშნება კონსტიტუციით დადგენილი წესით განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.“

საიას განცხადებით, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება შესაძლოა აღქმული იყოს, როგორც უარყოფით გზავნილი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის და შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ დიასპორა თითქოსდა აღარ წარმოადგენს „განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ ამოცანას.“

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეიქმნა 2008 წლის 8 თებერვალს, საქართველოს მთავრობის #18 დადგენილებით. საიას განცხადების თანახმად, აპარატის შექმნის მიზანს, ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოადგენს შემდეგი: „აპარატი იქმნება საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავების მიზნით.“ აპარატის სხვადასხვა ამოცანას შორის ერთ-ერთად განისაზღვრა: „ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან”.

საიას განცხადებითვე, მომდევნო წლებში ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მზარდ ინტერესს მოჰყვა დიასპორასთან ჩართულობის ახალი მექანიზმების შექმნა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, მათ შორის:

“2011 წლის 24 დეკემბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ,“

2015 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის #622 დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია, სადაც მიგრაცია და განვითარება (რომელიც თავად სტრატეგიაში დაკავშირებულია დიასპორული ინვესტიციების წახალისებასთან) პირველად აისახა ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტში. სტრატეგიის თანახმად, აპარატის კომპეტენციად კიდევ ერთხელ განისაზღვრა „საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, ქართული დიასპორის წარმომადგენლების ეკონომიკური თუ სოციალური პოტენციალის მობილიზება ქვეყნის განვითარებისთვის,“

2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიაში ცალკე თავები დაეთმო საკითხებს, რომლებიც ეხება დიასპორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებაში, მაგალითად, ერთ-ერთ მიზნად განისაზღრა: „საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების, დიასპორის წარმომადგენლების და იმიგრანტთა ეკონომიკური და ადამიანური რესურსის ქვეყნის განვითარებისკენ მიმართვა.“

მეტიც, დიასპორასთან კავშირის აუცილებლობა აისახა სახელმწიფოს სხვა სტრატეგიის დოკუმენტებშიც, მაგალითად, დიასპორასთან ურთიერთობა წარმოადგენს შემდეგი სახელმწიფო დოკუმენტების განუყოფელ კომპონენტს: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება; სავიზო ლიბერალიზაციის საქმედო გეგმა; საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია,”

რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, საია აცხადებს, რომ სამინისტროს 20 თანამშრომელი ჰყავს და ბიუჯეტი  მილიონ ლარს მცირედით აღემატება:

“შედარებისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, 2017 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, სსიპ-სა და ა(ა)იპ-ებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასაცემი სახსრების საპროგნოზო მოცულობა 946 მლნ ლარს შეადგენს და აღნიშნული ციფრი 37%-ით აჭარბებს 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საგანგაშო კი ის არის, რომ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია ამ თანხების აუცილებლობის შესახებ და არ არსებობს გამჭვირვალობის რაიმე მექანიზმი, რაც ეჭვებს ბადებს ხარჯვის რაციონალურობასთან დაკავშირებით.

იმ პირობებში, როდესაც ბევრად დიდი თანხები იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან სათანადო დასაბუთების გარეშე სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში, გაურკვეველია, თუ რატომ აუქმებს სახელმწიფო სტრატეგიულად მნიშვნელოვან აპარატს. ამიტომ, ხარჯების დაზოგვის მიზნით, უმჯობესია, ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთოს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ოპტიმიზაციაზე,”- ახადებს საია.

მასალების გადაბეჭდვის წესი