ახალი ამბები

ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოდან

10 ნოემბერი, 2016 • 4242
ტერორისტული ორგანიზაციებისთვის დაღუპული მებრძოლები საქართველოდან

2012 წლიდან სირიასა და ერაყში სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების 25-ზე მეტი წევრი უკვე დაიღუპა საქართველოდან. რა ვიცით მათ შესახებ? ვინ იყვნენ პირველი მებრძოლები ერაყსა და სირიაში საქართველოდან? რა საერთო ნიშნები ჰქონდათ მათ? ამ და სხვა საკითხებზე კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) საერთაშორისო მკვლევარი, ბენეტ კლიფორდი საუბრობს.

“პირველი ქართველები” სირიასა და ერაყში

2016 წლის 7 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა ერაყში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, მუჰმად ხანგოშვილის დაღუპვა. გავრცელებული ცნობებით, იგი ერაყში ტერორისტული გაერთიანება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად მოსულში იმყოფებოდა. კლიფორდის ცნობით, 2012 წლიდან მოყოლებული, იგი 28-ე ადამიანია საქართველოდან, ვინც ერაყსა და სირიაში საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში. პანკისის ადგილობრივი რადიო “ვეის” ცნობით, ის 2013 წელს გაემგზავრა სირიაში. თუმცა სანამ მუჰმად ხანგოშვილი ბრძოლას დაიწყებდა, სირიასა და ერაყში უკვე იმყოფებოდნენ ქართველი მებრძოლები.

როგორც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის საერთაშორისო მკვლევარი, (ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ექსტრემიზმის პროგრამის (GWUPOE) ყოფილი მკვლევარი) ბენეტ კლიფორდი, რომელიც კავკასიელი მებრძოლებსა და მათი რეკრუტირების ფაქტორებს იკვლევს, ამბობს, რომ საქართველოს პირველი მოქალაქე, ვინც სირიაში საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა, ცნობილი ჩეჩენი მეამბოხის, რუსლან (ჰამზატ) გელაევის შვილი, რუსტამ გელაევი იყო.

რუსტამ გელაევი, ჰამზატ გელაევის შვილი, რომელიც 2012 წელს დაიღუპა

რუსტამ გელაევი, ჰამზატ გელაევის შვილი, რომელიც 2012 წელს დაიღუპა

პანკისის ხეობაში დაბადებული გელაევი 2012 წლის აგვისტოში 23 წლის ასაკში დაიღუპა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მხარდამჭერების მიერ ალეპოს მეჩეთის დაბომბვის შედეგად. გელაევი მალევე გადმოასვენეს საქართველოში. მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, ჩეჩნეთის დიასპორიდან არავინ იბრძვის სირია-ერაყში, გელაევზე კი თქვა, “მისნაირებმა დიდი ხნის წინ დაკარგეს სამშობლოო”. მიუხედავად პუტინის მიერ მართული ლიდერის მიერ ფაქტის უარყოფისა, როგორც კლიფორდი ამბობს, ერთ-ერთი პირველი მებრძოლები სირიასა და ერაყში იყვნენ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებიც 2012 წლამდე თურქეთში ცხოვრობდნენ. 

2012-2013 წლებისთვის ჩრდილო-კავკასიელმა მებრძოლებმა (მათ შორის ქართველებმა), ბოსნიელ, ბალკანელ და სირიელ მებრძოლებთან ერთად ჩამოაყალიბეს დაჯგუფება, სახელად ჯაიშ ალ-მუჰაჯირენ ვ’ალ-ანსარი. დაჯგუფებას სათავეში ჩაუდგა ორი ეთნიკურად ქისტი მებრძოლი პანკისის ხეობიდან – თარხან ბათირაშვილი და რუსლან მაჩალიკაშვილი (საბრძოლო სახელებით — აბუ უმარ ალ-შიშანი და საიფულა ალ-შიშანი).

როგორც კლიფორდი გვიამბობს, “ჯაიშ ალ მუჰაჯირენ ვ’ალ ანსარი” დაახლოებული იყო ალ-ქაიდასთან დაკავშირებულ ჯგუფთან სირიაში, “ჯაბჰატ ალ-ნუსრათან”. მათ ისლამისტურ დაჯგუფებებს შორის სახელიც გაუვარდათ, როგორც ძლიერ დაჯგუფებას, თუმცა 2013 წელსვე ჯგუფი გაიყო ორ ქისტ ლიდერს შორის პიროვნული დაპირისპირების გამო:

მეთაურმა უმარ შიშანიმ 2013 წლის სექტემბრისთვის მოინდომა, რომ მისი “მოადგილე”, საიფულა შიშანი,  სხვა 27 მებრძოლთან ერთად, ჯგუფიდან გაერიცხა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა – უმარი ცდილობდა, ჯგუფი უფრო მეტად დაეახლოებინა “ისლამურ სახელმწიფოსთან”, საიფულა შიშანი კი ალ-ქაიდას უჭერდა მხარს.

თარხან ბათირაშვილი

თარხან ბათირაშვილი

საბოლოოდ, “სქიზმის” შემდეგ დაჯგუფება დაიშალა და საიფულა შიშანი დარჩა “ჯაიშ ალ-მუჰაჯირენ ვალ-ანსარის” ლიდერად, რის შემდეგაც ეს ჯგუფი ალ-ქაიდას მოკავშირე “ჯაბჰატ ალ-ნუსრას” შეუერთდა. თარხან ბათირაშვილი და მისი ერთგული მებრძოლები კი ახლად გამოცხადებულ ე.წ “ისლამურ სახელმწიფოს” (ISIS-ს) რიგებში გაერთიანდნენ.

CRRC-ის მკვლევრის დაკვირვებით, ამის შემდეგ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (პანკისის ხეობიდან, აზერბაიჯანულენოვანი სოფლებიდან და ქართველი ეკომიგრანტი მუსლიმების თემებიდან) მებრძოლების გადინება იწყება.

რა ნიშნები აერთიანებთ და განასხვავებთ დაღუპულ მებრძოლებს?

ამჟამად, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვაცნობებენ, ერაყსა და სირიაში საქართველოს 40-მდე მოქალაქე იბრძვის. სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო წყაროები კი წერენ, რომ ეს რიცხვი 50-დან 200-მდე მერყეობს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ მებრძოლს, რომელიც საქართველოში დაიბადა ან გარკვეული დროით ცხოვრობდა, საქართველოს მოქალაქეობა არა აქვს, რაც, შესაძლებელია, იყოს ოფიციალურ და არაოფიციალურ მონაცემებს შორის განსხვავების მიზეზი. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვეუბნებიან, ამ ორ სახელმწიფოში ბრძოლისას საქართველოს 27 მოქალაქე დაიღუპა. 

ბენეტ კლიფორდი აჯგუფებს 27 დაღუპულ მებრძოლს სხვადასხვა მონაცემის მიხედვით. მისი ინფორმაციით, 27-დან 17 ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა, 5 – ოთხ სხვადასხვა დაჯგუფებაში. გაურკვეველია, რომელი დაჯგუფების რიგებში იბრძოდა დანარჩენილი 5 დაღუპული.

 

რომელ ჯგუფებში იყვნენ მებრძოლები გაერთიანებულები Create pie charts

  პირველი მათგანი, კლიფორდის თქმით, 2012 წლის აგვისტოში დაიღუპა, ბოლო – 2016 წლის ნოემბერში. დაღუპულთა ასაკი 26-27 წელია (ყველაზე უმცროსი 18 წლისა იყო, “უხუცესი” – 39-ის). 23 მათგანი წარმოშობით პანკისიდან იყო, 2 – ქვემო ქართლიდან, თითო-თითო კი გურიიდან, აჭარიდან და კახეთიდან. რაც შეეხება მათ ეთნიკურ წარმომავლობას: კლიფორდის ცნობით, 19 მათგანი ეთნიკურად ქისტი იყო, 3 – ეთნიკურად ჩეჩენი, 3 – ეთნიკურად აზერბაიჯანელი, და 2 ეთნიკურად ქართველი.

ერაყსა და სირიაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ეთნიკური წარმომავლობა
Create pie charts

კითხვაზე, თუ როგორ ასხვავებს ეთნიკურად ჩეჩენსა და ეთნიკურად ქისტს (რადგან ორივე ეთნიკური ჯგუფი ჰგავს ერთმანეთს — ისინი ვაინახური წარმოშობისანი არიან, საუბრობენ ერთსა და იმავე ენაზე (დიალექტური ცვლილებებით), იგი გვპასუხობს, რომ გამოჰყოფს ქისტებს, როგორც პანკისის ხეობის მკვიდრებს, რომლებიც მე-19 საუკუნეში (1830-იან წლებში) აქ ჩრდილო-კავკასიიდან ემიგრირებული ვაინახების შთამომავლები არიან, ხოლო ჩეჩნებად მიიჩნევს იმ ვაინახებს, რომლებიც დაიბადნენ ჩრდილოეთ კავკასიაში და პანკისში მოხვდნენ 1990-იანი და 2000-ან წლებში არსებული ჩეჩნური კონფლიქტების შედეგად.

რაც შეეხება სიკვდილიანობის დინამიკას 2012 წლიდან, იგი ასე გამოიყურება:


ბენეტ კლიფორდი სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემის კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ბრძოლაში უკვე დაიღუპა უცხოელი მებრძოლების 10-15%. თუმცა ეს რიცხვი განსხვავდება რეგიონის მიხედვით, რაც, მისი თქმით, იმაზეც გვიქმნის წარმოდგენას, თუ როგორ არის დაფასებული ცალკეული რეგიონიდან საბრძოლველად ჩასული ადამიანების ჯგუფი ტერორისტული გაერთიანების მიერ.

“თუ ჯგუფის წევრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი უფრო დაბალია, ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი მეტად არის დაფასებული. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი უფრო ძლიერი, ეფექტური და გამოცდილი მებრძოლები არიან, ხოლო მეორე მიზეზი ისაა, რომ მათ განსაკუთრებით სარისკო სიტუაციებში არ უშვებენ”, – მიიჩნევს კლიფორდი და ერთმანეთს ადარებს არაბული და ჩრდილო-კავკასიის ქვეყნებიდან ჩასულ მებრძოლებს ჩრდილოეთ ამერიკიდან და დასავლეთ ევროპიდან ჩასულ მებრძოლებთან.

“არაბული ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ კავკასიელი მებრძოლები დაბალი სიკვდილიანობით გამოირჩევნიან, რადგან უფრო მეტად წარმოდგენილნი არიან ლიდერებში, და იმიტომ, რომ უფრო ეფექტური მებრძოლები არიან. ჩრდილოეთ ამერიკელებსა და დასავლეთ ევროპელ მებრძოლებს სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ”, – ამბობს მკვლევარი.

ამ და წინა მონაცემების შედარებით იგი დაასკვნის, რომ ქართველები ჯიჰადისტური ჯგუფების სათავეებში იყვნენ სირიასა და ერაყში და შესაძლოა, ჩამოშორებულნი იყვნენ საბრძოლო სიტუაციებს. თუმცა, იმის ფონზე, რომ აშშ-ისა და კოალიციისა და რუსეთის მხრიდან სირიასა და ერაყში ტერორისტულ ჯგუფზე საჰაერო თავდასხმები ძლიერდება, კლიფორდი ვარაუდობს, რომ სიკვდილიანობა კიდევ უფრო გაიზრდება.

რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს ლიდერების სიკვდილს მომავალი რეკრუტირებისათვის?

რაც შეეხება იმას, თუ რა ზეგავლენა ექნება დაჯგუფებების ქართული წარმოშობის ლიდერების სიკვდილს რეკრუტირების პროცესზე საქართველოში – ბენეტ კლიფორდი მიანიშნებს, რომ ამან შესაძლოა არც შეასუსტოს პროცესი, რადგან გზავნილები, რაც ჯერაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, კვლავ ციტირებენ, მაგალითად, თარხან ბათირაშვილს და კიდევ ერთ მებრძოლს — ხვიჩა გობაძეს.

ხვიჩა გობაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში დაიბადა, შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა წალკაში. წალკიდან იგი ჯერ ბათუმში გადავიდა სასწავლებლად, შემდეგ ეგვიპტეში მიიღო განათლება, რის შემდეგაც თურქეთში წავიდა, ბოლოს კი სირიაში აღმოჩნდა “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში.

ბენეტ კლიფორდის აზრით, “ომის მინისტრ” ბათირაშვილზე მეტად, სწორედ ხვიჩა გობაძე (საბრძოლო სახელით აბუ მარიამ ჯურჯი) შეიძლება იყოს “ისლამური სახელმწიფოს” ყველაზე გავლენიანი ქართულენოვანი პროპაგანდისტი. მისივე დაკვირვებით, ფაქტი, რომ გობაძეს ჰქონდა თეოლოგიური ცოდნა ისლამში, მას დამატებით ლეგიტიმაციას ანიჭებდა აღნიშნულ წრეებში. სწორედ გობაძე გვევლინება მთავარ მოსაუბრედ ვიდეოში, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა — “გზავნილი ქართველ ხალხს”, სადაც ISIS-ის ქართველი მებრძოლები საქართველოს მოქალაქეებს მიმართავენ. 

ხვიჩა გობაძე. ამონარიდი 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვიდეოდან - "მიმართვა ქართველ ხალხს"

ხვიჩა გობაძე. ამონარიდი 2015 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ქართულენოვანი ვიდეოდან – “მიმართვა ქართველ ხალხს”

22 წლის გობაძე 2016 წლის იანვარში სირიის ქალაქ დერ ეზ-ზორში (ერაყის საზღვართან) ბრძოლის დროს დაიღუპა, თუმცა იგი სიკვდილის შემდეგაც ძალიან ხშირად ჩნდება სოციალურ ქსელებში, – სადაც მისი სახელით კვლავ გრძელდება ISIS-ის პროპაგანდის გავრცელება – ვრცელდება მისი ფოტოები, ვიდეო-მიმართვები, აუდიო გაკვეთილები “ისლამის შესახებ” და ა.შ.

კლიფორდი ასევე განმარტავს, რომ სალაფისტურ ჯიჰადში თავგანწირვა ითვლება უმაღლეს პატივად და ღირსებად მებრძოლისათვის. თუ მებრძოლი ბრძოლაში იღუპება, ეს ნიშნავს, რომ ის “დიადი მიზნებისთვის” იღუპება. სწორედ ბრძოლაში დაიღუპა კლიფორდის მიერ ნახსენები ეს ორი მებრძოლი.

მკვლევარი მიანიშნებს, რომ სიკვდილის შემდეგ მებრძოლები კვლავ რჩებიან მისაბაძ მაგალითებად მათთვის, ვინც ისედაც მიდრეკილია რადიკალიზაციისაკენ, ამით კი ჯგუფისათვის უფრო მარტივი ხდება სასურველი გზავნილების შექმნა: სწორედ დაღუპულებს იყენებენ იგივე ჯგუფები, როგორც “სატყუარას” – ესაუბრებიან იმავე ასაკისა თუ სხვა მსგავსი მახასიათებლების მქონე ადამიანებს: “შეხედე, ის არაფრით განსხვავდება შენგან, გარდა იმისა, რომ რელიგიისთვისა და მშვიდობისათვის თავი დადო… შენც უნდა შემოუერთდე ჩვენს ჯგუფს”, – გვეუბნება მკვლევარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი