ახალი ამბები

უსუფაშვილი ტრამპის არჩევაზე: არც ამერიკელები არიან ყოველთვის აღფრთოვანებული ქართველების არჩევანით

10 ნოემბერი, 2016 • 1348
უსუფაშვილი ტრამპის არჩევაზე: არც ამერიკელები არიან ყოველთვის აღფრთოვანებული ქართველების არჩევანით

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სისტემაში გამოწვევებს ელის.

ეს განცხადება უსუფაშვილმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში იტალიური ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესი დასრულდა. დასრულდა ისე, როგორც, შესაძლოა, ძალიან ბევრი არ ელოდა არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც მის ფარგლებს გარეთ. მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. არც ამერიკელები არიან ხოლმე ყოველთვის აღფრთოვანებული იმით, რა არჩევანს ვაკეთებთ ჩვენ, ქართველები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ჩვენთან სტრატეგიულ მეგობრობას აგრძელებენ. მე არ მგონია, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ქართულ-ამერიკულ ორმხრივ ურთიერთობებში რაიმე პრობლემები გაჩნდება.

მე უფრო ველი გარკვეულ გამოწვევებს საერთაშორისო სისტემაში, საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო პოლიტიკის სისტემაში, სადაც დღემდეც შეინიშნებოდა პასუხისმგებლობის და ინიციატივების დეფიციტი და ამან მსოფლიოს ბევრ წერტილში საკმაოდ დაძაბა ვითარება. აი, ამ თვალსაზრისით კი, აშკარად იქნება გამოწვევები და ეს ჩვენთვის, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყურადღებით უნდა ვიყოთ და გავაუმჯობესოთ, გავაორმაგოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ამ ცოტა გაურკვევლობების პერიოდში, როდესაც, შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს, ქვეყნებს, გაუჩნდეთ განცდა გარკვეული ვაკუუმის, ან იმის განცდა, რომ ახლა არის დრო, რაიმე ნაბიჯები გადაიდგას არალეგიტიმური ინტერესების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ გვმართებს განსაკუთრებული სიფხიზლე, დიპლომატიური არხებით, ყველა სხვა არხით, რითაც ქვეყნის ინტერესია დასაცავი,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი