ახალი ამბები

ბოკერია სააკაშვილს: პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანას

10 ნოემბერი, 2016 • 1901
ბოკერია სააკაშვილს: პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანას

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, პარლამენტში შესვლის ნაცვლად პოლიტიკური პროცესის ქუჩაში გადატანა  კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანასა და პარტიას. ამის შესახებ მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

“მე კარგად მესმის ჩემი  ზოგიერთი თანაგუნდელის, ლიდერის თუ მხარდამჭერის ემოცია და გაღიზიანებაც კი, მაგრამ ვრჩები ჩემს ძალიან მყარ აზრზე, რომ მიუხედავად ძალადობრივი, არათავისუფალი არჩევნებისა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო მეორე ტურში ბრძოლა და პარლამენტში შესვლა,” – აღმნიშნავს გიგა ბოკერია.

მისივე განცხადებით, პარლამენტში შესვლა სწორი გადაწყვეტილება იყო:

“ამ ისტორიულ მომენტში ეს იყო სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის და პარტიის ინტერესებისთვის და, საბოლოო ჯამში, ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიულად დამარცხების საქმისთვის.  სწორედ ასევე მჯერა, რომ ქუჩაში პროცესების გადატანა, ამ ძალადობის მიუხედავად, უკეთეს შემთხვევაში იქნებოდა ორთქლის გამოშვება და ამ მომენტში  კარგს არაფერს მოუტანდა ქვეყანას, პარტიას და ივანიშვილის დამარცხების საქმეს.”

გიგა ბოკერიამ ჟურნალსიტების დასმულ კითხვებს არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან მნიშვნელოვანი რაც იყო, იმაზე გააკეთა კომენტარი.

გუშინ, 9 ნოემბერს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას არავითარი საერთო არ ექნება იმ ადამიანებთან, მათ შორის ენმ–ის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს აქტივისტებს.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ორად გაიყო მოსაზრებები. ერთი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, მიიჩნევდა, რომ ენმ არ უნდა შესულიყო პარლამენტში და არ უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ენმ–ის ლიდერების ჯგუფი- მათ შორის გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე- მიიჩნევდა, რომ ენმ–ს პატივი უნდა ეცა იმ ამომრჩევლის ნებისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა და უნდა გაეგრძელებინათ საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ, ჩატარდა ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით ენმ–მ მიიღო პარლამენტში შესვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ციხიდან წერილი გამოაგზავნა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელშიც წერდა, რომ ის გადადგა ენმ–ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ახალ სახეებს უნდა მიეცეთ პარტიაში ხელმძღვანელობის განხორციელების შესაძლებლობა და ძველმა ლიდერშიპმა ამგვარად უნდა აგოს პასუხი ამომრჩევლის წინაშე. ამ დაპირისპირებამ ენმ–ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის გადაინაცვლა და ღია დებატები ამ საკითხებზე კვლავაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი