ახალი ამბები

სააკაშვილი: ახირებულ 1–2 პერსონაჟთან ენმ–ის ხელმძღვანელობის შიგნით საერთო არ მინდა მქონდეს

9 ნოემბერი, 2016 • 2111
სააკაშვილი: ახირებულ 1–2 პერსონაჟთან ენმ–ის ხელმძღვანელობის შიგნით საერთო არ მინდა მქონდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით წარმოქმნილ დაპირისპირებას და განაცხადა, რომ მას არავითარი საერთო არ ექნება იმ ადამიანებთან, მათ შორის ენმ–ის ხელმძღვანელობაში, ვინც არ უსმენს აქტივისტებს.

“რაღაც ანეგდოტამდე მივიდა, რაღაცას აქვეყნებენ, რაც აღქმულია, რომ თითქოს ისინი გმობენ და ემიჯნებიან საკუთარ მომხრეებს და საკუთარ აქტივისტებს, იმ ხალხს, რომელიც გადაგვაკვდა თან. დაიწყო რაღაც უაზრო ლაპარაკი – სააკაშვილი კერპი უნდა იყოს თუ არა? რა შუაშია სააკაშვილი? და რა შუაში ვარ ამ დებატებში მე? აქ საუბარი სხვა რაღაცაზეა. ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუში, რომელიც თავის ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

“ვურჩევდი, არ წასულიყვნენ მეორე ტურზე იმიტომ, რომ ორმაგი იმედგაცრუება იქნებოდა და “არა, ერთ მანდატს მაინც წავგლიჯავთო”, და, რა თქმა უნდა, მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდით. ვერც ერთი მანდატი ვერ აიღეს და ამან გამოიწვია კიდევ უფრო მეტი დემორალიზება. ამის შემდეგ კიდევ აგრძელებენ უაზრო ლაპარაკს, ის ერთი–ორი ტიპაჟი, კიდევ ვიმეორებ, საუბარი დაიწყეს, რომ თითქოს არსებობს რაღაც რვაწლიანი ციკლი და ათწლიანი ციკლი და ამათ უნდა დაველოდოთ თურმე, კიდევ რამდენიმე წელში როგორ გააყალბებს ივანიშვილი არჩევნებს.

ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის ემზადებოდა ასეთი ხრიკებისთვის, ყოველთვის ჰქონდა გამზადებული ბრძოლის ვარიანტი და იმის მაგივრად, რომ ხალხს ვრაზმავდეთ, ბრძოლისკენ და შეურიგებლობისკენ მოვუწოდებდეთ და გვქონდეს ზუსტი და ნათელი გეგმა, როგორ გადავლახოთ ეს უბედურება, ამის მაგივრად სადღაც ხელების გაშვერა, თურმე პრობლემა არის სააკაშვილის, იმის, ამის. მათ პრობლემა სააკაშვილთან კი არ აქვთ, მათ პრობლემა აქვთ საკუთარ ხალხთან და, პირველ რიგში, ჩვენს მრავალრიცხოვან მხარდამჭერებთან, 600 ათას ჩვენს ამომრჩეველთან.

იმ ხალხთან, ვინც არ უსმენს ჩვენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა, ვინც პრაქტიკულად გამოგვიწერა დამარცხებები არა მხოლოდ წარსულში, არამედ წინასწარ აქვთ გამოცხადებული დამარცხება მომავალში, ამ ახირებულ ერთ–ორ პერსონაჟთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობის შიგნით, ხალხმა მინდა იცოდეს, მე არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. ძალიან ნათელია, მე დავეხმარები ჩვენს ხალხს, ჩვენს აქტივისტებს, ჩვენ ვიბრძოლებთ და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოში”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შიგნით ორად გაიყო მოსაზრებები. ერთი ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, მიიჩნევდა, რომ ენმ არ უნდა შესულიყო პარლამენტში და არ უნდა მიეღო მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურებში იმ მოტივით, რომ ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. ხოლო მეორე ნაწილი, რომელსაც წარმოადგენდა ენმ–ის ლიდერების ჯგუფი- მათ შორის გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე- მიიჩნევდა, რომ ენმ–ს პატივი უნდა ეცა იმ ამომრჩევლის ნებისთვის, რომელმაც მათ ხმა მისცა და უნდა გაეგრძელებინათ საპარლამენტო ტრიბუნიდან ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბოლოოდ, ჩატარდა ენმ–ის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უმრავლესობის გადაწყვეტილებით ენმ–მ მიიღო პარლამენტში შესვლის და მეორე ტურებში მონაწილეობის გადაწყვეტილება. ამის შემდეგ ციხიდან წერილი გამოაგზავნა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, რომელშიც წერდა, რომ ის გადადგა ენმ–ის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტიდან, ვინაიდან მიაჩნია, რომ ახალ სახეებს უნდა მიეცეთ პარტიაში ხელმძღვანელობის განხორციელების შესაძლებლობა და ძველმა ლიდერშიპმა ამგვარად უნდა აგოს პასუხი ამომრჩევლის წინაშე. ამ დაპირისპირებამ ენმ–ის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს შორის გადაინაცვლა და ღია დებატები ამ საკითხებზე კვლავაც გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი