ახალი ამბები

მუშების თქმით, ზვარეში დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

9 ნოემბერი, 2016 • 1475
მუშების თქმით, ზვარეში დამსაქმებელი კომპანიის მენეჯმენტის შეცვლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარესთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას ხვალიდან გეგმავენ. როგორც ერთ-ერთი დასაქმებული, გიორგი თაბუკაშვილი ამბობს, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფთან” შეთანხმება მიღწეულია –  კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა:

“უშუალოდ ვინც აგრესიულად მონაწილეობდა ამ ამბავში გაშვებულები არიან. ვნახეთ ჩვენი თვალითაც და ხვალ დილიდან ამოვალთ, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მუშაობას. შევთანხმდით ამ პირობებზე” – ამბობს გიორგი თაბუკაშვილი.

დასაქმებულებსა და კონტრაქტორ კომპანიას შორის შეთანხმების მიღწევას ადასტურებენ საქართველოს რკინიგზაშიც. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ახლა ფორმალური მხარეა დარჩენილი და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში აღდგება.

მუშების პროტესტი 3 ნოემბერს დაიწყო. როცა ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ არმატურით, დანით, ხის ჯოხებითა და ხორცის საკეპი ნაჯახებით სცემეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. როგორც გვირაბის მშენებლობაზე ერთ-ერთი დასაქმებული ამბობს, ინციდენტის შედეგად 2 დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება დანარჩენები უკვე გამოწერეს, თუმცა ექიმების ზედამხედველობის ქვეშ არიან.გიორგი თაბუკაშვილილის თქმით, რომელიც სოფელ ზვარეში გვირაბის მშენებლობაზეა დასაქმებული, დამსაქმებელმა მზადყოფნა გამოთქვა ინციდენტის შედეგად დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იზრუნოს და მათ სამედიცინო ხარჯები არუნაზღაუროს.

შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე სამი ადამიანი დააკავა. “რკინიგზის ბიუროს 23-ე ჯგუფი” მათ გათავისუფლებას მოითხოვს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”. თავდაპირველად  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება “ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე” მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით).

სამშენებლო სამუშაოები ზვარეში შვიდი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. როგორც დასაქმებულები ამბობდნენ, მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ კომპანიის მენეჯმენტის ცვლილება იყო.

ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა  15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი