ახალი ამბები

მარიამ ჯაში: თუკი ჩვენ ვრთავთ არასამთავრობოებს, უნდა გავითვალისწინოთ ეკლესიის შეხედულებებიც

10 ნოემბერი, 2016 • 3203
მარიამ ჯაში: თუკი ჩვენ ვრთავთ არასამთავრობოებს, უნდა გავითვალისწინოთ ეკლესიის შეხედულებებიც

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინა. ნეტგაზეთი დაინტერესდა, რას ფიქრობს მარიამ ჯაში განათლების სფეროში ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა მასწავლებელთა გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდები, ეკლესიის როლი სასკოლო სახელმძღვანელოების ფორმირების პროცესში.

არის საუბარი, რომ გაუქმდეს მასწავლებელთა გამოცდები და შემოვიდეს სხვა კომპონენტები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს რეალურად შეუწყობს ხელს მასწავლებელთა მომზადების დონის ამაღლებას? როგორ უყურებთ ამ საკითხს?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჰყავს ძალიან ძლიერი და კომპეტენტური ხელმძღვანელი. ბატონ ალექსანდრეს ჯეჯელავასთან მე მქონდა კონსულტაციები როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, მაჟორიტარი დეპუტატის რანგში, და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც გაჟღერდა უკვე ჩემი კანდიდატურის წარდგინების შესახებ საკანონმდებლო ორგანოში განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელის რანგში. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე გვქონდა ძალიან ინტენსიური კონსულტაციები.

უშუალოდ მასწავლებლების გამოცდების სისტემებთან დაკავშირებით მე აბსოლუტურად ვეთანხმები განათლების მინისტრის პოზიციას და მიმაჩნია, რომ მის მიერ მოწოდებული წინადადებები, რომ შედარებით დამსჯელობითი სისტემა, რომელიც, პრაქტიკულად, მკაცრ პირობებში აყენებს მასწავლებლებს, არის შესაცვლელი, რადგან ეს გახლავთ არა მხოლოდ პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები, არამედ, მე ვფიქრობ, რომ ისევე, როგორც ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ტესტირებებში, აქ ხარისხობრივად არსებული ტესტების სისტემა არ გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ რეალურად შევაფასოთ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე სხვადასხვა სახის უნარები, ურთიერთობის შესაძლებლობები. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, შეხედულებითი ცვლილება, რომელიც განათლების სისტემაში უნდა მოხდეს, რომ რეალურად ჩვენ შეგვეძლოს სკოლის და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემაში მოტივაციის ცვლილება როგორც ბავშვებისთვის, ასევე მასწვალებლებისთვის.

მე ასევე ვიცი, რომ არის მომზადებული სამუშაო დოკუმენტები არსებული ტესტირების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც იქნება არა ჩაბარების ან  “ჩაჭრის” შედეგებზე ორიენტირებული, არამედ  შეიცვლება იმ სისტემით, რომელიც მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებს და მოგვცემს დინამიკაში მათი საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას, რომელიც არის მიღებული პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში და არის მიღებული კადრების მართვის და გაუმჯობესების სისტემა, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ანუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში შესატან ამ ცვლილებებს დაუჭერთ მხარს?

წინასწარ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ცვლილებები აბსოლუტურად მისაღებია, თუმცა, უნდა გავეცნო დეტალებს, უნდა მოვისმინო ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფის მოსაზრებები, მათ შორის, მექნება კონსულტაციები პედაგოგებთან, რათა მათთვის მისაღები და ოპტიმალური იყოს ის ცვლილება, რომელიც შემოთავაზებული იქნება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტი და დამტკიცების შემთხვევაში, მე მექნება უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელობის, იქნება დაფუძნებული მხოლოდ შესაბამის ანალიზზე, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებაზე და, რა თქმა უნდა, ყველა შესაძლო მხარის მაქსიმალური ჩართულობით.

სასკოლო თემას გავაგრძელებ სახელმძღვანელოების საკითხით. ერთია მათი ხარისხი, მაგრამ მეორეა, რა სიმძიმის ჩანთის ტარება უწევთ ბავშვებს. ერთ-ერთი გამოსავალი შემოთავაზებული იყო ელექტრონული სახელმძღვანელოების დანერგვა. აქ თუ იგეგმება რაიმე ცვლილებები თქვენი მხრიდან, კანონმდებლობის დონეზე რა შეიძლება გაკეთდეს?

დაგეთანხმებით, რომ სახელმძღვანელოების მოცულობა არის საკმაოდ დიდი. როგორც მშობელი, ამ შემთხვევაში, რადგან ჩემს შვილებსაც  უწევდათ და უწევთ საკმაოდ მძიმე ჩანთის ტარება. მე ვფიქრობ, ესეც არის ძალიან სიანტერესო და ინოვაციური მიდგომა, რადგან არა მხოლოდ სიმძიმიდან გამომდინარე, უკვე გლობალიზაციისა და ინტერნეტიზაციის პროცესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თანამედროვე მიდგომები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბავშვისთვის, რაც ასევე საინტერესოს ხდის ბავშვისთვის სწავლის პროცესს. საკანონმდებლო ინიციატვის დონეზე, ალბათ, იქნება გარკვეული, მცირე ცვლილებები, რომელიც ზოგადი განათლების კანონში იქნება შესატანი თვითონ სახელმძღვანელოების ფორმისა და  წარმომადგენლობის დონეზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი საკანონმდებლო ცვლილება იქნება შედარებით დაბალი იერარქიის კანონმდებლობაში და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ბავშვისთვის იქნება უფრო მისაღები, მისი ჯანმრთელობისა და თვითონ სწავლის პროცესის ოპტიმიზაციისთვის იქნება საინტერესო.

ელექტრონულ სახელმძღვანელოებს, როგორც მივხვდი, მიესალმებით…

რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე უნდა გავითვალისწინოთ რეალობა, რომ ერთ დღეში ასეთი ცვლილება ვერ განხორციელდება. ალბათ, იქნება საუბარი ეტაპობრივ დანერგვაზე, რადგან უნდა გავითვალისწინოთ იგივე ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, თვითონ კოპიუტერული ტექნიკის ხელმოსაწვდომობა ბავშვებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ამ სახელმძღვანელოების შესაძლებლობებს როგორც ქალაქად, ასევე, სოფლად.

პარალელურად, ინტერნეტიზაციის ისტორიული პროექტის განხორციელება იგეგმება ქვეყნის მასშტაბით და ეს იქნება ძალიან კარგ თანხვედრაში და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ეტაპობივად, ნაწილობრივ მოხდეს ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადასვლა.

ასევე, არის საუბარი, რომ სახელმძღვანელოების ბეჭდვის ბიზნესი დაუბრუნდეს გამომცემლებს. ამაზე, როგორც ცნობილია, სამინისტროს მოლაპარაკებები აქვს გამომცემლებთან, თქვენ რა პოზიცია გაქვთ? აქვე გვაინტერესებს თქვენი პოზიცია უფასო სახელმძღვანელოების პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც.

უშუალოდ შესყიდვის პროცესებთან დაკავშირებით მე ვფიქრობ, რომ არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ სწორი და ობიექტური შეფასება გავაჟღერო. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ მიმართოთ განათლების სამინისტროს და ისინი შესაბამის პასუხს გაგცემენ. რაც შეეხება ბეჭდვის პროცესს და, ზოგადად, ვინ უნდა მართოს სახელმძღვანელოების შემუშავებისა და ბეჭდვის პროცესი, მე ვფიქრობ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ისევე, როგორც ნებისმიერი დარგი, ჩავაყენოთ თავისუფალი ბაზრის პირობებში და რაც უფრო ნაკლები ჩარევა მოხდება სახელმწიფოს მხრიდან, უმჯობესია ქვეყანაში კერძო სექტორის და ბიზნესის განვითარებისთვის, როგორც ზოგადი პრინციპი, რომელსაც ვემხრობი ნებისმიერ სამუშაოსთან მიმართებაში.

რაც შეეხება უფასო სახელმძღვანელოებს, ამ ეტაპზე, რამდენადაც მომისმენია როგორც საზოგადოების, ასევე სხვადასხვა პროფესიული წრეების მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას ახლდა გარკვეული კრიტიკა მშობლების უმეტესობაში, ოჯახების უმეტესობაში, განსაკუთრებით მე სამგორის #12 ოლქში მომიწია ათასობით ოჯახთან შეხვედრა, ძალიან მისასალმებელი და სასიხარულო აღმოჩნდა სახელმძღვანელოების უფასოდ ხელმისაწვდომობა ძალიან ბევრი ოჯახისთვის იმიტომ, რომ თუნდაც ის 100-დან 200 ლარამდე ღირებულება, რასაც მშობელი იხდის ყოველწლიურად სახელმძღვანელოს შესყიდვაში, ძალიან ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, შემდგომში ჩვენ კიდევ უფრო მეტი ანალიზის ჩატარება დაგვჭირდეს, რომ რეალურად, ის სახსრები, რომლის გამოყოფა მოხდა, სახელმძღვანელოების ბეჭდვა ტოტალურად ყველა ბავშვისთვის, იქნებ მოხდეს შედარებით დიფერენციაცია. თუმცა ეს არის მხოლოდ ჩემი წინასწარი მოსაზრება, რომელსაც სჭირდება ბევრად უფრო მეტი ანალიზი და კონსულტაცია ყველა დაინტერესებულ მხარესთან.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სახელმძღვანელოების თემას შეეხება: თქვენ ალბათ გახსოვთ, იყო პრეცედენტი, საგან “მე და საზოგადოებასთან” დაკავშირებით, როდესაც საპატრიარქოსთან კონსულტაციის საფუძველზე წიგნიდან გარკვეული ტერმინები ამოიღეს. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა გაგრძელდეს თუ არა მსგავსი პრაქტიკა, როცა საპატრიარქო ერევა სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადებაში და, ზოგადად, რას ფიქრობთ მსგავსი პრაქტიკის არსებობაზე?

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საგანმანათლებლო სისტემა და მათ შორის, სახელმძღვანელოები და სასწავლო პროგრამა უნდა ეფუძნებოდეს იმ კულტურულ და, ზოგადად, საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელიც კონკრეტული ქვეყნის ცხოვრებისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი საკითხი, რომელიც, ზოგადად, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საზოგადოებაში და ხდება გარკეული კონფლიქტის თემა, მე ვფიქრობ, რომ არის არასაკმარისი კომუნიკაციის, არასაკმარისი დიალოგის შედეგი. ჩვენ პოსტფაქტუმ ვნახეთ, რომ მიღებული  სახელმძღვანელოების შემთხვევაში, შემდგომ მოხდა ჩარევა და შეცვლა. ბევრად უმჯობესი იქნებოდა, დასაწყისიდანვე, თვითონ შემუშავების პროცესში ყოფილიყო შეთავაზება არა მხოლოდ ქართული ეკლესიის ჩართვის, არამედ სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებთან მიმართებაში, რადგან ჩვენ ვართ უდიდესი ტრადიციების, უდიდესი მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა და აუცილებელია, რომ როგორც საზოგადო მოღვაწეების და დარგის ექსპერტების ჩართულობა, ასევე, მშობელთა ჩართულობა, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლობა იყოს გათვალისწინებული. მხოლოდ ერთობლივი კონსენსუსით, მხოლოდ საერთო მსჯელობით შეიძლება იყოს მიღებული ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებები, და განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან დარგში, რომელიც ეხება ჩვენი შვილების განათლებასა და განვითარებას.

სეკულარულ სახელმწიფოში რამდენად მისაღებია მსგავსი პრეცედენტის არსებობა? ხომ არ ჯობს, რომ სახელმძღვანელოებით რეალურად ყველა რელიგიის აღმსარებელმა ბავშვმა უნდა ისწავლოს, მათ შორის, მანაც, ვინც არც ერთი რელიგიის აღმსარებელი არ არის…

ვფიქრობ, გადაჭარბებით ხდება აქცენტი სეკულარიზაციის თემაზე. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ეკლესიას საუკუნეების მანძილზე უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებოდა როგორც სახელმწიფო მართვაში, ასევე, საზოგადოებრივი ღირებულებების ჩამოყალიბებაში. აქ არ არის საუბარი, რომ ეკლესია უნდა ერეოდეს უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში. მაგრამ საკონსულტაციო პროცესში, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც როგორც ჩვენ სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციებს… თუკი ჩვენ ვრთავთ საერთაშორისო ორგანზაციებს, თუკი ჩვენ ვრთავთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვფიქრობ, ასევე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ქართული ეკლესიის შეხედულებები.

რამდენად შეიძლება გაკონტროლდეს, ან ვინ გააკონტროლებს, რა ხარისხით ჩაერევა ეკლესია?

ეს არის მსჯელობის საკითხი. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ მსჯელობის პროცესთან დაკავშირებით. აქ არ არის კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებული საკითხები. დიალოგის, მსჯელობის და დისკუსიის საკითხი არის სწორედ ის ფორმატი, როგორც ჩვენ ვმსჯელობთ თუნდაც ევროკავშირის, გაეროს და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გვავალდებულებს კონკრეტული რეკომენდაციის მიღებას, მაგრამ ეს არის საკონსულტაციო პროცესი, რომელიც საბოლოოდ უზრუნველყოფს მაქსიმალურად უკეთეს შედეგამდე მისვლას, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე.

თუკი რაიმე პრობლემა ყოფილა საგანმანათლებლო სისტემაში, გასაკუთრებით, ცხოვრების ჯანსაღი წესის და სამოქალაქო განათლების თემებთან დაკავშირებით, თუკი რაღაც პრეტენზია ან უკმაყოფილება გაჟღერებულა, როგორც საზოგადოებაში, ასევე უფრო ფართო ფენებში, სწორედ, მე ვფიქრობ, რომ იყო გამოწვეული არასათანადო კონსულტაციით თვითონ პროგრამების შემუშავების პროცესში. მე მხოლოდ მივესალმები ფართო დისკუსიას, მაქსიმალურ ჩართულობას, მათ შორის, ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლების.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემაზე რომ გადავიდეთ, ბოლო პერიოდში გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა, გაუქმდეს ერთიანი ეროვნული გამოცდები, რადგან მან თავისი გასაკეთებელი საქმე უკვე შეასრულა და ახლა უნივერსიტეტებს ხომ არ მივცეთ შესაძლებლობა, თავად განსაზღვრონ, რომელ კანდიდატებს მიიღებენ და ვის – არა. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა შენარჩუნდეს თუ არა ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა?

ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა უნდა შენარჩუნდეს თუნდაც რამდენიმე წლის პერსპექტივაში, რადგან მსგავსი დონის რეფორმა მოითხოვს გრძელვადიან დაგეგმარებას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველა შესაძლო ცვლილების შედეგი, რომელიც აისახება კონკრეტული ბავშვების, კონკრეტული ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებაზე და დღევანდელი აბიტურიენტების გეგმებზე. მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად არსებობს შესაძლებლობა, რომ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიღების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს. არსებობს უამრავი გამოცდილება, გვაქვს დასავლეთ ევროპის ქვეყნების, შეერთებული შტატების და სხვადასხვა წამყვანი საგანმანათლებლო სისტემებისა და უნივერსიტეტების გამცდილება მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ძალიან სერიოზულ ანალიზს მოითხოვს და შესაძლებელია, ამ თემაზე ჩვენ დავიწყოთ რეალური დიალოგი. მე, რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავითვალისწინებ სხვადასხვა აკადემიური წრეების აზრს და პირადად ვუხელმძღვანელებ ამ საკითხებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის შემუშავებას განათლების სამინისტროსთან ძალიან მჭიდრო კონსულტაციით.

მარიამ ჯაში. ფოტო: ფეისბუკის გვერდიდან "მარიამ ჯაში სამგორის მაჟორიტარი"

მარიამ ჯაში. ფოტო: ფეისბუკის გვერდიდან “მარიამ ჯაში სამგორის მაჟორიტარი”

მასალების გადაბეჭდვის წესი