ახალი ამბები

პრეზიდენტი მზადაა, ვარძიაში ფრესკების აღდგენისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყოს

9 ნოემბერი, 2016 • 1335
პრეზიდენტი მზადაა, ვარძიაში ფრესკების აღდგენისთვის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყოს

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მზად არის, რომ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ვარძიაში დაზიანებული ფრესკების აღდგენისთვის თანხები გამოყოს. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში განაცხადა.

“ეს [ფრესკების დაზიანება] არის შედეგი  იმისა, რომ ბოლომდე ვერ მოხდა ორი ფენომენის ჰარმონიზაცია: ერთი მხრივ, იმ ბუნებრივი საკუთრებისა, რომელიც აქვს ეკლესიას (ბუნებრივია, ეკლესია უნდა ეკუთვნოდეს ეკლესიას), ხოლო მეორე, იმ ბუნებრივი პასუხისმგებლობისა, რომელიც გააჩნია ხელისუფლებას (მას უნდა ჰქონდეს ამის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა). ეს ტაძრები ერთდროულად გვეკუთვნის ჩვენც, წინაპრებსაც და შთამომავლებსაც, როგორც სულიერი, ისე ხელოვნების  და კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით. მე რამდენადაც ვხედავ, პირველი ეტაპი არის ამ ტრაგედიის გააზრება. ამ კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის ნაწილში, რაც შეიძლება ეფექტურად აღდგენისათვის ჩვენ დავეხმარებით საპრეზიდენტო ფონდიდან, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ დიდი დანაკლისიდან გამომდინარე ჩვენ უფრო ღირებულებით დისკუსიაში შევალთ: ერთდროულად რანაირად განახორციელოს ეკლესიამ თავისი ისტორიული მისია (სადაც შესაძლებელია ეკლესიაში ხორციელდებოდეს ღვთისმსახურება), ხოლო, მეორე მხრივ, დაცული იყოს და სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას კულტურული ძეგლები. იმედი მაქვს, რომ ამ ემოციის შემდეგ დაიწყება უფრო კვალიფიციური დისკუსია”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ვარძიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ფრესკების დაზიანების ფაქტზე შსს საქმეს სსკ-ის 188-3 მუხლით, სხვისი ნივთის განადგურების ან დაზიანების მუხლით იძიებს, რაც ისჯება ჯარიმით ან ორი წლით გამასწორებელი სამუშაოთი, ან თავისუფლების შეზღუდვით ორიდან სამ წლამდე. შსს-ში ვერ გვპასუხობენ, რატომ არ გადაკვალიფიცირდა საქმე და რატომ არ მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რაც კონკრეტულად კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს. შსს-ში აცხადებენ, რომ ამის შესახებ, სავარაუდოდ, პროკურატურა იმსჯელებს, თუმცა პროკურატურაში საქმის მასალები ჯერ არ ჩაუბარებიათ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე აცხადებს, რომ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხანძრის გამო დაზიანებულმა ფრესკებმა გაწმენის შედეგად შესაძლებალია ხანძრამდელი სახე დაიბრუნოს, თუმცა გაწმენდითი სამუშაოების მოსალოდნელ შედეგებზე გადაჭრით საუბარი თავად ადგილზე მომუშავე რესტავრატორებს უჭირთ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ბოლო რამდენიმე წელია ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გადარჩენის გეგმას ახორციელებს. ამ ეტაპზე ტაძრის მხატვრობის ასეთი მასშტაბური რესტავრაცია არ იყო დაგეგმილი, თუმცა, როგორც ანთიძე ამბობს, აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ ფრესკების კონსერვაციის პროცესი დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი