ახალი ამბები

თბილისში კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება 5 მლნ 800 ათასი ლარით შემცირდა

8 ნოემბერი, 2016 • 1514
თბილისში კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება 5 მლნ 800 ათასი ლარით შემცირდა

თბილისში კომუნალური ვაუჩერების დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი 5 მილიონ 800 ათასი ლარით შემცირდა. შესაბამისი ცვლილება დედაქალაქის ბიუჯეტში დღეს, 8 ნოემბერს შევიდა.

თბილისის საკრებულომ 2016 წლის  ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი 28 ხმით 13 ის წინააღმდეგ  დაამტკიცა. პროექტი 14 მილიონ 585 ათასი ლარის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

ბიუჯეტის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ასიგნებებში მოძიებულმა რესურსმა შეადგინა 14 მლნ 585 ათასი ლარი. ამ თანხის ყველაზე დიდი ნაწილი,  8 მლნ 498 ათასი ლარი გამოიყო სკოლამდელი დაწესებულებების ხელშეწყობისთვის; 2 მლნ 183 ათასი გამოიყო სოციალური დახმარებებისთვის; c ჰეპატიტის დიაგნოსტიკის პროგრამას დაემატა 650 ათასი ლარი; 295 ათასი ლარი გამოიყო დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა საკომპენსაციოდ;

შესაბამისად, ბიუჯეტში მოძიებული რესურსების ფარგლებში 5 მლნ 800 ათასი ლარით შემცირდა კომუნალური ვაუჩერების პროგრამის ბიუჯეტი; 1 მლნ 97 ათასი ლარით შემცირდა რაიონებში გზების მოვლა-შეკეთების ქვეპროგრამის ბიუჯეტი; 1 მლნ 410 ათასი ლარით შემცირდა ეკონომიკური განვითარების პროგრამების ბიუჯეტი;  660 ათასი ლარით შემცირდა ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრების პროგრამის ბიუჯეტი.

ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარი არ დაუჭირა საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.

“გამგეობებმა თანხები “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატების სასარგებლოდ დახარჯეს, სოციალური დახმარებები გასცეს. სტატისტიკის თანახმად, სხვა თვეებში გაცემულ თანხებზე ორჯერ, სამჯერ მეტი გასცეს წინასაარჩევნოდ. ახლა უნდათ სხვადასხვა გზით ამ პროგრამების ბიუეჯტის შევსება. ეს არის რეალობა. ასე აკეთებდა ყველა ხელისუფლება და “ქართულმა ოცნებამ” წინა ხელისუფლებების მანკიერი წესი გადმოიღო,” – აღნიშნავს ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილის თქმით, იმ ფონზე, როცა თბილისში უამრავი შენობა-ნაგებობა საჭიროებს გამაგრებას, ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრების პროგრამის ბიუჯეტი 660 ათასი ლარით არ უნდა მცირდებოდეს.

ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებას მხარი არ დაუჭირა  “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ.  ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ხელისუფლება იმ პროგრამების ბიუჯეტის შევსებას ცდილობს, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში გადახარჯა:

“ამ ცვლილებებით თბილისის მერიამ დაადასტურა, რომ მათი პრიორიტეტი არ არის უმუშევრობის შემცირება, მათი პრიორიტეტი არ არის ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება, ისინი არ აპირებენ, სოციალურად დაუცველებს კომუნალური ვაუჩერები დაუფინანსონ და ამ პროგრამის დაფინანსებაც შემაცირეს. სამაგიეროდ, ეს თანხები მოხმარდება იმ პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც წინასაარჩევნოდ გადახარჯეს “ქართული ოცნების” საარჩევნო მიზნებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დავუჭირეთ.”

ბიუჯეტის შესწორებას მხარი არც “რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციამ დაუჭირა. ხათუნა სამნიძის თქმით, საკრებულოში არსებობს ბიუჯეტის განხილვის მახინჯი პრაქტიკა, რაც ცვლილებების დაჩქარებული წესით, სიღრმისეული დისკუსიის გარეშე მიღებაში გამოიხატება.

“ბევრი ინფორმაცია აკლია ბიუჯეტის  პროექტს. ჩვენ მოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია. ბაგების სააგენტოს გამოუყვეს რვა მილიონ ლარზე მეტი და დეტალურად არ არის ნაჩვენები, რისთვისაა საჭირო თანხა.  მოვისმინეთ ზეპირი განმარტებები, რომ დამთავრდა ბაღების მშენებლობა, მოიმატა ბავშვების რაოდენობამ, გაიზარდა პერსონალი და ა.შ. ვთხოვეთ, რომელი ბაღი სად დამთავრდა, გვაჩვენეთ ბავშვების ზრდის დინამიკა, რამდენით გაიზარდა საშტატო ერთეული და სხვა. ეს დეტალური ინფორმაცია სხდომის დაწყებამდე არ მოგვაწოდეს. წინა ხელისუფლება ბაგა-ბაღებს საარჩევნო მიზნებისთვის იყენებდა, გამგეებს, პედაგოგებს ნიშანვდნენ კოორდინატორებად. აქაც ჩანს, რომ გამჭვირვალე არ არის ეს ხარჯი. ”

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ჯაბა სამუშიას განცხადებით, ბიუჯეტში ცვლილებები საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გამო აქამდე ვერ შეიტანეს:

“წლის განამვლობაში შვიდი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, რომელთა ფუნქციონირება დაიწყო სექტემბრიდან. იქიდან გმაომდინარე, რომ საარჩევნო კოდექსით, აგვისტოს შემდეგ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა აკრძალული იყო, საჭირო ხარჯს სააგენტო იმ თანხიდან გადიოდა, რაც მის ბალანსზე ირიცხებოდა.”

ქალაქის ვიცემერის განცხადებით, წლის განმავლობაში ბიუჯეტის კორექტირება ნორმალური პროცესია:

“როცა პროექტებს აფინანსებ, შემდეგ შეიძლება ეკონომია წარმოიშვას. სწორია და მიზანშეწონილია, რომ ეკონომიების აკუმულრიება მოახდინო და სხვა პრიორიტეტში გადაიტანო. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა პროექტებს დააკლდა თანხა. კონკრეტული მუხლებიდან ამოვიღეთ მორჩენილი თანხა. წინასაარჩევნოდ, წინასწარ ვერ დავხარჯავდით თანხას, ეს არგუმენტი გაუმართლებელია. ვერც ერთი სტრუქტურული ერთეული აიღებს ვალდებულებას, თუ ბიუჯეტში არ არის თანხა გათვალისწინებული,” – აცხადებს ლაშა აბაშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი