ახალი ამბებიკინო

მარიამ ჭაჭიას ფილმი სმენადაქვეითებულ ბავშვებზე ლაიფციგის ფესტივალის პრიზიორია

8 ნოემბერი, 2016 • 3108
მარიამ ჭაჭიას ფილმი სმენადაქვეითებულ ბავშვებზე ლაიფციგის ფესტივალის პრიზიორია

ქართველი რეჟისორის, მარიამ ჭაჭიას ფილმი “მოუსმინე სიჩუმეს” ლაიფციგის რიგით 59-ე საერთაშორისო დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალის ერთ-ერთი სექციის, Next Master-ის (მომავლის ოსტატები) გამარჯვებული გახდა. ფილმი ჟიურის წევრებმა 11 კონკურსანტს შორის გამოარჩიეს და 6 ნოემბერს ფესტივალის პრიზით, “ოქროს მტრედით” დააჯილდოეს. “მოუსმინე სიჩუმეს” საქართველოში პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უჩვენებენ.

დოკუმენტური ფილმი სმენადაქვეითებული ბიჭის ცხოვრების შესახებ გვიამბობს, რომელიც ცდილობს, ცეკვა ისწავლოს.

“ფილმის გადაღებები 2014 წლიდან, დაახლოებით 1 წლის განმავლობაში, თბილისის 203-ე საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, სადაც სმენადაქვეითებული და ყრუ ბავშვები სწავლობენ. ჩვენი გმირი ლუკა ფოცხვერაშვილია, რომლის ოცნებაა, რომ იცეკვოს და რადგან სმენა დაქვვეითებული აქვს, ამიტომ მათემატიკური გამოთვლებით იმახსოვრებს რიტმს. მეტაფორულად ასე გადმოვეცი, თუ როგორ ცდილობენ ეს ბავშვები ჩვენს დიდ, ხმაურიან სამყაროში შემოღწევას,” – ამბობს მარიამ ჭაჭია.

ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებულია. გადაღებები კინოცენტრისა და კატარის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წლამდე გრძელდებოდა. მარიამის თქმით, სამომავლოდ დოჰას კინოფესტივალზე “ჰაიდელბერგ ცემენტის” დახმარებით ფილმის მთავარი გმირიც გაემგზავრება.

მარიამ ჭაჭიამ პირველი ფილმი 2013 წელს გადაიღო. ამ ეტაპაზე მხოლოდ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობს. დარწმუნებულია, რომ მისი ფილმის გამარჯვება ქართული კინოხელოვანებისათვისაც სასარგებლო იქნება:

“ლაიფციგის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა დოკუმენტური ფილმებისათვის. ეს გამარჯვება მხოლოდ ჩვენი ფილმისთვის არა, ზოგადად, ქართული კინოსთვის არის მნიშვნელოვანი. ქართული კინო მოექცა ყურადღების ქვეშ და ქართველი რეჟისორებისთვის მსგავსი გამარჯვებები გზის გაკვლევის საშუალება ხდება,” – ამბობს რეჟისორი.

LISTEN TO THE SILENCE TRAILER from OpyoDoc on Vimeo.

მასალების გადაბეჭდვის წესი