ახალი ამბებისაზოგადოება

არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხარვეზები

10 ნოემბერი, 2016 • 2512
არაქართულენოვანი სტუდენტებისთვის ქართულ ენაში მომზადების პროგრამის ხარვეზები

ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველმა ეთნიკურმა უმცირესობებმა ქართულ ენაში მომზადების ერთწლიანი პროგრამა უნდა გაიარონ, რის შემდეგაც ქვეყანაში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებზე სასურველი საბაკალავრო კურსის გავლას შეძლებენ. რა ხარვეზებია პროგრამაში – ამის შესახებ კვლევა “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა” მოამზადა.

კვლევამ, რომელიც 2016 წლის მაისში ჩატარდა, გამოავლინა, რომ პროგრამის მთავარი ხარვეზი უნივერსალური მიდგომაა. კერძოდ, პროგრამით არ დგინდება სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის დონე და სასწავლო კურსი ყველასთვის იდენტურია.  სტუდენტები, რომლებსაც საერთოდ არ გააჩნიათ ქართული ენის საბაზისო ცოდნა და სტუდენტები, რომლებსაც ქართულად გამართული კომუნიკაცია შეუძლიათ – ერთსა და იმავე სწავლებას გადიან. “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის” კვლევის მიხედვით, ეს მიდგომა განსაკუთრებით მტკივნეულად სწორედ ამ ორ ჯგუფში ვლინდება:

“პირველნი ვერ ახერხებენ აკადემიური ენის განვითარებას და სოციალური უნარების შეძენას პროგრამის ფარგლებში. უკანასკნელნი კი ვერ ავითარებენ ენობრივ კომპეტენციას დროის შეზღუდულ პერიოდში” – ვკითხულობთ კვლევაში.

პრობლემაა პროგრამის მოკლევადიანი ხასიათიც. მკვლევართა აზრით, ერთი წელი არაა საკმარისი ენის ისეთ დონეზე შესწავლისთვის, რომ სტუდენტმა უკვე შემდგომ, საბაკალავრო საფეხურზე, სრულყოფილად შეძლოს საკუთარი უნარების გამოვლენა. ეს პრობლემა განსაკუთრებით მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებების სტუდენტებში ვლინდება.

კერძოდ, 2011 წელს მათემატიკისა და ზუსტი მეცნიერებების ფაკულტეტზე 13-მა არაქართულენოვანმა სტუდენტმა ჩააბარა, თუმცა სასწავლო კურსი არც ერთს დაუსრულებია. მსგავსი ტენდენციაა სამედიცინო ფაკულტეტზეც. ეკონომიკური და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება კი 50-მა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა ბაკალავრის ხარისხის მოპოვება მხოლოდ ერთმა შეძლო.

კვლევა, რომლის ფარგლებშიც 276 სტუდენტი გამოიკითხა, გვიჩვენებს, რომ ქართულში მომზადების პროგრამაში ჩართული სტუდენტები ლექტორების კომპეტენციას ცალსახად პოზიტიურად აფასებენ. თუმცა, ეს იმ ფონზე, როცა ამ მიმართულებით უმაღლეს სასწვლებლებში პერსონალის განვითარების თვალსაზრისით განხორციელებული აქტივობები ნაკლებადაა შესამჩნევი. ხოლო კითხვაზე, რამდენადაა პროგრამა მორგებული სტუდენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოკითხულთა 15-მა პროცენტმა არ უპასუხა, ან უარყოფითი შედეგი დააფიქსირა. სამედიცინო უნივერსიტეტში გამოკითხულთა 21%-მა ამ კომპონენტს 5-ქულიან სისტემაში 1 ან 2-ქულიანი შეფასება მიანიჭა.

შემსწავლელი ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის შემსწავლელი კვლევი პრეზენტაცია 08.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

შემსწავლელი ერთწლიანი პროგრამის ეფექტურობის შემსწავლელი კვლევი პრეზენტაცია 08.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

სწორედ ქართული ენის სწავლების პროგრამის ამ ხარვეზებს ასახელებენ კვლევის ავტორები არაქართულენოვანი სტუდენტების მიერ სწავლის მიტოვების მიზეზად. “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი” მიიჩნევს, რომ ერთწლიანი კურსი არაა საკმარისი იმისთვის, რომ ქართული ენის ფლობის დონე სათანადოდ განვითარდეს, რაც საბაკალავრო საფეხურზე ამ სტუდენტების აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სწორედ დაბალი აკადემიური მიღწევებით არის განპირობებეული მაღალი მიტოვების მაჩვენებელი, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პროგრამაში ჩართული აბიტურიენტების რაოდენობაზე.

2010-2015 წლებში სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონის შესაბამისად 19 544 ადგილი გამოიყო, თუმცა რეალურად 3 742 სტუდენტი ჩაირიცხა. ზოგადად, ყოველწლიურად სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტებისთვის აბიტურიენტთა სრული რაოდენობის 5-5 პროცენტი უნდა იყოს გამოყოფილი, თუმცა, რეალურად, ისინი ამ კვოტის შევსებას ვერ ახერხებენ.

გარდა უკვე დასახელებული მიზეზებისა, არაქართულენოვანი სტუდენტების სიმცირეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მინიმალური ბარიერის გადალახვის პრობლემაც განაპირობებს. კვლევამ გამოავლინა, რომ საშუალოდ ზოგადი უნარების გამოცდაზე სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტების 30% იჭრება. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი არაქართულენოვან სკოლებში სწავლებისას უნარებზე აქცენტირების ნაკლებობაა და ამ კუთხით ცვლილებების განხორციელებაა საჭირო.

გამომდინარე იმ შედეგებიდან, რომლებიც კვლევამ გამოავლინა, ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოს, აბიტურიენტთა მოსაზიდად აქტიური პიარკამპანიის წარმოებისკენ განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში. ამასთანავე, განისაზღვროს ქართული ენის ფლობის დონე და ამ დონის შესაბამისი კურსი მიაწოდონ სტუდენტებს. “სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი” ფიქრობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მისაღები გამოცდების დროს აბიტურიენტებმა ქართული ენის გამოცდა ჩააბარონ, რომელიც გავლენას არ მოახდენს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩარიცხვასა და გრანტის განაწილებაში, თუმცა საშუალებას მისცემს უნივერსიტეტს და სტუდენტს, დაადგინოს ქართული ენის ფლობის დონე.

მასალების გადაბეჭდვის წესი