ახალი ამბებიეკონომიკა

რა ინტერესები აქვთ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ ბიზნესკომპანიებს

8 ნოემბერი, 2016 • 2110
რა ინტერესები აქვთ რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულ ბიზნესკომპანიებს

დღეს, 8 ნოემბერს, თბილისში გაიხსნა და 11 ნოემბრამდე გასტანს ქართული და რუსული კომპანიების ბიზნესფორუმი, რომელიც “საქართველოს დამსაქმებელთა ორგანიზაციის” ორგანიზებით იმართება.

ფორუმის ჩატარების ინიციატორი რუსული კომპანია “ინტერექსპოა“, რომელმაც დახმარებისათვის ასოციაციის წევრი კომპანიის, “უნივერს ბიზნეს ჯგუფის” ხელმძღვანელს, რომან ბადალიანს მიმართა და რუსეთიდან კომპანიების ჩამოყვანას ორგანიზება დამოუკიდებლად გაუწია. თბილისში ათამდე რუსული კომპანია ძირითადად ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სამშენებლო და წყალგაყვანილობის სფეროდან ჩამოვიდნენ. მათ დამსაქმებელთა ასოციაციის წევრებისთვის საკუთარი შეთავაზებების შესახებ პრეზენტაცია დღეს გამართეს.

როგორც ბადალიანი ამბობს, ფორუმი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად იმართება და მას არაფერი აკავშირებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ დაანონსებულ ბიზნესშეხვედრებთან, თუმცა 10 ნოემბერს დაგეგმილია ბიზნესმენების ვიზიტი საქართველოს ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სამინისტროებში.

“ნოვოსიბირსკიდან დამიკავშირდა კომპანია “ინტერექსპოს” წარმომადგენელი და შემომთავაზა, რომ ჩამოიყვანდა ბიზნესმენების ჯგუფს და დაგვეგეგმა ბიზნესფორუმი. ჯერ პრეზენტაციებზე წარადგენენ თავიანთ კომპანიებს და შემდეგ უკვე პირადად შეხვდებიან დაინტერესებული კომპანიები ერთმანეთს. ამ შეხვედრებს არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფოსთან, ეს პროექტი დამოუკიდებლად დაიგეგმა,” – აცხადებს ბადალიანი.

ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომან ბანდალიანი. 08.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

ბიზნეს ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომან ბანდალიანი. 08.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

რუსული კომპანიის, “ინტერექსპოს” წარმომადგენელი მარინა ჩეკალინა ამბობს, რომ საქართველო რუსული კომპანიებისათვის საინტერესო ბაზარია და ბიზნესის კეთების კუთხით ქვეყანაში მიმზიდველი გარემოა, ამიტომ სურთ ქართულ კომპანიებთან აქტიურად ითანამშრომლონ:

“ენერგეტიკის სფეროში გვაქვს რამდენიმე პროექტი, რომელსაც შევთავაზებთ დღეს სტუმრებს და იმედი გვაქვს, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოთქვამენ. საქართველოში უკვე არიან რუსული კომპანიები, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ,” – ამბობს ჩეკალინა.

კომპანია “ელსის” წარმომადგენლის, ალექსანდრე ლუკინის თქმით, მისი კომპანია, რომელიც ჰიდროელექტროსადგურებისთვის ინფრასტრუქტურას აწარმოებს, უკვე ერთი წელია საქართველოში ოპერირებს და ამ ეტაპზე გეგმავს, თანამშრომლობის არეალი გააფართოოს:

“ჩვენ უკვე 1 წელზე მეტია ქობულეთში ვმუშაობთ კინტრიშის ჰესზე. გვინდა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და გავამყაროთ თანამშრომლობა საქართველოში სხვა კომპანიებთან. დღევანდელი პრეზენტაციით იმედი გვაქვს, რომ ახალ პარტნიორებს ვიპოვით,” – ამბობს ლუკინი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ “თელასის”, “ენერგოპროს” წარმომადგენლები, ასევე, ავეჯის დამამზადებელი კომპანიების ასოციაცია, “საქკაბელი” და სხვა საქართველოში მოქმედი და ასოციაციის წევრი კომპანიები.

“ფორუმში ვმონაწილეობთ იმ მიზნით, რომ დამყარდეს კავშირები იმ სფეროებში, რომლებიც საინტერესოა ორივე მხრისთვის. ეს სფეროებია ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ინფრასტრუქტურა. მედიაჰოლდინგიცაა წარმოდგენელი, რომელიც დაინტერესებულია ქართული ბიზნესის რეკლამირებით რუსეთში, ამიტომ შეხვედრაში მონაწილეობა ჩვენთვის საინტერესოა,” – აცხადებს საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგაძე.

თბილისში ბიზნესმენების ჯგუფთან ერთად მედიაჰოლდინგ “კომსომოლსკაია პრავდას” წარმომადგენელიც ჩამოვიდა, რომელიც ქართულ ბიზნესს რუსულ მედიაში რეკლამას სთავაზობს. ასევე, წარმოდგენელია კომპანია “კომბესტი”, რომელიც კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის მილებსა და სხვა დეტალებს აწარმოებს. კომპანია “რასა” კი ქართველ ბიზნესმენებს წყლის ფილტრების მიწოდებას და ეკოლოგიური სისუფთავის დაცვის ტექნოლოგიების დანერგვაში დახმარებას ჰპირდება.

საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმი დამსაქმებელთა ასოციაციაში. 08.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველო-რუსეთის ბიზნეს ფორუმი დამსაქმებელთა ასოციაციაში. 08.11.16 ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი