ახალი ამბები

ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქესა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შორის – ომბუდსმენის მიმართვა პროკურატურას

8 ნოემბერი, 2016 • 1750
ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქესა და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებს შორის – ომბუდსმენის მიმართვა პროკურატურას

საქართველოს სახალხო დამცველმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ მოქალაქის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურას გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.

ფინანსურ პოლიციაში კი განაცხადეს, რომ ომბუდსმენის განცხადება არის “ცალმხრივი, სუბიექტური, არ ასახავს მომხდარი ფაქტის რეალურ გარემოებას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში”.

საქმე ეხება 2016 წლის 31 ოქტომბერს თბილისში მომხდარ ფაქტს, რომელზეც, შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, 2016 წლის 3 ნოემბერს „ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ მოთავსებულმა შ.კ.-მ, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ამ საქმეზე არის ბრალდებული, ომბუდსმენს განუცხადა, რომ მასზე ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა იძალადეს.

“[შ..-მ] საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულთან საუბარში განაცხადა, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს საცხოვრებელ სახლთან ახლოს შევიდა „პოპულის“ მაღაზიაში, სადაც გამყიდველს მისთვის საინტერესო პროდუქტის ფასი ჰკითხა. ამ ქმედებაზე რიგში მდგარმა ორმა უცნობმა პიროვნებამ უხეშად მიმართა რიგის დარღვევის გამო. შ.კ.–ს ცნობით, უცნობმა პირებმა განუცხადეს, რომ ისინი, მიუხედავად სამოქალაქო ფორმისა, იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. უცნობებმა შ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შედეგად ბრალდებულმა გონება დაკარგა,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

ასევე, ომბუდსმენის განცხადებით, ბრალდებულს სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება: კისერზე მარჯვნივ ექსკორიაცია დაფარული ფუფხით, ორივე თვალის ქვედა მარცხენა ქუთუთოზე ჰემატომა, ცხვირზე მოწითალო–იისფერი სისხლნაჟღენთი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კი აცხადებს, რომ ფინანსური პოლიციის ორ თანამშრომელს თავს დაესხა სამი პირი, რომლებმაც ერთ-ერთ თანამშრომელს ცივი იარაღით მიაყენეს დაზიანება

“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ორ თანამშრომელს თავს დაესხა სამი მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთმა ცივი იარაღით უმძიმესი ჭრილობა მიაყენა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელს. მას ჩაუტარდა თირკმლის ურთულესი ოპერაცია, თუმცა მდგომარეობის დამძიმების გამო საჭირო გახდა თირკმლის ამოკვეთა. ამჟამად საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყება სახალხო დამცველს მოუწოდებს, თავი შეიკავოს “ცალმხრივი, გადაუმოწმებელი და სრულიად არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან”.

საგამოძიებო სამსახურის განცხადების პასუხად ომბუდსმენი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული შესწავლის შედეგები არ გამორიცხავს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შინაარსს, მათ შორის მოქალაქე შ.კ.-ს მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტს. მათივე განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურისათვის სახალხო დამცველის მიმართვის მიზანი დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის გამზრახ მძიმე დაზიანების მუხლით (სსკ-ის 117-ე მუხლი) მიმდინარეობს და საქმეზე ერთი პირი არის დაკავებული. მათივე ცნობით, საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი