ახალი ამბებიკომენტარი

ბარამიძე: სააკაშვილი უკრაინაში ახალ, ძლიერ პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში

7 ნოემბერი, 2016 • 1782
ბარამიძე: სააკაშვილი უკრაინაში ახალ, ძლიერ პოლიტიკურ მოძრაობას ჩაუდგება სათავეში

გადადგომა არ ნიშნავს პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას, პირიქით, ეს იქნება ახალი, დიდი პოლიტიკური მოძრაობის დასაწყისი უკრაინაში, – ასე გამოეხმაურა ნეტგაზეთთან საუბრისას ენმ–ის წევრი გიორგი ბარამიძე მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების მიერ უკრაინაში დაკავებული პოსტების დატოვებას.

როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები უკრაინაში თანამდებობებისთვის და ფულისთვის არ ჩასულან. ბარამიძის თქმით, მათი ერთადერთი მიზანი უკრაინის დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირება და სახელმწიფოს გაძლიერება იყო, რაც საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია.

“რეფორმირება უკრაინას მისცემს საშუალებას, რომ მოიგერიოს რუსეთის აგრესია, ხოლო რუსეთის აგრესიას თუ შევაჩერებთ უკრაინაში, ეს მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოსაც – ეს ყველაფერი ურთიერთკავშირშია. აქედან გამომდინარე, მათი ამოცანა და ფუნქცია იყო არა თანამდებობებზე ჯდომა და სხვადასხვა სიკეთის მიღება, რაც უკრაინაში გამეფებული კორუფციის გამო ძალიან ადვილია გააკეთოს მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, არამდეს საქმის კეთება და რეფორმების ხელშეწყობა,” – ამბობს ბარამიძე.

მისი თქმით, უკრაინაში რეფორმების გატარება ნაწილობრივ მოხერხდა, ხოლო ამის მაგალითად პოლიცია მოჰყავს:

“ახალი პოლიცია ჩამოყალიბდა და ის ფუნქციონირებს, თუმცა ბევრ სხვა სფეროში ეს რეფორმები ხელოვნურად გააჩერეს. სხვაგანაც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ამას არ ჰქონდა სისტემური და ისეთი ხასიათი, როგორიც ამან ჩვენთან მიიღო თავის დროზე და საგრძნობლად შეიცვალა სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის ფუნქციონირება. ეს რომ არ მოჰყვა, მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ ამბობდა, რომ ასე გაგრძელება დიდხანს შეუძლებელია და ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. დღეს მან ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩამოაყალიბა კიდევაც, თუ რატომ მიდის თანამდებობიდან – მას მობეზრდა ამდენი ტყუილები და დაპირებები რეფორმების მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ის გრძნობს პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ჰპირდებოდა, რომ გატარდებოდა ეს რეფორმები და არ აპირებს, რომ ეს ხალხი მოატყუოს.

როგორც ბარამიძე აცხადებს, გადადგომა არ ნიშნავს პოლიტიკური ბრძოლის შეწყვეტას და  ფიქრობს, რომ მისი თანაგუნდელების მიერ დაკავებული პოსტების დატოვება იქნება ახალი დიდი პოლიტიკური მოძრაობის დასაწყისი უკრაინაში.

“მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი არის პოლიტიკურ დევნილობაში საქართველოდან. საქართველოს მთავრობამ არ მისცა მათ აქ ყოფნის საშუალება, ამიტომ ისინი იძულებული გახდნენ, წასულიყვნენ უკრაინაში, სადაც ბრძოლა მიდის რუსეთის იგივე იმპერიული ინტერესების წინააღმდეგ, რისი საფრთხეც გვაქვს საქართველოში. მათ მიიღეს უკრაინის მოქალაქეობა იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. შესაბამისად, როგორც უკრაინის მოქალაქეებს, აქვთ პოლიტიკური საქმიანობის უფლება,” – ამბობს ბარამიძე.

გიორგი ბარამიძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში შეძლებს თანამოაზრეების შემოკრებას და სათავეში ჩაუდგება ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას:

“სააკაშვილს ჩამოყალიბებული ჰქონდა ანტიკორუფციული “მოძრაობა განწმენდისათვის”, რომელმაც წინა უკრაინის პრემიერ–მინისტრი არსენ იაცენიკი აიძულა, გადამდგარიყო. ამ ხნის განმავლობაში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, პიროვნებები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მოქალაქეები ერთიანდებოდნენ მიხეილ სააკაშვილისა და მისი იდეების გარშემო. დარწმუნებული ვარ, ახლა სააკაშვილი შეძლებს, რომ ამ ადამიანებს თავი მოუყაროს და ჩაუდგეს სათავეში ძლიერ პოლიტიკურ მოძრაობას უკრაინაში.”

გასულ კვირას უკრაინის გენერალური პროკურორის პირველ მოადგილეს, დავით საყვარელიძეს “მწვანე ბრილიანტი” შეასხეს სახეში, თუმცა პოლიტიკოსების მიმართ პრეტენზიები  მხოლოდ მოსახლეობას არ აქვს. მანამდე მიხეილ სააკაშვილს მმართველი გუნდის წევრები დაუპირისპირდნენ, მათ შორის შს მინისტრი, რომელმაც ოდესის გუბერნატორს ჭიქა ესროლა. როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს, ისეთ კორუფციულ ქვეყანაში, როგორიც არის უკრაინა, აქმდე მის თანაგუნდელებს ტყვია რომ არ ესროლეს, ისიც საკვირველია.

“ისეთ კორუმპირებულ ქვეყანაში, როგორიც უკრაინაა და სადაც კორუფცია ძვალ-რბილშია გამჯდარი სახელმწიფო ინსტიტუტებში და მთელ პოლიტიკურ ელიტაში, არავის ჰქონდა ილუზია, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა იოლი. საღებავის შესხმა კი არა, ტყვია რომ არ ესროლეს აქამდე, ისიც საკვირველია. მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ ძალიან დიდი რისკია იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ჩვენი გუნდის წევრების წინააღმდეგ ტერაქტიც მოეწყოს. აგერ, საქართველოში ხდება კიდევაც ეს.”

ბარამიძის განცხადებით, ყველა კორუმპირებული პოლიტიკოსისთვის ცხადი იყო, თუ რას გამოიწვევდა უკრაინაში ისეთი ტიპის რეფორმები, როგორიც ნაციონალურმა მოძრაობამ თავის დროზე საქართველოში გაატარა. მისი თქმით, სწორედ ამ რეფორმების წინააღმდეგ წავიდა უკრაინის მთელი პოლიტიკური ელიტა, რომელიც კორუფციით არის მოწამლული.

“ისინი დაკარგავდნენ თავიანთ შემოსავლის წყაროსა და უკონტროლოდ პარპაშის შესაძლებლობას, რომლებსაც დღეს უკრაინაში გაცილებით დიდი შესაძლებლობები აქვთ ფინანსური და ა.შ., ვიდრე ასეთ ადამიანებს ეს ჰქონდათ თავის დროზე საქართველოში. ცხადია, ყველაფერს გააკეთბენ, რომ საღებავიც შეასხან, დააშინონ, შეაშინონ, მათ საწინააღმდეგოდ ხალხიც დარაზმონ, პრესაც და ტელევიზიაც. ეს ძალიან მძლავრი ფენაა პოლიტიკოსების; პრაქტიკულად, უკრაინის მთელი პოლიტიკური ელიტა არის ამით დაავადებული. მათ აქვთ არა მარტო მილიონი დოლარი, ზოგიერთს მილიარდიც კი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, უკრაინაში რამდენი ბიძინა ივანიშვილია ერთად აღებული,” – ამბობს ბარამიძე.

2016 წლის მაისში ეკა ზღულაძემ დატოვა უკრაინის შსს–ის პირველი მოადგილის თანამდებობა, ხოლო მანამდე ალექსანდრე კვიტაშვილი გადადგა დაკავებული პოსტიდან. დღეს, 7 ნოემბერს, ოდესის გუბერნატორმა მიხელ სააკაშვილმა და ამავე ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემაც დატოვეს თანამდებობები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება იმ კორუფციის გამო მიიღო, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ქვეყანაშია, რაც მიზნების მიღწევაში ხელს უშლის. სააკაშვილი უკრაინაში “ბრძოლის ახალ ეტაპს” იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი