ახალი ამბები

სამნიძე: სუს-ის ზეწოლის გამო რესპუბლიკურ პარტიას წევრები ტოვებენ

7 ნოემბერი, 2016 • 1501
სამნიძე: სუს-ის ზეწოლის გამო რესპუბლიკურ პარტიას წევრები ტოვებენ

“რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს, ხათუნა სამნიძეს ეჭვი აქვს, რომ სუს-ისა და “ქართული ოცნების” წევრებისგან ეწოლის გამო რესპუბლიკური პარტიის წევრები საკრებულოებსა და გამგეობებში პარტიას ტოვებენ. ხათუნა სამნიძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პარტია დატოვეს პარტიის რამდენიმე რეგიონული ორგანიზაციის წევრებმა, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებმა. მისი თქმით, ასეთი სისტემური შეტევა პარტიის დასუსტებას ისახავს მიზნად.

რამდენმა ადამიანმა დატოვა პარტია, როგორც თქვენ ამბობთ, ზეწოლის შედეგად?

“ზუსტ მონაცემებს ვერ მოგცემთ. ეს პროცესი დასრულდა, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ იმ ადამიანებთან კომუნიკაციას, ვინც გადაწყვიტა დარჩეს პარტიაში და ზუსტად გვეცოდინება მალე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც ტოვებენ პარტიას, არსებობს საფუძვლიან ეჭვი, რომ მათ სთხოვენ პარტიის დატოვებას საკუთარი თანამდებობების შენარჩუნებისთვის. ეს ტენდენცია ადრეც შეინიშნებოდა, მაგრამ ახლა გაძლიერდა და ახლა უკვე რამდენიმე წევრმა დამიდასტურა, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისიდან არის მოთხოვნა, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ გამგეობებში, სხვადასხვა პოზიციაზე -საშუალო რგოლში იქნება ეს, თუ სხვა თანადებობაზე- მათ სთხოვენ ასე პირდაპირ არა, მაგრამ რეორგანიზაციის დროს აპირებენ მათი სამსახურიდან გათავისუფლებას. ეს ტენდენციაა. მაგალითად, დღეს გადააყენეს ინგა მაღრაძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე. რისი საფუძველიც არის ისეთივე აბსურდული, როგორიც იყო სამი თვის წინ, როცა იყო მცდელობა, რომ ის არ არის კომუნიკაბელური, არავითარი კონკრეტული საკითხი არ არსებობს, რის საფუძველზეც უნდა ხდებოდს ასეთი საკითხის გადაწყვეტა.

გამგეობების სხვადასხვა რგოლში მუშაობენ ადამიანები, რომლებიც არიან პარტიის წევრები ან მხარდამჭერები და მათთანაც ხდება ამ ტიპის დამოკიდებულება. ზუგდიდის გამგეობაში გამოცხადდა რეორგანიზაცია, სადაც წინასწარ მოაწერინეს ხელი, რომ გაუშვებენ სამსახურიდან. ზუსტად იციან რესპუბლიკელებმა, რომ მათ წინააღმდეგ არის ეს მოქმედებები მიმართული.

ამბობთ, რომ დიდი ხანია დაიწყო ზეწოლა, რამდენი ხანია, რაც შეინიშნება ეს ტენდენცია?

ეს საკითხი იდგა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე. მაგალითად, მარტვილისა და აბაშის ორგანიზაციების წევრებმა დატოვეს პარტია და მათ გააკეთეს ბრიფინგი “ქართული ოცნების” ოფისში. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები, რომლებსაც აიძულეს დაეტოვებინათ პარტია წინასაარჩევნოდ, მათ მიმართ მოთხოვნა იყო, არა მარტო დატოვება, არამედ საჯაროდ ამის გაცხადება. ზოგმა ეს გააკეთა, ზოგმა პარტია დატოვა, მაგრამ ამ პროცესს არ დაემორჩილა და განცხადება არ გააკეთა. ეს პროცესი გაძლიერდა განსაკუთრებით ახლა. პარტიის წევრები არ აცხადებენ კონკრეტულ მიზეზს. არ ამბობენ, რომ მათ აქვთ რაიმე ტიპის ტაქტიკური ან ღირებულებითი პრობლემა პარტიასთან. ისინი არიან მაღალი თანამდებობის პირები ზოგან და ასე ფიქრობენ, დაიცავენ თავიანთ თანამდებობებს პარტიის დატოვებით. ინგა მაღრაძის შემთხვევა არის ამის დასტური. ის დარჩა პარტიაში, მაგრამ გადააყენეს, როგორც კი ამის საშუალება მიეცა საკრებულოს.

იმ ადამიანებმა, ვინც დატოვეს პარტია, არ ისაუბრეს მათი წასვლის მიზეზზე?

არავის უთქვამს მიზეზი. საკრებულოებში ჩვენ ვინარჩუნებთ პარტიის წევრებს და თანამდებობის პირებს, რომლებიც თვლიან, რომ უნდა გააგრძელონ პარტიის გაძლიერება იქიდან, სადაც არიან. ვინარჩუნებთ საკრებულოს წევრებს, რესპუბლიკელებს, მაგრამ იმათ, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებიათ. არ ამბობენ კონკრეტულ მოტივს და ეს იმდენად სისტემურად ხდება და იმდენად მიმართულია საკრებულოს წევრებზე, ბუნებრივია, არსებობს ეჭვი, რომ მათთან მუშაობენ ან “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის დავალებით, კონკრეტული ადამიანები, ან სუს-ი, იმიტომ, რომ სუს-ის ჩარევა იყო როგორც თვითმმართველობის არჩვენების დროს, ასევე ამ არჩევნების დროს, ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პროცესებში.

ვინ არიან ზეწოლის აქტორები, სუს-ი თუ “ქართული ოცნება”, თუ შეთანხმებულად მოქმედებს ორივე?

ეს მახინჯი პრაქტიკა, რაც საქართველოში არსებობს, ჩვენი განცხადებებით, ჩვენი რეფორმის წამოწყებით ვერ შევძელით ამ სისტემის დამარცხება, როდესაც “ოდეერები”, როდესაც სუს-ის თანაშრომლები ერევიან პოლიტიკურ პროცესებში. ეს მახინჯი პრაქტიკა გრძელდება ახლაც, მე ამაზე ვლაპარაკობდი კოალიციაში ყოფნის დროს, რაც იყო პრობლემური. იმიტომ, რომ პარტნიორებისთვის მიუღებელი იყო ამაზე ხმამაღლა საუბარი, მაგრამ ეს არ შეცვლილა. თვითმმართველობის დროს ისინი ერეოდნენ სიის ფორმირებაში და მე პირადად მქონდა ამასთან შეხება. ასევე, პარტიის წევრებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ ისინი ისევ ერეოდნენ ამ პროცესებში.

“ქართული ოცნების” ინტერესთანაა დაკავშირებული ზეწოლა?

რიგ შემთხვევებში ამბობენ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის დავალებაა, რომ არ დატოვონ არავინ, ვისაც აქვს სხვა პარტიის კუთვნილება და, რა თქმა უნდა, ამის შემსრულებლებს ვერ დავასახელებ.

ვინ ამბობენ?

პარტიის წევრები, ვინც აკვირდება ამ პროცესს და ვინც რჩება პარტიაში.

მთელი საქართველოს მასშტაბით ტოვებენ პარტიას, თუ რომელიმე რეგიონშია გამოკვეთილი?

არ არის ასე გამოკვეთილად. მაგალითად, გურჯაანის რეგიონულმა ორგანიზაციამ დატოვა პარტია და საჯაროდ განაცხადეს ამის შესახებ. გორში პარტია დატოვა მთელმა ორგანიზაციამ, ვანში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დატოვა პარტია, დუშეთში საკრებულოს თანამდებობის პირმა დატოვა პარტია, ასევე, გარადაბანში.

ამ ყველაფრის მიზანია პოლიტიკური სპექტრის დასუსტება?

რა თქმა უნდა, მიზანია პარტიის შესუსტება. თვითმმართველობის არჩევნები მოდის, პოზიციების შესუსტება პარტიის თვითმმართველობებში განსაკუთრებით. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ვართ რთულ ვითარებაში და ფეხზე უნდა დადგეს პარტია. ჩვენ უკვე დავიწყეთ სერიოზული მუშაობა, გუშინ შედგა პარტიის მთავარი ორგანოს, ეროვნული კომიტეტის შეხვედრა. კომიტეტში შევიდნენ ახალი წევრები ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, არის რამდენიმე ძალიან აქტიური წევრი. ეს არის პირველი ნაბიჯი განახლებისკენ, ახალი ადამიანების გააქტიურებისკენ და პარტიამ უკვე შეიმუშავა გეგმა, რომელიც დამტკიცებული არ არის და პირველ ნაბიჯებს ვდგამთ იმისკენ, რომ გაძლიერდეს, რთული ვითარებიდან გამოვიდეს და დაიწყოს მზადება თვითმმართველობის არჩვენებისთვის და არა მარტო ამისთვის, ჩვენ უნდა მოვიპოვოთ თავიდან ჩვენი ამომრჩევლის ნდობა, ჩვენი დაშვებული შეცდომები ჩვენ თვითონ უნდა გავაანალიზოთ.

ახალი წევრებით პარტიის გაძლიერება არის თქვენი მთავარი იარაღი ამ ზეწოლის საპასუხოდ?

ჩვენი იარაღი ზეწოლის წინაღმდეგ, განცხადებების წინააღმდეგ, ასევე ლიდერების მიერ პარტიის დატოვება,  ამ სირთულეების წინააღმდეგ პარტიამ უნდა გააძლიეროს ახალი ძალები, ეს ისედაც იყო ჩვენი ერთ-ერთი გადაწყვეტილება, არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ ისედაც დავიწყეთ ამაზე ფიქრი და მზადება. სტრუქტურული ცვლილებები პარტიაში, რეფორმები შიდაპარტიული დემოკრატიის გასაძლიერებლად და პარტიის ღიაობა ჩვენი პრობლემა იყო ამ ხნის მანძილზე. პარტია დაიკეტა და გახდა ძალიან ჩაკეტილი ორგანიზაცია. ჩვენ გვჭირდება ამის შეცვლა. გვინდა გამჭვირვალე პროცესი და გახსნილად საუბარი პარტიის პრობლემებზე. იმ მხარდამჭერებთან, ვინც ხმა მოგვცა ან არ მოგვცა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივარია და კამპანიის გამო გადაიფიქრა ბოლო მომენტში, გვინდა მათ შევხვდეთ და მოვისმინოთ, როგორ ხედავენ პარტიის გაძლიერებას, იმიჯის შეცვლას, სტერეოტიპების მსხვრევას, რაც ამ პარტიაზე სწორედ რომ სუს-ის მიზანმიმართული მუშაობით და სხვადასხვა პარტიის, განსაკუთრებით “ქართული ოცნების” წარმომადგენლების არასწორი ინფორმაციის გავრცელებით პარტიის თაობაზე, მითი შეიქმნა პარტიის ირგვლივ. ჩვენ გვჭირდება გამჭვირვალობით ამ მითების დამსხვრევა. ჩვენ ვართ პატრიოტული ძალა ლიბერალური ღირებულებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი