ახალი ამბები

კეკენაძე: სავალდებულო გაწვევის აღდგენა ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა

7 ნოემბერი, 2016 • 1396
კეკენაძე: სავალდებულო გაწვევის აღდგენა ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენა, ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილებაა.

თამარ კეკენაძის განცხადებით, ასეთი ნაბიჯები სამინისტროს მხრიდან ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს:

“ჩვენ ვერ მოვისმინეთ თავდაცვის მინისტრისგან რეალური განმარტება, თუ რა მიზეზით მოხდა სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენა და, მისი აზრით, რატომ იქნება წვევამდელების სისტემა უფრო ეფექტური, ვიდრე მაღალი კვალიფიკაციის მქონე, სრულად პროფესიული არმიის ყოლა. სწორად ასეთი გაუაზრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ანგრევს თავდაცვის სისტემას და შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას აფერხებს. ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად გადადიოდა სრულად პროფესიულ სისტემაზე, რაც იყო გააზრებული ნაბიჯი და ეყრდნობოდა როგორც დეტალურ გათვლებს, ასევე, საქართველოს საფრთხეებთან მიმართებაში აღნიშნული სისტემის ეფექტურობას,” – ამბობს თამარ კეკენაძე.

თამარ კეკენაძის აზრით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, განიხილა თუ არა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ აღნიშნული საკითხი გიორგი მარგველაშვილთან  უშიშროების საბჭოს ფორმატში:

“მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, აღნიშნული გადაწყვეტილება და  თავდაცვის სამინისტროს სამომავლო გეგმები იყო თუ არა განხილული ქვეყნის მთავარსარდათან უშიშროების საბჭოს ფორმატში,” – განაცხადა თამარ კეკენაძემ.

დღეს, 7 ნოემბერს  თავდაცვის მინისტრმა,  ლევან იზორიამ განაცხადა, რომ წვევამდელების სისტემა აღდგება, თუმცა მასში გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

“3 თვის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად საუკეთესო უცხოური გამოცდილების შესწავლის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ წვევამდელების სისტემა აღდგეს საქართველოში. პრაქტიკულად ის თავდაცვის უწყების ფარგლებში იქნა შეჩერებული”,- განაცხდა იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა განმარტა ის მიზეზებიც, თუ რის გამოა წვევამდელების სისტემა მომგებიანი სახელმწიფოსთვის. მისი თქმით, წვევამდელები საუკეთესო ეკონომიური რესურსია დაკომპლექტების პრობლემის მოსაგვარებლად:

“მნიშვნელოვანი არგუმენტი, რაც საფუძველს გვაძლევს, რომ წვევამდელების სისტემა ამოქმედდეს- ის არის უფრო ეკონომიური, თუ წელიწადში საკონტრაქტო მოსამსახურე სახელმწიფოს 25 000-26 000-მდე უჯდება, სავალდებულო მოსამსახურე წელიწადში 9 000 უჯდება სახელმწიფოს”,- ამბობს იზორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი