ახალი ამბები

ორბელიანის მოედანზე ავარიული კორპუსი ჩამოინგრა

7 ნოემბერი, 2016 • 1356
ორბელიანის მოედანზე ავარიული კორპუსი ჩამოინგრა

თბილისში, ორბელიანის მოედანზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩაიმოინგრა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია  სამაშველო სამსახური. ნინო ბაქრაძის თქმით, რომელიც ორბელიანის მოედანზე, ტელეგრაფის ჩიხში ცხოვრობს, შენობის ნგრევის შედეგად 8 ოჯახი დაზარალდა.

დედაქალაქის მერიაში ამბობენ, რომ შენობა ავარიული იყო. ადგილობრივების თქმით, ჩამონგრეული კორპუსის მახლობლად მდებარე შენობებიც ავარიულია და მათი დანგრევის საფრთხეც არსებობს:

“მარტო ჩვენს ეზოში არის, მგონი, 24 ოჯახი, გვერდით ეზოში კიდევ 14 ოჯახი ცხოვრობს. ეს შენობა თუ გადაწვა, გვერდით სახლებსაც მოიყოლებს. სამხარაულის დასკვნა გვაქვს ხელში. სამხარაულის ექსპერტმა აგვიკრძალა სახლში ლურსმნის მიჭედებაც კი იმიტომ, რომ შეიძლება სახლი წამოვიდესო. ამნაირ სახლზე წერია, რომ არ ექვემდებარება რეკონსტრუქციას და აღდგენას,” – ამბობს ნინო  ბაქრაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის გამგეობა ავარიულ ნაგებობაში მაცხოვრებლებს ალტერნატიული ბინის დასაქირავებლად 500 ლარს სთავაზობდა, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა ინციდენტის შემდეგ, ადგილობრივებს ჯერჯერობით არ აქვთ გადაწყვეტილი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი