ახალი ამბები

ადვოკატები: საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მკვლელობა “რიტუალური” იყო

7 ნოემბერი, 2016 • 2240
ადვოკატები: საქმის მასალებით არ მტკიცდება, რომ მკვლელობა “რიტუალური” იყო

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირების ადვოკატების განცხადებით,  მათთვის გადაცემული მასალებით არ მტკიცდება, რომ მკვლელობა “რიტუალური” იყო, როგორც ამას პროკურატურა აცხადებს.

4 ნოემბერს  შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა სამი ადამიანი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისს ბრალდებით, ხოლო ორი ადამიანი ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ეს იყო “რიტუალური მკვლელობა”. 6 ნოემბერს სასამართლომ ხუთივე მათგანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურორი ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაკავებულების ჩადენილ დანაშაულს ამტკიცებს:

“დათვალიერებულია ბრალდებულების ფეისბუკის საიტები, სადაც ისინი სხვადასხვა რიტუალურ ფორმაში არიან გამოსახული, ტატუირების კუთხითაც, ასევე ჩაცმულობის კუთხითაც.  წარდგენილი ბრალდებებიდან ერთ-ერთის თანახმად, მკვლელობა ჩადენილი იქნა გარდაცვლილის სხეულის, ან სხეულის ორგანოების სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების მიზნით.  ჩვენებებში ასახული ინფორმაციით, ერთ–ერთმა ბრალდებულმა გარდაცვლილის გარკვეული ორგანოები შეჭამა.”

დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული დ.კ-ს ადვოკატი, ნიკა სადრაძე აცხადებს, რომ  საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სანდრაძის თქმთ, მისთვის გადაცემულ საქმის მასალებში “რიტუალურ მკვლელობაზე” არაფერია აღნიშნული:

“ზოგადად, შეფასების საგანია, თუ რას ნიშნავს  “რიტუალური” და რატომ ფიქრობს პროკურატურა, რომ მკვლელობა ასეთი იყო. ბრალდებას აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო. ალბათ, ჯერ კიდევ გრძელდება მტკიცებულებების მოგროვების ეტაპი და  მომავალში ზუსტად გვეცოდინება [რა მოხდა],” – ამბობს ნიკა სადრაძე.

დანაშულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მეორე პირის, ა.ა-ს ადვოკატის, ქართლოს ვაშაკიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მკვლელობაში ბრალდებულების საუბარს შეესწრო:

“საუბარში იყო მხოლოდ ორი სიტყვა: “ტრუპი” და დედაჩემი.  ვერ აღვიქვი, როგორც  ნორმალური ადამიანი, სათანადო დონეზეო. ამის გამო არსად მითქვამსო. სწორედ ამის გამო წაეყენა ბრალი. სასამართლოს შესაფასებელია, რამდენად ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს აღქმული იქ ნათქვამი სიტყვები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულების მეგობარი არ არის, ერთხელ გაიცნო და იმ საღამოს მოხდა საუბარი.”

მისივე თქმით, მისთვის გადაცემულ მასალებში ასევე არის ვიდეომტკიცებულება:

“რაც ტელევიზიებით გაჟღერდა [რომ მკვლელობის ტელეფონით იღებდნენ], ტელეფონით გადაღებული ჩვენთვის არაფერი გადმოუციათ, მარტო არის მხარეების, დანაშაულის ჩამდენების აღიარება. ჩემს სისხლის სამართლის საქმეში რიტუალზე არაფერია. სხვა ბრალდებულების პოზიციაზე უფლებამოსილი არ ვარ ვილაპარაკო. ”

მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ი.ყ-ს ადვოკატი,  გაგა მეშველიანი ამბობს:

“პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერჯერობით [“რიტუალურ მკვლელობაზე”] მტკიცებულებები არ გვაქვსო და ვერც მე ვხედავ რაიმე მსგავს ნიშნებს. გამოძიება გრძელდება, თუ რამეს გამოკვეთს და გამოავლენს ამ კუთხით, ეს მომავლის საკითხია. შეიძლება რამე მანიაკალური მიდრეკილება ჰქონდა ბ.შ-ს, მე არ ვარ მისი ადვოკატი და ვერ ვიტყვი. ეს რამდენად უკავშირდება რიტუალს, ვერ გეტყვით.”


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და პროკურატურის თანამშრომლებმა სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ი.ყ. , ბ.შ.  და ნ.ჩ.  დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისს ბრალდებით, ხოლო ა.ა. და დ.კ.  ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით 4 ნოემბერს დააკავეს. შსს–ში აცხადებენ, რომ ეს იყო “რიტუალური მკვლელობა.”

შსს–ს განცხადებით, ჯგუფური მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე გარდაცვლილის შვილია. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე დედა-შვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, ბრალდებულის დედა ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. შსს–ის მტკიცებით, ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ერთ-ერთი ბრალდებულის ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

გამოძიების ვერსიით, იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად თხრილში დაწვეს.

შსს–ის განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებების დროს მოხდა მკვლელობის, გვამის დანაწევრებისა და დაწვის ადგილების დათვალიერება, საიდანაც ამოიღეს უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა არაერთი და მათ შორის, გენეტიკური (დნმ) ექსპერტიზა, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები და სხვა. უწყების ინფორმაციით, პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნანახი და ამოღებული გვამის ფრაგმენტები ეკუთვნის გარდაცვლილს, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს მიერ, ოჯახის წევრის განაცხადის საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბრიდან იძებნებოდა, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგული.

სამინისტროს ცნობით, საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, რომელიც არასრულწლოვანია, დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი