ახალი ამბები

თბილისში ვეგან-აქტივისტი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

5 ნოემბერი, 2016 • 1678
თბილისში ვეგან-აქტივისტი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ვეგან-აქტივისტი ირაკლი კიკილაშვილი 4 ნოემბერს, გვიან ღამით, დააკავა პოლიციამ. მისი მეგობრების ცნობით, იგი ქუჩაში ძაღლს ასეირნებდა, როდესაც პოლიციის თანამშრომლებმა გაჩხრეკა დაუპირეს, თუმცა კიკილაშვილმა მათ გაჩხრეკის ნებართვა არ მისცა.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც “პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას” გულისხმობს. აღნიშნული ითვალისწინებს 250 ლარიდან 2000 ლარამდე დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე.

“ასევე, ამ პიროვნებას ალკოტესტით დაუდგინდა ნასვამობა”, – უთხრეს “ნეტგაზეთს” შსს-ში.

როგორც “ნეტგაზეთს” სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ ბაქრაძე უყვება, დაკავების შემდეგ ირაკლი კიკილაშვილი ჯერ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი, წინასწარი დაკავების იზოლატორში. მისი სასამართლო პროცესი დღესაა ჩანიშნული, კიკილაშვილის უფლებებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე დაიცავს.

როგორც ნონა ქურდოვანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, როდესაც პოლიცია მასალებს წარადგენს, გაირკვევა, არსებობდა თუ არა “საფუძვლიანი ეჭვი”, რომლის საფუძველზეც პოლიციამ მისი გაჩხრეკა მოინდომა, იყო თუ არა ვალდებული ირაკლი, კითხვებზე პასუხი გაეცა პოლიციელისთვის და ა.შ.

რაც შეეხება შსს-ს ცნობას, დაკავებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდაო, ადვოკატის შეფასებით, ეს სამართალდარღვევას არ წარმოადგენს, ეს კი ნიშნავს, – პოლიცია მოქალაქის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის საფუძველზე ვერ გადაწყვეტდა, რომ სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი: “რაღაც გარემოება უნდა ყოფილიყო, რის გამოც პოლიციას ეჭვი შეეპარა, როდესაც აპირებდა მოქალაქის ზედაპირულ შემოწმებას”, – ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი