ახალი ამბები

უწევს თუ არა “ჯეოსელი” მმართველ პარტიას ფარულ რეკლამას

10 აგვისტო, 2012 • 3187
უწევს თუ არა “ჯეოსელი” მმართველ პარტიას ფარულ რეკლამას

“დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე და ცხოვრება არ უნდა დაივიწყო”, – ასე იწყება “ჯეოსელის” sms-იზაციის რეკლამა ახალი სერვისის შესახებ, რომლის დღიური საფასური 5 თეთრია, ხოლო ჩასართავად მომხმარებელმა *055# უნდა აკრიფოს.

 

აღნიშნული სარეკლამო ვიდეორგოლი “ჯეოსელის” ფეისბუქის გვერდსა და Youtube-ზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა და მას მაშინვე მოჰყვა საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია: საზოგადოების ნაწილი მიჩნევს, რომ რეკლამაში გამოყენებული სიტყვა – ოცნება “ქართულ ოცნებასთან”, ხოლო ციფრი 5 – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება.

 

“პირველად მესმის ამ რეკლამის ასეთი ინტერპრეტაცია. ვერც ვხვდები, რატომ გაჩნდა ასეთი ასოციაცია?! რა შუაშია sms, “ჯეოსელი” და პოლიტიკა ერთმანეთთან? არც უნდა მოსდიოდეს არავის თავში, რომ ბიზნესი იყოს ასოცირებული პოლიტიკასთან, თუნდაც რაიმე მესიჯით”, – განაცხადა “ჯეოსელის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ირმა ცქიტიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

 

იმის მიუხედავად, რომ “ჯეოსელში” sms-იზაციის რეკლამის პოლიტიკასთან კავშირს უარყოფენ, მას შემდეგ, რაც ამ კომპანიის წარმომადგენელს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა, სარეკლამო ვიდეორგოლი წაშლილი იქნა როგორც Youtube-დან, ისე “ჯეოსელის” ფეისბუქის გვერდიდან.

 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც კომპანია “ჯეოსელს” ფარული პოლიტიკური რეკლამის გაშვებაში ადანაშაულებენ. მაგალითად, 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნების დროს, “ჯეოსელმა” “ლაი-ლაის” ახალი, 5-თეთრიანი ტარიფის რეკლამირება დაიწყო: სარეკლამო ვიდეორგოლში “ჯეოსელის” სახე დუტა სხირტლაძე რვა ციფრს შორის ირჩევდა 5-იანს, რომელიც ეკრანზე ისახებოდა წითელ და თეთრ ფერებში (რასაც იყენებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ვიზუალურ სარეკლამო მასალებში), ასევე, რეკლამაში ისმოდა ფრაზა: “ეს თქვენი არჩევანია”. 

აქვს თუ არა “ჯეოსელის” სარეკლამო ვიდეორგოლებს რაიმე საერთო ფარულ პოლიტიკურ რეკლამასთან? – ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა უჭირს პიარის სპეციალისტს ელდარ პირმისაშვილს: 

 

“საზოგადოება პოლიტიზირებულია და შესაძლოა, ეს რეკლამა ნებისმიერ რამეს დაუკავშიროს. მე არ გამოვრიცხავ კავშირს პოლიტიკასთან, თუმცა მაინც მგონია, რომ მარკეტინგის სპეციალისტებმა ეს სიტყვა ისე მოიფიქრეს, რომ სწორედ ისეთი ასოციაციები წამოსულიყო, როგორიც წამოვიდა და ჩვენ ყველას ამ თემაზე გვესაუბრა, – გამოეწვია ხმაური და სოციალურ ქსელებში დისკუსია”.

 

აბონენტების რაოდენობით “ჯეოსელი” საქართველოს მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა. “ჯეოსელი” 2004 წლიდან უზრუნველყოფს შსს-ს საპატრულო პოლიციის მობილურ კავშირს. ”ჯეოსელის” კორპორატიული ნომრების სერვისით საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებების და პედაგოგების დიდი ნაწილი სარგებლობს. “ჯეოსელის” დაფინანსებით მოწყობილი ე.წ. “მომავლის კლასები” საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში თავად პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

 

“ჯეოსელის” 100%-იანი წილის მფლობელი შვედურ-ფინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი “თელიასონერაა”, რომელიც რამდენიმე თვის წინ შვედურმა მედიამ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა დიქტატორულ რეჟიმებთან თანამშრომლობაში ამხილა.

 

შვედური მედია საუბრობს ”თელიასონერას” კავშირზე აზერბაიჯანში, ბელორუსში და უზბეკეთში. ამ ქვეყნებში ”თელიასონერას” კუთვნილმა მობილურმა კომპანიებმა ადგილობრივ უშიშროების სამსახურებს მისცეს საშუალება, მოესმინათ ოპოზიციონერი აქტივისტების სატელეფონო ზარებისთვის, გაეშიფრათ ქსელის მეშვეობით გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები და სხვა სახის ციფრული ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი