ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

სტენსილების მხატვარი დიზაინერს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

4 ნოემბერი, 2016 • 3202
სტენსილების მხატვარი დიზაინერს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს

ქართველ დიზაინერს, ლაკო ბუკიას საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. დიზაინერმა ქსოვილზე პრინტად სტენსილების მხატვრის, მარიამ ნატროშვილის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ნამუშევარი გამოიყენა და პალტო შეკერა, რომელიც მის კოლექციაში მოხვდა.

როგორც ნატროშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, საკუთარი სტენსილი დიზაინერის პალტოზე სამი დღის წინ აღმოაჩინა. ლაკო ბუკიას მარიამ ნატროშვილისთვის ნამუშევრის გამოყენების ნებართვისთვის არ მიუმართავს. როგორც ნატროშვილი ამბობს, სამი დღის წინ ის თავად დაუკავშირდა დიზაინერს:

ეს არის ერთ-ერთი ტექსტი პროექტიდან, რომელსაც ჰქვია #hypertexttransferprotocol. ძალიან ბევრ ადგილას გვაქვს გაკეთებული- როგორც საჯარო სივრცეში, ასევე საგამოფენო სივრცეებში. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალებზე და ძალიან ბევრგან. გარეთაც ვაკეთებთ და საგალერეო სივრცეებშიც ვაკეთებთ. ამ გოგონამ მითხრა, პატენტი მომიტანე და მერე მესაუბრეო. პატენტი საავტორო ნამუშევრებს არ სჭირდება.” – ამბობს ნატროშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას. 

ფოტო მოგვაწოდა სტენსილის ავტორმა, მარიამ ნატროშვილმა 11.04.16

ფოტო მოგვაწოდა სტენსილის ავტორმა, მარიამ ნატროშვილმა 11.04.16

“ნეტგაზეთი” დიზაინერსაც დაუკავშირდა. ლაკო ბუკიას თქმით, კოლექცია ზაფხულში შექმნა და მისი ინსპირაცია ქალაქი იყო:

ჩემი მიზანი იყო, ქალაქში ჩემთვის საინტერესო ადგილები გადამეღო და ეს ფოტოები გამომეყენებინა პრინტად. ჩემი ფოტოები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.  ეს წარწერა შემხვდა “გუდვილის” ავტოფარეხში, რასაც ფოტო გადავუღე. ეს პრინტი მოხვდა მხოლოდ ერთ პალტოზე” – ამბობს ბუკია. 

ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას პალტო.

ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას პალტო.

ბუკიას თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სტენსილზე ავტორის სახელი მითითებული არ იყო და “იმდენად უბრალო შრიფტით იყო” შესრულებული, რომ არც უფიქრია ნამუშევარში “რამე არტი იდო”. 

ბუკიამ სტენსილის ავტორს პრესრელიზში მისი სახელის მითითება შესთავაზა, თუმცა მარიამ ნატროშვილი ამაზე არ დათანხმდა და პალტოს კოლექციიდან ამოღება მოსთხოვა:

სამი დღის წინ მომწერა მარიამ ნატროშვილმა, რომ თურმე ეს სტენსილი ყოფილა მათი და მე გამოვიყენე მაგათ დაუკითხავად. მე ვუპასუხემ რომ არ ვიცოდი, რომ ეს ვინმეს პროექტი იყო. ვუთხარი, რომ აუცილებლად პრესრელიზში მოვიხსენიებდი მათ სახელს, რაზეც მარიამმა მომწერა, რომ ეს არ აინტერესებს. ვუთხარი, რომ თუ მომიტანდა რაიმე საბუთს, რომ ეს პროექტი არის მისი გაკეთბული, მე აუცილებლად ამოვიღებდი ამ პალტოს, რაზეც მარიამმა პასუხი არ გამცა” – ამბობს ლაკო ბუკია. 

ლაკო ბუკია საკუთარ კოლექციას, მათ შორის სადავო პრინტის შემცველ პალტოს, დღეს, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის ფარგლებში წარადგენს.

“ნეტგაზეთი” დაინტერესდა, როგორ არეგულირებს მსგავს შემთხვევებს ქართული კანონმდებლობა და საავტორო უფლებათა ასოციაციას დაუკავშირდა. ასოციაციის პრეზიდენტის, გიგა კობალაძის თქმით, ამ შემთხვევაში საავტორო უფლებების დარღვევა იკვეთება. კობალაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ავტორის ნამუშევრის რეპროდუქცირება ხდება, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა (მოხდა ასლის დამზადება და შემდგომ ეს ფოტოასლი კიდევ რეპროდუქცირდა და ქსოვილზე გადავიდა), საჭირო იყო ავტორის ნებართვა.

აღნიშნულ საკითხის შესახებ თითქმის იმავეს ამბობს იურისტი ლიკა საჯაიაც. მისი თქმით, ამ შემთხვევაში დაირღვა როგორც ავტორის არაქონებრივი, ასევე ქონებრივი უფლებები:

ჩვენი საავტორო სამართალი იცავს ნებისმიერ ნაწარმოებს, რომელიც წარმოადგენს ხელოვნების ნაწარმოებს, მიუხედავად იმისა, სად არის შესრულებული, მიუხედავად მისი დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, მიუხედავად ჟანრისა. თუ ნაწარმოები მიეკუთვნება ხელოვნების ნაწარმოებს, ის არის დაცული საავტორო უფლებით” – ამბობს საჯაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას პალტო

ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას პალტო

ლიკა საჯაიას თქმით, იმისათვის, რომ ავტორს ნაწარმოებზე ჰქონდეს საავტორო უფლებები, აუცილებელი არაა, ნამუშევარზე მითითბული იყოს მისი სახელი:

“გარდა ამისა, არის ავტორის ქონებრივი უფლება, რაც არის ავტორის ნაწარმოების გადამუშავბის უფლება. იგივე შემთხვევა შეიძლება იყოს, როცა რაღაც ნახატი გადაგაქვს ქსოვილზე. იგივე გადამუშავებად ითვლება, როცა ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით ფილმს იღებ და ა.შ. ასეთი გადამუშვებისას უნდა გქონდეს ან ავტორის, ან ქონებრივი უფლების მფლობელის. თუ ქონებრივი უფლებები ავტორს არ გაუსხვისებია, ეს ნიშნავს, რომ ავტორისაა ეს ქონებრივი უფლება. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ორი უფლება არის დარღვეული ამ შემთხვევაში” – ამბობს იურისტი.

როგორც მარიამ ნატროშვილი ამბობს, თუ დიზაინერი  არ გაითვალისწინებს ავტორის აზრს, ნატროშვილმა შესაძლოა საკუთარი უფლებები სასამართლოში დაიცვას.

როგორც საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, კანონი კომპენსაციის ოდენობასაც განმარტავს. გიგა კობალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირი სასამართლოს მიმართავს და საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევა დადასტურდება, ავტორს შეუძლია კომპენსაციის სახით ნამუშევრის ღირებულების არანაკლებ ათმაგი ოდენობა მოითხოვოს. ნამუშევრის ღირებულებას კი სასამართლო დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი