ახალი ამბები

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მოხის კომისიამ დასაბუთების გარეშე უარი უთხრა მუსლიმ მრევლს

4 ნოემბერი, 2016 • 1534
ჭელის მეჩეთის წინამძღვარი: მოხის კომისიამ დასაბუთების გარეშე უარი უთხრა მუსლიმ მრევლს

ჭელის მეჩეთის წინამძღვარი და რეგიონის მუფთის თანაშემწე ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ მოხის პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.  მისი თქმით, მოხის “კომისიამ” ყოველგვარი დასაბუთებისა და არგუმნეტების გარეშე უარი უთხრა მუსლიმ მრევლს.

ჯამბულ აბულაძე გულისხმობს სოფელ მოხის სადავო შენობის წარმომავლობის შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, მოხეში შენობა კულუტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მეთვალყურეობის ქვეშ გადავა და სააგენტო სამომავლოდ შეიმუშავებს კონცეფციას, თუ რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს შენობას. კოიმისიამ უმჯობესად მიიჩნია, რომ ის არც მუსლიმებისა და არც მართლმადიებლების საკუთრებაში გადავა. სახელმწიფო კომისიამ გადაწყვეტილება გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე მიიღო.

“მოხის „კომისიამ“ გადაწყვეტილება კი არა, ფაქტიურად სასამართლო განჩინება გამოიტანა. ყოველგავრი დასაბუთებისა და არგუმნეტების გარეშე უარი უთხრეს მუსლიმ მრევლს, რაც ცალსახად „მოდავე მხარის“ პოზიციას გამოხატავს. შემაშფოთებელია სამუფთოს მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ბუნდოვანი და გაუგებარია. სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლებზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მათ უნდა მიეცეთ თავისუფლად მუშაობის საშუალება. ხოლო კომისიის წევრების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ნათლად მიანიშნებს ამ კომისიის არაეფექტურობაზე. თუ სახელმწიფო არგუმენტირებულად ვერ დაადასტურებს, რატომ არ უნდა გადაეცეს მუსლიმ მრევლს აღნიშნული შენობა, მაშინ ეს იქნება მუსლიმების მისამართით მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც, ბუნებრივია, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიულ პრინციპებთან. მივესალმები სამლოცველოსათვის ფართის გამოყოფას, ოღონდ მას შემდეგ, როცა არგუმენტირებულად უარი ეთქმებათ მუსლიმ თემს აღნიშნულ შენობაზე. იმედს გამოვთქვამ, რომ სახემწიფოებრივად მოაზროვნე წინდახედული გონიერი ადამიანები გამოასწორებენ მომხდარ „გაუგებრობას“ და სამართლიანად მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას”,- აცხადებს ჯამბულ აბულაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი