ახალი ამბები

ედპ სტუდენტებისთვის დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემის ინიციატივით გამოდის

9 აგვისტო, 2012 • 902
ედპ სტუდენტებისთვის დაბალპროცენტიანი კრედიტების გაცემის ინიციატივით გამოდის

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, გურამ ჩახვაძემ, დედაენის ძეგლთან განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ბრიფინგი გამართა.  


ჩახვაძემ პარტიის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ განათლების სისტემის ხელმისაწვდომობა მთავრობამ გრანტების გაზრდით ან დაბალპროცენტიანი და უპროცენტო კრედიტების შემოღებით უნდა უზრუნველყოს.


ჩახვაძის თქმით, ევროპის ქვეყნებში არის სპეციალური სასწავლო კრედიტების პროგრამები, რაც საქართველოშიც უნდა დაინერგოს.


„დაბალპროცენტიანი და უპროცენტო კრედიტები სტუდენტს ტვირთად არ აწვება. მას შეუძლია ეს კრედიტი 15 ან 20 წლის შემდეგ დაფაროს. აქედან გამომდინარე, სტუდენტი არ არის დამოკიდებული მისი ოჯახის ახლანდელ სოციალურ მდგომარეობაზე და აქვს განათლების მიღების საშუალება,“ – განაცხადა ჩახვაძემ.


მისი თქმით, ხელმისაწვდომობასთან ერთად, აუცილებელია მოხდეს განათლების ხარისხის დონის გაზრდა და პატრიოტული საზოგადოების ჩამოყალიბებაც,  რაც პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოს სიძლიერესა და განვითარების დონესთან.  


„ჩვენი ქვეყნის ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ იდენტურობას უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სწავლების პროცესში. ამას უნდა დაეფუძნოს თანამედრვე განათლების სისტემა,“ – განაცხადა ედპ-ს ლიდერმა.


ბრიფინგის ბოლოს გურამ ჩახვაძე მასწავლებლების საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, პედაგოგის პროფესია ქვეყანაში უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს, რაც მაღალი ხელფასებითა და შრომითი უფლებების საკანონმდებლო გარანტიით უნდა მოხერხდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი