ახალი ამბები

სახელფასო პოლიტიკის ანალიზის თანახმად, მინიმალური ხელფასი 279 ლარი უნდა იყოს

4 ნოემბერი, 2016 • 3774
სახელფასო პოლიტიკის ანალიზის თანახმად, მინიმალური ხელფასი 279 ლარი უნდა იყოს

“შემოსავლების სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის მარტის თვის მონაცემებით, ზრდასრული მამაკაცის საარსებო მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი გააჩნია 62 681-ზე მეტ ადამიანს, ოჯახის საარსებო მინიმუმზე ნაკლები 130 282-ს, ხოლო 100 ლარზე ნაკლები – 25 001 ადამიანს,” – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების ერთობლივ კვლევაში, რომლის პრეზენტაცია დღეს, 4 ნოემბერს გაიმართა.

სახელფასო მინიმუმის პოლიტიკის ანალიზის თანახმად, 2005 წლის 24 იანვარს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულებით, საქართველოში, სახელმწიფო სექტორში მინიმალური ხელფასის ოდენობად 135 ლარია განსაზღვრული, ხოლო 1999 წლის 4 ივნისის ბრძანებულებით, კერძო სექტორში- 20 ლარი.

კვლევის ავტორების აზრით, არსებული რეალობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ადეკვატური მინიმალური ხელფასის დაწესების აუცილებლობას ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით:

“ქვეყანაში გაბატონებული მიდგომა, რომ თითქოს სახელფასო მინიმუმის დაწესებით ინვესტიციების შემოსვლა შეჩერდება, საფუძველს მოკლებულია და არსებულ რეალობას არ შეესაბამება. პირიქით, რეგულაციების არარსებობა იწვევს არასტაბილურობის შეგრძნებას. ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესება დადებითად იმოქმედებს ათობით ათას მოქალაქეზე, ბიზნესის წარმოების კუთხით სერიოზული გართულებების გარეშე, და ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის განცდის დამკვირვებას,” – ვკითხულობთ კვლევაში.

სახალხო დამცველის აზრით, არსებული სახელფასო მინიმუმი რეალობას არ შეესაბამება. თუმცა ზრდაზე საუბრისას უჩა ნანუაშვილი საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრ ვალდებულებებზე აქცენტირებს და არა სოციალურ სამართლიანობაზე:

“არსებობს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია, რომლის მონაწილე საქართველოცაა და, აქედან გამომდინარე, ჩვენ აქცენტს სწორედ იმ ვალდებულებებზე ვაკეთებთ, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია. კერძო და საჯარო სექტორში არსებული სახელფასო მინიმუმი არ არის ადეკვატური, რადგან საარსებო მინიმუმი გაცილებით მეტია. ჩვენ პოლიტიკის შეცვლას და გარკვეული მინიმალური სტანდარტების დადგენას ვითხოვთ,” – აღნიშნავს ნანუაშვილი.

2016 წლის ივნისის მდგომარეობით, შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 157,1 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმი – 263,5 ლარით. დღეს მოქმედი პოლიტიკით, 157 ლარში სასურსათო ხარჯების წილი 70% -ია, ხოლო არასასურსათო ხარჯების წილი – 30%. კვლევის ავტორების აზრით, საარსებო მინიმუმი მხოლოდ იმ საჭიროებებს მოიცავს, რაც ადამიანის ფიზიკური არსებობისთვის არის საჭირო და არა  ღირსეული ცხოვრებისთვის.

შესაბამისად, მათი აზრით, საჭიროა სასურსათო და არასასურსათო ხარჯების წილების გათანაბრება და 50-50 პროცენტული პროპორციით განაწილება. ასეთ შემთხვევაში, შრომისუნარიანი ადამიანის საარსებო მინიმუმი 220 ლარი გახდება, ხოლო ოჯახის- 406 ლარი.

კვლევის თანახმად, მინიმალური ხელფასის დაწესებისას უნდა გავითვალისწინოთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მთლიანი შიდა პროდუქტისა და საშუალო ხელფასების სახით.

“ევროპის ქვეყნებში მინიმალური ხელფასი მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან შეფარდებით 39%-ს შეადგენს, ხოლო მინიმალური ხელფასისა და საშუალო ხელფასის მიმართება 38%-ია. შესაბამისად, მინიმალური ხელფასი 279 ლარი უნდა იყოს. ეს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის, 914 ლარის 30%-ს შეადგენს. ხოლო საათობრივი გადაანგარიშებით მინიმალურმა ხელფასმა საათში 1.60 ლარი უნდა შეადგინოს.”

ცვლილებების შესაძლო ეფექტი

კვლევის ავტორების მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია დაწესდეს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური მინიმალური ხელფასი. 40-საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში, ჯამური საათობრივი და ყოველთვიური მინიმალური ხელფასი ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს. პროფკავშირების მოსაზრებით, თუ ხელშეკრულების მიხედვით სამუშაო კვირის ოდენობა 32 საათს არ აღემატება, დასაქმება არასრულ განაკვეთად უნდა ჩაითვალოს, ხოლო თუ აღემატება – სრულ განაკვეთად. პროფკავშირებით აზრით, ასეთ შემთხვევაში საფრთხე არ შეექმნება არასრულ განაკვეთზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებს.

კვლევის მიხედვით, 279 ლარზე ნაკლები, დაახლოებით 147 ლარის ოდენობის ხელფასი დაახლოებით 130 000 ადამიანს აქვს.

“მინიმალური ხელფასის დაწესებამ უმუშევრობის ზრდა რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა მინიმალური ხელფასი ეტაპობრივად, 2 წლის განმავლობაში გაიზარდოს. საერთო ჯამში, ნამატი ხელფასი, რომელსაც დაბალშემოსავლიანი დასაქმებულები მიიღებენ, წლიურად 206 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო სამუშაოს დაკარგვით მიღებული დანაკარგი იქნება უმნიშვნელო. მინიმალური ხელფასის ზრდა გამოიწვევს ღარიბი ოჯახების მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესებას, რაც სიღარიბის დაძლევისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. “

დოკუმენტის მიხედვით, 25 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობა 30,7 %-ს შეადგენს. რეკომენდაციების თანახმად, გამონაკლისი უნდა დაიშვას დასაქმებული ახალგაზრდებისთვის:

“საქართველოში “ახალგაზრდული” და “არასრულგანაკვეთიანი” სამუშაო ნაკლებად არის განვითარებული. თუ სახელმწიფო ახალგაზრდებისთვის მოახდენს სუბსიდირებას (ან საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლებს მათ) და გაუტოლებს მათ ანაზღაურებს სახელფასო მინიმუმს, ბიუჯეტი მაქსიმუმ 7,2 მილიონ ლარს დაკარგავს. “

კვლევის ფარგლებში მომზადებული რეკომენდაციების თანახმად,  საქართველოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის კონვენციის რატიფიცირება უნდა მოხდეს, რომელიც მინიმალური ხელფასის დაწესებას ეხება.

ამასთან, შემუშავებული რეკომენდაციის მიხედვით, მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის სახელმწიფო ინსპექციამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და ასეთ შემთხვევაში გაატაროს კონკრეტული სანქციები. დღეს მოქმედ შრომის ინსპექტირების მექანიზმს კომპანიებისთვის სანქციების დაკისრება არ შეუძლია.  სწორედ ამიტომ მოითხოვენ არასამთვრობო ორგანიზაციები შრომის პოლიტიკის გარდაქმნას, მათ შორის, შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნას.

კვლევა “მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი