ახალი ამბები

ნანუაშვილი: ზვარეში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ

4 ნოემბერი, 2016 • 1187
ნანუაშვილი: ზვარეში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას თვალყურს მივადევნებთ

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ომბუდსმენის ოფისი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მუშების ცემის საქმის გამოძიებას აკვირდება.

“ჩვენ დავინტერესდით ზვარეში მიმდინარე მოვლენებით, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე დეტალური ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ვცდილობთ, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიღოთ ყველა იმ მხარისგან, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული. როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ გამოძიების მიმდინარეობას,” – აღნიშნავს უჩა ნანუაშვილი.

2 ნოემბრის საღამოს და 3 ნოემბრის დილას ადგილობრივ მოსახლეობასა და მუშებს კომპანიის წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მუშების ცნობით, დამსაქმებლებმა მათ საცემად არმატურა, დანები, ხის ჯოხები და ხორცის საკეპი ნაჯახები გამოიყენეს. მათი ცნობით, 7 ადამიანი ხაშურისა და ზესტაფონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მომხდარზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობდა, თუმცა ამჟამად საქმეს კვალიფიკაცია შეეცვალა და გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით). პოლიციამ ზვარეში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებზე ძალადობის გამო სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა:  33 წლის ჭ. ლ., 33 წლის ჩ.ჟ და 32 წლის ჰ.ჩ.

გამოძიებამ კი დაადგინა, რომ დაკავებულებმა 3 ნოემბერს “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს”.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს დიდი ხნის განმავლობაში უჩიოდნენ და აგვისტოში გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა  15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც ერთ-ერთი მუშა, მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

ზვარეს მოსახლეობა და მუშები ამჟამად  ითხოვენ, “23-ე ბიუროს ჯგუფმა” დატოვოს ობიექტი (მშენებარე რკინიგზა). მომხდარის გამო შეშფოთებას გამოხატავს ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს.

თბილისის სოლიდარობის ქსელის” ინიციატივით 4 ნოემბერს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება თბილისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში რკინიგზის მშენებლი კომპანიის, “ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის” წინააღმდეგ, კომპანიის მიერ ზვარეში დასაქმებული მუშების მხარდასაჭერად.

აქცია, რომელსაც ნავთობის პროფკავშირი მართავს, პარასკევს, 4 ნოემბერს, 17:00 საათზე დაიწყება “ბრიტიშ პეტროლიუმის” ოფისთან (ცინცაძის 24-ში), შემდგომ კი აქციის მონაწილეები საქართველოს რკინიგზასთან გადაინაცვლებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ:

  • დადგეს ადგილობრივი მენეჯმენტის პასუხისმგებლობის საკითხი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიანიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღოს “საქართველოს რკინიგზამ”, – ის ამ დრომდე მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ “საქართველოს რკინიგზის” ქვეკონტრაქტორია აღნიშნული კომპანია. რკინიგზაში აცხადებენ, რომ ზვარეში მომხდარი ინციდენტი “სხვა კომპანიის შიდა პროცესებია”, რომელზეც საქართველოს რკინიგზა ვერ გააკეთებს კომენტარს;
  • ანაზღაურდეს იძულებითი მოცდენა “საქართველოს რკინიგზის” მიერ, იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად გამოძიების მიერ ობიექტზე სამუშაო პროცესი შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი