ახალი ამბები

ინციდენტის გამო არასრულწლოვანი პატიმრები სხვადასხვა ციხეში გადაიყვანეს

9 აგვისტო, 2012 • • 1003
ინციდენტის გამო არასრულწლოვანი პატიმრები სხვადასხვა ციხეში გადაიყვანეს

“უკანასკნელ პერიოდში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფარგლებში №11 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში გატარდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და სარეაბილიტაციო რეფორმები, რამაც აღნიშნულ დაწესებულებაში სრულფასოვნად დანერგა ევროპული სტანდარტები და მიდგომები, რაც აგრეთვე აღიარებული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

 

მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ზოგიერთი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ ინსპირირებულ იქნა დადგენილი დღის წესრიგის უხეში დარღვევა, რამაც ნაწილი ინფრასტრუქტურისა და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანება გამოიწვია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ წესრიგის აღდგენის მიზნით გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. დისციპლინის უზრუნველყოფისა და შემდგომი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გადანაწილდნენ  სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში, სადაც მათთვის შექმნილია კანონმდებლობით გათვალისწინებული საცხოვრებელი პირობები”, – ნათქვამია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინსიტროს ოფიციალურ განცხადებაში. სამინისტროსვე ცნობით, არც ერთ მსჯავრდებულს არ მიუღია ჯანმრთელობის დაზიანება. 

 

ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, რომლის დასრულებისთანავე ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი ოფიციალური ინფორმაცია.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ომბუდსმენის ოფისი ინფორმირებულია აღნიშნული ინციდენტის შესახებ. ომბუდსმენის წარმოამდგენლები შუაღამიდან იმყოფებოდნენ  №11 არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში, ისინი ასევე ხვდებიან სხვადასხვა ციხეებში გადაყვანილ არასრულწლოვნებს. შესაბამისად, ომბუდსმენი აღნიშნულ საკითხზე განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი