ახალი ამბები

უგულავა: აუცილებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს

4 ნოემბერი, 2016 • 1977
უგულავა: აუცილებელია, ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი თავმჯდომარე აირჩიოს

თბილისის ყოფილი მერი, პარტია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა განცხადებას ავრცელებს. უგულავა თანაპარტიელებს, მხარდამჭერებს მიმართავს და საპარლამენტო არჩევნებსა და პარტიის გადაწყვეტილებებს აფასებს.

გიგი უგულავას განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვებას სხვადასხვა მეთოდისა და “დანაშაულებრივი მანიპულაციების” გამოყენებით მიაღწია. მათ შორის, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების, შანტაჟისა და “რევოლუციური სცენარის” მეშვეობით. თუმცა აცხადებს, რომ მმართველ პარტიას გამარჯვება “ისტერიკისა და აშკარა დანაშაულებრივი მანიპულაციების გარეშეც” შეეძლო:

“ოცნების გამარჯვების მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქართველოში პოლიტიკური მმართველობის ციკლი 8-10 წელიწადს, ორ საარჩევნო პერიოდს მოიცავს. ანუ მოსახლეობა ამ ვადით აძლევს პარტიას/ლიდერს მართვის მანდატს და შესაბამისად, ამდენი ხნით იტანს მას.”

უგულავა ასევე ცალკე გამოყოფს საარჩევნო პერიოდში ნაციონალური მოძრაობის მიერ დაშვებულ შეცდომებს. ის აცხადებს, რომ პარტიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ღიად არ დაასახელა.

“პარტიის საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო პასუხის არქონა ერთ საკვანძო კითხვაზე – ვინ არის თქვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი? ვინა არის ის პირი, რომელმაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროგრამის (ობიექტურად საუკეთესო და რეალისტური) შესრულებაზე? პარტია ამ შეკითხვაზე დაბნეული, პირდაპირ ვთქვათ, ბლუყუნებდა. როგორ წარმოგვიდგენია ასეთ პირობებში გამარჯვება? როგორ შეიძლება გამარჯვების იმედი გქონდეს და არ იყო მკაფიო მთავარ საკითხში. მე, მართალია, საერთოდ არ ჩავრეულვარ არანაირი ფორმით წინასაარჩევნო კამპანიაში და ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა მაძლევს ღიად თქმის უფლებას – ნაციონალური მოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არ ყოფილა მიხეილ სააკაშვილი (მიუხედავად მისი შესაძლო სურვილისა). მაგრამ ეს ვიცოდი მე და კიდევ შესაძლოა 20-მა კაცმა, ხოლო ამომრჩევლებისთვის ჩვენ გაურკვევლობას, დაბნეულობას ვასხივებდით. ჩვენ ან პირდაპირ უნდა გამოგვეცხადებინა, რომ ჩვენი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდანტი მიხეილ სააკაშვილია, ან პირდაპირ გვეთქვა, რომ ჩვენი კანდიდატი არის დავით ბაქრაძე, სიის პირველი ნომერი, ვინც ლოგიკურად უნდა ყოფილიყო ასეთად დასახელებული, ან მოგვეწვია და შეგვეთავაზებინა კონკრეტული ადამიანისთვის, ვინც ჩაუდგებოდა სათავეში კამპანიას.” – აცხადებს უგულავა. მისი თქმით, გაურკვევლობამ, რომელიც პარტიამ შექმნა, წარმოქმნა აზრი, რომ საზოგადოებას ისინი სთავაზობდნენ მიშა სააკაშვილის ფორმალურ ან არაფორმალურ მმართველობას.

უგულავა დარწმუნებულია, რომ პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის დასახელება პარტიის კამპანიისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ბიძგი იქნებოდა და ეს კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო არც მიხეილ სააკაშვილი და არც წინა მთავრობის რომელიმე მინისტრი.

“საბოლოო ჯამში, შედეგად მივიღეთ, რომ ადგილზე პარტია ჭმუნავდა, ხოლო მიშა ხან ციხეში მყოფ ყოფილ ძალოვან მინისტრებს საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავდა (რაც იდეაში არა მისი, არამედ ამ ადამიანების და ამომრჩევლის გადასაწყვეტია), ხან ამერიკიდან – შსს მინისტრად ხატია დეკანოიძეს ასახელებდა (რაც თავისთავად ნამდვილად არაა ცუდი იდეა),” – აცხადებს გიგი უგულავა.

მისი თქმით, პარტიაში განახლებისა და განვითარების დროა, ამიტომ აუცილებელია, პარტიამ “თავისუფალი კენჭისყრით, კონკურენტულ გარემოში” ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტიკური საბჭო აირჩიოს.

“მე კარგად მესმის თუნდაც თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებული შფოთვები. ჩვენი პარტიის მხარდამჭერთა ნაწილს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ უპირობოდ იმსახურებს პარტიის თავმჯდომარეობას, მაგრამ მოცემულ რეალობაში ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია. აქედან აბსოლუტურად არასწორი დასკვნა არ უნდა გამოვიტანოთ, რომ პარტიამ აღარასდროს აირჩიოს თავმჯდომარე. ეს არასწორი და დამაზიანებელია პარტიისთვის. ნურავინ ჩათვლის ამას ღალატად, პირიქით- საერთო საქმის ღალატია ერთ წერტილში გაყინული ყოფნა. არ ვიცი, რას ფიქრობს ამ საკითხზე მიშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ამ ჩემს იდეას სრულად გაიზიარებს.”

უგულავა თავად თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, რათა თბილისის აქტივმა ახალი თავმჯდომარე აირჩიოს და მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი