ახალი ამბები

15 წლის გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია

3 ნოემბერი, 2016 • 1661
15 წლის გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ქმრისგან ძალადობის მსხვერპლია

არასრულწლოვანი  გოგოს დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა იმერეთში მოხდა და მის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა.

დედა ამბობს, რომ მისი შვილი 15 წლის იყო, როდესაც არარეგისტრირებულ საქორწინო კავშირში შევიდა სრულწლოვან მამაკაცთან. დედის განცხადებით, იგი თავიდანვე წინააღმდეგი იყო არასრულწლოვნის სრულწლოვან მამაკაცთან თანაცხოვრების, თუმცა შვილმა უთხრა, რომ ეს მისი სურვილი იყო. დედის განცხადებით, თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე მისი შვილი ძალადობის მსხვერპლი გახდა:

“უმოწყალოდაა ნაცემი, ჩამოყრილი აქვს კბილები, ცხვირი გატეხილი აქვს, დალეწილი აქვს ნეკნი, თავში ბოთლი აქვს ჩარტყმული, ზურგზე მთლიანი ფეხის ზომა აიღო ექსპერტმა”, – აცხადებს დედა მაესტროს სიუჟეტში.

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ბრალდებული დაკავებულია, ხოლო გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ოჯახში ძალადობას სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია  120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, − ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე . იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

დაზარალებულის დედა ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, მათ შორის არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მიმართულებით. შსს-ში გვითხრეს, რომ მუხლის გადაკვალიფიცირების კუთხით დაზარალებულის მხარემ პროკურატურას მიმართა, თუმცა იქ კომენტარი არ გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი