ახალი ამბები

მცხეთის საოლქო კომისიამ გაბათილებული 16 სადავო ხმა ცეზარ ჩოჩელს მიაკუთვნა

3 ნოემბერი, 2016 • 1589
მცხეთის საოლქო კომისიამ გაბათილებული 16 სადავო ხმა ცეზარ ჩოჩელს მიაკუთვნა

მცხეთის საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, #41 (წეროვანის) საარჩევნო უბანზე გაბათილებული სადავო 16 ბიულეტინი ცეზარ ჩოჩელს ჩაეთვალა.

ცესკოს მონაცემებით,  მცხეთაში მაჟორიტარული არჩევნები მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ 13 736 ხმა მიიღო, სულ 60 ხმით მეტი დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელზე, რომელსაც თავის მხრივ  13 676-მა ადამიანმა მისცა ხმა.

ცეზარ ჩოჩელის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ #41 უბანზე 16 ისეთი ბიულეტენი, რომელშიც აშკარად იყო გამოკვეთილი ამომრჩევლის ნება ჩოჩელის სასარგებლოდ, კომისიამ გაბათილებულად გამოაცხადა. ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა სააგენტო ექსპრესნიუსმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით საოლქო კომისიას საჩივრით მიმართეს, როგორც ცეზარ ჩოჩელის წარმომადგენლებმა, ასევე საიამ (გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით). მცხეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ვარლამ ფერაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ საკითხზე შესული საჩივარი მათ განუხილველად დატოვეს, რადგან საარჩევნო კოდექსის სტანდარტის შესაბამისად არ იყო შევსებული. მისი ტქმით, მსგავსი ტიპის საჩივარი თავდაპირველად ადგილზე ანუ უბანზე უნდა ყოფილიყო შევსებული, თუმცა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საოლქომ ფაქტზე თავისი ინიციატივით იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება 16 ხმის ჩოჩელისთვის მიკუთვნების თაობაზე.

ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროის მონაცემებით ჩოჩელი ხუნდაძესთან 44 ხმით აგებს.

ჩოჩელის წარმომადგენლებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მცხეთაში სულ 10-მდე საჩივარი დაწერეს, თუმცა საოლქომ არც ერთი არ დააკმაყოფილა (ნაწილი განუხილველად დატოვა). #41 უბანზე დაფიქსირებული ფაქტის გამო (16 სადავო ბიულეტენი) ჩოჩელი ყველა უბნის გაბათილებული ბიულეტენის თავიდან შესწავლას ითხოვდა, იგი სხვა საჩივრით ასევე ითხოვდა მთლიანის ოლქის შედეგების ბათილობას და ხელახალ არჩევნებს, თუმცა საოლქომ ეს საჩვრები არ დააკმაყოფილა. ვარლამ ფერაძე აცხადებს, რომ სხვა უბნებზე საარჩევნო პროცესებს არაერთი დამკვირვებელი აკვირდებოდა და იქ რომ რაიმე პრობლემა ყოფილიყო გაბათილებულ უბნებთან დაკავშირებით, სხვა საჩივარიც დაიწერებოდა.

ჩოჩელს თავის საჩვრებზე დავის გაგრძელება სასამართლოში შეუძლია.

ვრცლად ცეზარ ჩოჩელის საჩივრებსა და არგუმენტებს, ასევე, ზემოხსენებულ ვიდეომასალას, შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი