ახალი ამბებისამართალი

სუს-მა დევნილთა ბინებთან დაკავშირებით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

3 ნოემბერი, 2016 • 1468
სუს-მა დევნილთა ბინებთან დაკავშირებით თაღლითობის საქმეზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, 2016 წლის ოქტომბრის თვეში ლაშა შ.  აფხაზეთიდან  დევნილ საქართველოს მოქალაქეს  დაჰპირდა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით  ქ. თბილისის ტერიტორიაზე მიიღებდა საცხოვრებელ ბინას, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა 6000 აშშ დოლარი.

“მიმდინარე წლის 2 ნოემბერს ლაშა შ-მ აღნიშნულ პირს მოტყუებით, თაღლითურად  გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 3000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი