ახალი ამბები

თამაზ ელიზბარაშვილი მდინარე ვერეზე უნებართვო მოაჯირის მონტაჟის გამო 10 ათასი ლარით დააჯრიმეს

3 ნოემბერი, 2016 • 2244
თამაზ ელიზბარაშვილი მდინარე ვერეზე უნებართვო მოაჯირის მონტაჟის გამო 10 ათასი ლარით დააჯრიმეს

თბილისის  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მდინარე ვერეს ნაპირზე მოაჯირის უნებართვოდ დამონტაჟების გამო ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი 10 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაცია 13 ივნისის სტიქიის შედეგად სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა  კომიტეტმა გაავრცელა.

“საქმე ეხება სვანიძის ქუჩის ბოლოს, მდინარე ვერეს ნაპირზე დამონტაჟებულ მოაჯირს, რომელიც, მერიის მტკიცებით, თამაზ ელიზბარაშვილმა აუცილებელი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე გააკეთა.

ამ ადგილას კაპიტალური მოაჯირი მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა და ადამიანებს დაახლოებით 3 მეტრის სიმაღლიდან მდინარე ვერეში ჩავარდნისგან იცავდა. მოგესხენებათ, გასული წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს მოაჯირი და თითქმის მთელი სვანიძის ქუჩა განადგურდა. თამაზ ელიზბარაშვილი, რომლის საცხოვრებელი სახლი სვანიძის ქუჩაზე მდებარეობს, თბილისის მერიას კარგახანს ოფიციალურად და საჯაროდ სთხოვდა, 13-14 ივნისის სტიქიისგან ყველაზე მეტად დაზიანებულ სვანიძის ქუჩაზე, მდინარე ვერეს ნაპირზე მოაჯირი გაეკეთებინა და ამით ადამიანთა სიცოცხლე დაეცვა.

თბილისის მერიამ თამაზ ელიზბარაშვილის და დედაქალაქის მცხოვრებთა თხოვნა არაფრად ჩააგდო. არადა, თითოეული გამვლელი დგებოდა სასიცოცხლო საფრთხის ქვეშ. ასეთი ფაქტი დაფიქსირდა კიდეც – ერთი ადამიანი მდინარეში ჩავარდა და სიკვდილს ძლივს გადაურჩა – სხვა ადამიანების დახმარების გარეშე გარდაუვალი იქნებოდა ფატალური შედეგი. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ თამაზ ელიზაბრაშვილმა საკუთარი ხარჯებით სასწრაფოდ აღადგინა მოაჯირი და მოაწყო ბეტონის ბილიკი, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას უსაფრთხო გადაადგილების საშუალება მისცა. ღობის აღდგენა არ განხორციელებულა თვითნებურად, ან პირადი ინტერესის გამო. აღნიშნული პრობლემების მოგვარება შედის სახელმწიფოს ვალდებულებაში და თამაზ ელიზაბარაშვილის არაერთი მცდელობის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია”,- ნათქვამია სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის განცხადებაში.

ნეტგაზეთმა ეს ინფორმაცია თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში გადაამოწმა, საიდანაც წერილობით გვიპასუხეს:

“თბილისში, თამარაშვილის შესახვევის №19-ის მიმდებარედ, სახელმწიფო ტერიტორიაზე მოქალაქე თამაზ ელიზბარაშვილის მიერ განხორციელდა ლითონის მილების, მოაჯირის განთავსება და ბეტონის ბილიკის მოწყობა შესაბამისი სანებართვო დოუმენტაციის გარეშე.

ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოხდა ფაქტის შემოწმება და ელიზბარაშვილს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა. მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 44-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა 10.000 ლარით”, – მოგვწერეს მერიიდან.

ნეტგაზეთმა მერიას დამატებით ჰკითა, რატომ არ აღადგინეს საკუთარი ინიციატივით ზემოხსენებული მოაჯირი? – მერიამ გვითხრეს, რომ მათ ზემოხსენებული ტერიტორია პროექტის მიხედვით აღადგინეს და უშუალოდ ამ მონაკვეთში მოაჯირის აღდგენა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი