ახალი ამბები

ზვარეში მუშებს სცემეს

3 ნოემბერი, 2016 • 2539
ზვარეში მუშებს სცემეს

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ცნობით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობაზე დასაქმებულ რამდენიმე მუშას დამსაქმებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სცემეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ჰოსპიტალიზირებულია 5 მუშა და 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პროფკავშირების ინფორმაციით, 2 ნოემბერს, გვიან ღამით, შპს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ზვარეს ობიექტის ადმინისტრაცია ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მაცხოვრებელს არმატურებისა და სხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით “სასტიკად გაუსწორდა”.

იმავეს უყვება “ნეტგაზეთს” მშენებლობაზე დასაქმებული ერთ-ერთი მუშა – მინდია ოკრიბელაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თავდამსხმელები ნასვამ მდგომარეობაში იყვნენ.

“ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არარსებობვის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ გლეხებს ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში”, – ნათქვამია პროფკავშირების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარეს ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა სცადეს, თუმცა კომპანიის ათობით წარმომადგენელმა “არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და სცემეს”. მათივე ცნობით, მუშებმა პოლიცია მაშინვე გამოიძახეს, რის შემდეგაც სიტუაცია დროებით განიმუხტა. ხუთი დაზარალებული ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“დილით, სამუშაო ცვლის დაწყებამდე, დასაქმებულები სიტუაციაში გარკვევას ითხოვდნენ, როცა მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და სხვადასხვა რკინის კონსტრუქციების გამოყენებით დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში”, – იუწყება პროფკავშირი.

როგორც მინდია ოკრიბელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, დაინახა, თუ როგორ წაართვა პოლიციის თანამშრომელმა ერთ-ერთ თავდამსხმელს ხორცის საკეპი ნაჯახი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში ვერ გვეუბნებიან, არის თუ არა ამ დროისათვის ვინმე დაკავებული.

“საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოება. დაუყოვნებლივ დააკავონ ზვარეს ობიექტის ადგილობრივი მენეჯმენტი და მიენიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში კომპანია“ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორი კომპანიაა, სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში საქართველოში რამდენიმე გვირაბს აშენებს. აქ დასაქმებული მუშები მძიმე სამუშაო პირობებს უჩიოდნენ და გაიფიცნენ კიდეც. მათი გაფიცვა გაფიცვა 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 4 სექტემბერს დასრულდა. როგორც მინდია ოკრიბელაშვილი ამბობს, გაფიცვის შემდეგ დამსაქმებლებისგან მუშები აგრესიას გრძნობდნენ.

ფოტო: პაატა ნინუა

ფოტო: პაატა ნინუა

მასალების გადაბეჭდვის წესი