ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ამომრჩეველი დავიბრუნოთ

2 ნოემბერი, 2016 • 1541
ზურაბიშვილი: ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ამომრჩეველი დავიბრუნოთ

“სამომავლოდ უფრო მკაფიოდ უნდა ჩამოვყალბიდეთ ყველაფერზე, იგივე ღირებულებით, იდეოლოგიურ თუ სხვა საკითხებზე, მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ ჩვენი ამომრჩეველი და ნუ შევეცდებით, რომ მემარჯვენესაც ვასიამოვნოთ, მემარცხენესაც, ლიბერალსაც და კონსერვატორსაც, ეგრე არ გამოვა,” – ამბობს დავით ზურაბიშვილი, “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი.

რახან “რესპუბლიკური პარტიიდან” წასული წევრები  არ ამბობენ, კონკრეტულად რაში იყო უთანხმოება, დავით ზურაბიშვილის თქმით,  მისი მხრიდან არაეთიკური და უხერხული იქნება მიზეზებზე საუბარი.

“ადრე იყო იგივე კონსტიტუციით ქორწინების განსაზღვრაზე წინააღმდეგობა და კამათი, ისევე, როგორც სხვა თემებზე, მაგრამ ასე თუ ისე ვახერხებდით ერთიანობის შენარჩუნებას. ორივე მხარე კომპრომისზე მიდიოდა, თუმცა ეს ზოგჯერ გვაზარალებდა, რადგან შუალედური გადაწყვეტილებებით გამოდიოდა, რომ ვერავის გულს იგებ, ყველა უკმაყოფილო იყო მერე. პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ის არის, რომ შემოსაზღვრული უნდა ჰქონდეს თავისი გავლენის ჯგუფები და ის ჯგუფები, რომლებიც მათი ამომრჩევლები არიან”.

მისივე განმარტებით, პარტიის სამომავლო განვითარებასა და წარსული გზის შეფასებაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა:

“ამ ადამიანებმა ჩათვალეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი შეხედულებები შეუთავსებელია, შეჯერება ვერ ხერხდება და შიდა ომს, შინაგან დაპირისპირებას, ცალკე გასვლა ამჯობინეს.  ჩვენს პარტიაში ახლაც მიმდინარეობს დისკუსია, რა და როგორ განვითარდეს  შემდგომში. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ჩვენი ამომრჩევლის პოვნა. ძალიან მძიმე შედეგი მივიღეთ და ყველაფერი უნდა ვცადოთ იმისთვის, რომ ამომრჩეველი დავიბრუნოთ.”

დავით ზურაბიშვილის ინფორმაციით, პარტიაში  რჩებიან  ხათუნა სამნიძე, დავით ბერძენიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თამარ კორძაია, თამარ ხიდაშელი, ივლიანე ხაინდრავა.

“თუ პარტიის ყოფილი წევრები პოლიტიკაში ჩაერთვებიან, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ ურთიერთობა გვქონდეს, როგორც სხვა პოლიტიკურ ძალასთან.”

“რესპუბლიკური პარტია” უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა,  ფრიდონ საყვარელიძემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თინა ხიდაშელმა, თეიმურაზ ნერგაძემ, ნოდარ ებანოიძე.

29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა, რომელიც იყო რეპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე 2013 წლამდე და 2016 წლის არჩევნებში პროპორციული სიის პირველი ნომერი, რესპუბლიკური პარტია დატოვა.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის,  ხათუნა სამნიძის განაცხადებით,  პარტიას სჭირდება არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი, არამედ მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა.

“ვფიქრობ, ჩვენს პარტიას სჭირდება მკვეთრად ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, არა მიკიბვ-მოკიბვით ლაპარაკი. ჩვენ 2008-ში, ძალიან მძიმე პერიოდში, მივიღეთ 69 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა, ჩვენ ეს ამომრჩევლები დავკარგეთ და გვაქვს 27 ათასი ადამიანის მხარდაჭერა. ეს ჩემთვის არის სიგნალი, რომ ადამიანებმა, მაშინ, როცა ხედავდნენ პარტიის ძალიან მკვეთრ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ პოლტიკას, პარტიის ამ ოთხწლიან პოლიტიკაში ვერ დაინახეს და შესაბამისი პასუხი გაგვცეს. ეს არ არის ერთადერთი კომპონენტი ამ შედეგის, ბუნებრივია. წინასაარჩევნო კამპანიას თუ გავისხენებთ, ეს იყო მტრული, შავ-თეთრი, მტრის ხატზე დაფუძნებული. ამანაც იმოქმედა”, – ამბობს ხათუნა სამნიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი