ახალი ამბები

ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ

1 ნოემბერი, 2016 • 1606
ხუნდაძე: მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ

“მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, სავარაუდოდ, მხარს დავუჭერ”, – ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის წვერმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა დღეს, 1 ნოემბერს.

“მე [ეს] ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე პარლამენტში, მაგრამ სანამ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება, თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს. ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ ეს სისტემა შემდგომში საჭირო აღარ იყოს”, – განაცხადა ხუნდაძემ.

მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას და მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი რამდენიმე წელია ითხოვს, თუმცა 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტში “ქართულმა ოცნებამ” განაცხადა, რომ სისტემას 2020 წლამდე არ შეცვლის. დღეს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობასთან თათბირი იმაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა მაჟორიტარული სისტემა. მისივე თქმით, გუნდში ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

იმის მიუხედავად, რომ  მმართველმა პარტიამ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 1/2-ის მხარდაჭერაც კი ვერ მიიღო, მაჟორიტარული კომპონენტის წყალობით პარლამენტში მანდატების 3/4 ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი