ახალი ამბები

ვინ აგებს პასუხს საარჩევნო სარეკლამო sms-ებზე?

1 ნოემბერი, 2016 • 2113
ვინ აგებს პასუხს საარჩევნო სარეკლამო sms-ებზე?

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ცნობით, მუნიციპალიტეტები, რომლებისგანაც მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინებები მისდიოდა, არ ფლობენ მოქალაქეთა სატელეფონო ნომრების ბაზას და შეტყობინებებს ერთ-ერთი კომპანიის მეშვეობით აგზავნიდნენ. თუმცა, ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია, რა პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს ამა თუ იმ მუნიციპალიტეტს, საარჩევნო სუბიექტს თუ საკომუნიკაციო კომპანიას.

2016 წლის ოქტომბრის წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას თვითმმართველობებისგან და საარჩევნო სუბიექტებისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები (sms-ები) მისდიოდა. თვითმმართველობები მოსახლეობისათვის გაგზავნილ sms-ებში წერდნენ ინფორმაციას დასრულებული პროექტების შესახებ, არჩევნების დღეს კი პოლიტიკური სუბიექტები მოქალაქეებს არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ.

21 სექტემბერს ქუთაისისა და ბათუმის მერიებმა მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და ქუჩებისა და ბაგა-ბაღის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ცნობით, ამგვარი შეტყობინებებები მიიღეს ქუთაისის, ბათუმის, ქობულეთის, წყალტუბოს, ხაშურის, მარტვილის, ზუგდიდის, თელავის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ქედის, ფოთის, სენაკის და ახალციხის მცხოვრებლებმა. შეტყობინებებს თან ახლდა შეტყობინებების მიღების გამორთვის (sms off) ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია, უარი თქვას ინფორმაციის მიღებაზე, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმურია შეკითხვები, რომლებიც მოქალაქეებს მათი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების თაობაზე უჩნდებათ.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატში გვეუბნებიან, გამოიკვეთა 70-მდე მუნიციპალიტეტი, ვისი სახელითაც შეტყობინებები გაიგზავნა. თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, თამარ ქალდანი, “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ისაა გარკვეული, რომ თვითმმართველობებს მოქალაქეების ტელეფონის ნომრები “არ ჰქონდათ და არ აქვთ”.

“[მუნიციპალიტეტები კომუნიკაციას] უშუალოდ ახორციელებდნენ უფლებამოსილი პირის მეშვეობით, რომელიც არის კომუნიკაციის განმახორციელებელი ერთ-ერთი კომპანია”, – ამბობს ქალდანი, თუმცა ინსპექტორმა არ გვიპასუხა, თუ ზუსტად რომელ კომპანიაზეა საუბარი. “რადგან სრული პროცესი დასრულებული არ არის, არ ვასაჯაროვებთ ხოლმე დამატებით ინფორმაციას”, – გვითხრა თამარ ქალდანმა. თუმცა, როგორც “ნეტგაზეთს” ახალციხის მერიაში განუცხადეს, მოკლე ტექსტური შეტყობინებები მოქალაქეებს მაგთის” სატელეფონო ანძების საშუალებით გაუგზავნეს.

რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტებს, რომლებიც მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით, — როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორის აპარატიდან გვაცნობებენ, აპარატს წინასაარჩევნო პერიოდში არაერთმა მოქალაქემ მიმართა საარჩევნო სუბიექტების სახელით მათთან გაგზავნილ sms-ებთან დაკავშირებით. მათ შორის ერთ-ერთი იყო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მთაწმინდის რაიონში – ნიკა რურუა. ასევე, “ქართული ოცნების” კრწანისის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია.

sms-ი ბათუმის მერიისაგან

sms-ი ბათუმის მერიისაგან

“ჩვენ ყველა იმ შეტყობინებაზე, რომელიც სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან იგზავნებოდა, განცხადებები და შეტყობინებები მივიღეთ. უმრავლესობაზე დაწყებული გვაქვს საკითხის შესწავლა. ჯერჯერობით არ გარკვეულა, თუ საიდან ჰქონდათ მათ მოქალაქეების ტელეფონების ნომრები”, – ამბოს თამარ ქალდანი.

“მოქალაქეების ინფორმაციით, აქაც შეტყობინებას თან ახლდა უარის თქმის მექანიზმი, თუმცა აქტუალური იყო შეკითხვა საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების გზების შესახებ. ამ შემთხვევაშიც საკითხის შესწავლა იმავე პრინციპით დაიწყო”, – გვეუბნებიან ინსპექტორის აპარატში. 

ჩვენ ვიკითხეთ, იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა, რომ მოქალაქეთა საკონტაქტო ინფორმაცია ჰქონდა ამა თუ პროვაიდერ კომპანიას და თვითონვე გამოიყენა რეკლამის გასავრცელებლად, — დაარღვია თუ არა ამით კომპანიამ, საარჩევნო სუბიექტმა ან მუნიციპალიტეტმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი და რა სანქცია შეიძლება გატარდეს მისი მისამართით, რაზეც ინსპექტორის აპარატიდან ასეთი პასუხი მივიღეთ:

“ვინაიდან ეს არ არის პირდაპირი მარკეტინგის კლასიკური შემთხვევა, სადაც კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკაში არსებობს ცალსახად გაცემული პასუხები, ბევრ დეტალს აქვს მნიშვნელობა. კანონმდებლობა არც ამომრჩეველთან კომუნიკაციას და მოქალაქეების ინფორმირებას კრძალავს. შესაბამისად, იმის დასადგენად, არსებობს თუ არა დარღვევა და რა სახის, სხვადასხვა საკითხის დეტალური შესწავლაა საჭირო. ამ ეტაპზე წინასწარი ვარაუდი, თუ რა შედეგი შეიძლება დადგეს საკითხის შესწავლის შედეგად, როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე მუნიციპალიტეტების შემთხვევაში, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია”, – გვიპასუხეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის პრესსამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი