ახალი ამბები

იან კელი: მხარს ვუჭერ იმას, რასაც “რუსთავი 2” ასახავს

1 ნოემბერი, 2016 • 1693
იან კელი: მხარს ვუჭერ იმას, რასაც “რუსთავი 2” ასახავს

აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დღეს, 1 ნოემბერს, “რუსთავი 2”-ს ესტუმრა, ტელეკომპანიის პავილიონები დაათვალიერა და მის თანამშრომლებს შეხვდა.

იან კელიმ “რუსთავი 2”-ის დათვალიერების შემდეგ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოში მედიის მრავალფეროვნებას უჭერს მხარს.

“ერთი წელია საქართველოში ვიმყოფები. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა მოვსულიყავი, დამეთვალიერებინა “რუსთავი 2” და შევხვედროდი ყველა ჟურნალისტს. ეს არ არის რაიმე სახის ახალი სიგნალი ჩემი მხრიდან. ჩვენი მუდმივი გზავნილია ის, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მედიის მრავალფეროვნებას. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს წვდომა ყველა შეხედულებასთან, მან უნდა მოუსმინოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრცის ყველა მონაწილეს. დემოკრატიის გადარჩენისა და განვითარებისთვის აუცილებელია იყოს ისეთი არხები, როგორიც “რუსთავი 2”-ია.  ის ასახავს ყველა შეხედულებას. აქ იმისათვის არ მოვსულვარ, რომ “რუსთავი 2”-ს დავუჭირო მხარი. მე ამერიკელი დიპლომატი ვარ და არ ვუჭერ მხარს ერთ ან რომელიმე ტელევიზიას, მაგრამ ვუჭერ მხარს იმას, რასაც “რუსთავი 2″ ასახავს”, – განაცხდა ელჩმა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 10 ივნისს გამართულ სხდომაზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანიის 100% ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მაკიუთვნა.

2015 წლის 3 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე.

სასამართლომ ხალვაშს მიაკუთვნა რუსთავი 2-ის წილის 100-ვე პროცენტი და ბათილად ცნო მის მიერ გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რის შემდეგაც ხალვაშმა რუსთავი 2-ში წილი დათმო. სასამართლო დავა “რუსთავი 2”- ის მფლობელებსა და ქიბარ ხალვაშ შორის 2015 წლის აგვისტოდან დაიწყო.

სასამართლო დავის პარალელურად, იმართებოდა აქციები “რუსთავი 2”-ის მფლობელების მხარდასაჭერად. რუსთავი 2-ის მენეჯმენტი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს სასამართლო პროცესი დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ყველა ამბავი ქიბარ ხალვაშისა და “რუსთავი 2”-ის დავის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი