ახალი ამბები

საქართველოს სავიზო საკითხი ევროპარლამენტის ნოემბრის სესიის დღის წესრიგის პროექტში შეტანილი არ არის

1 ნოემბერი, 2016 • 2031
საქართველოს სავიზო საკითხი ევროპარლამენტის ნოემბრის სესიის დღის წესრიგის პროექტში შეტანილი არ არის

ევროპარლამენტის ნოემბრის სესიის [21-24 ნოემბრის] დღის წესრიგის პროექტში საქართველოსთვის (ასევე უკრაინისთვის) სავიზო რეჟიმის მინიჭების განხილვის საკითხი შეტანილი არ არის.

ევროპარლამენტის სამუშაო დღის წესრიგი მისი ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დღის წესრიგში ასევე არაფერია ნათქვამი სავიზო რეჟიმის ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმზე, რომელიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას უკავშირდება.

დღის წესრიგის პროექტი

დღის წესრიგის პროექტი

კორეპერი – ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი- 5 ოქტომბერს შეთანხმდა, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე ევროპარლამენტთან მოლაპარაკებები დაიწყოს.

“ევროკავშირის საბჭო მიიჩნევს, რომ [საქართველოსთან] სავიზო რეჟიმი იმ დროს უნდა გაუქმდეს, როდესაც ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმი შევა ძალაში”, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

ჯერჯერობით უცნობია, როდის მიიღებენ ევროსტრუქტურები ე.წ. სწრაფი შეჩერების მექანიზმს, რაზეც, როგორც ირკვევა, საქართველოს სავიზო ლიბერალიზაციის ბედიცაა დამოკიდებული.

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისთვის შემდეგი პროცედურებია დარჩენილი:

ევროპარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით (საჭიროა სულ მცირე 376 მომხრე, პარლამენტის 751 წევრიდან) და შემდგომ ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს უგზავნის კენჭისყრისთვის.

მინისტრთა საბჭო, რომელშიც შედიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები (მხოლოდ შენგენის ზონაში შემავალი ქვეყნების), კენჭს უყრიან ევროკომისიის წინადადებას. ოფიციალურად გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 228 ხმა 309 ხმიდან (არაოფიციალურად, საჭიროა კონსენსუსი).

გადაწყვეტილება იბეჭდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.
გადაწყვეტილება გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს შედის ძალაში, თუ სხვაგვარად არ გადაწყვეტს მინისტრთა საბჭო და არ გააკეთებს შესაბამის ჩანაწერს მიღებულ გადაწყვეტილებაში.

ყველა ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შეეძლება ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული მიზნით უვიზოდ გაემგზავროს და 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეს.

27 ოქტომბერს ევროპარლამენტის დეპუტატებმა ევროკავშირის საბჭოს მოუწოდეს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები “ყოველგვარი გადავადების გარეშე” დაიწყონ.

განცხადებაში, რომელიც ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე 26 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების შესახებ დაწყებული მოლაპარაკებების გადავადების არანაირი მიზეზი არსებობს.

ევროპარლამენტის დეპუტატების განცხადებით, ევროკომისიამ უკვე დაადასტურა, რომ საქართველო სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რაც სავიზო ლიბერალიზაციისთვის არის საჭირო.

ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი ივლისიდან მოყოლებული მსჯელობენ, თუ რომელ ინსტიტუტს უნდა ჰქონდეს შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობა. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, სანამ შეჩერების მექანიზმის დაწესება ევროპარლამენტთან არ შეთანხმდება, ევროდეპუტატები აკრიტიკებენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე კლოდ მორე და მომსხენებელი მარია გაბრიელი თავიანთ მიმართვაში აცხადებენ, ევროპარლამენტის პრინციპი ისაა, რომ ყველა ქვეყანა, რომელიც დადგენილ კრიტეტიუმებს აკმაყოფილებს, უნდა სარგებლობდეს სავიზო ლიბერალიზაციით.

მარია გაბრიელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში საქართველო იგულისხმება. ევროპარლამენტის მომხსენებელი ევროკავშირს მოუწოდებს,  შეასრულოს დაპირება და აღარ გადადოს საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ დაწყებული მოლაპარაკებები. მისი თქმით, სავიზო ლიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირს წარმოადგენს, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან კონკრეტული მიღწევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი