ახალი ამბები

დამარცხების შემდეგ გელაშვილი გუნდს აკრიტიკებს, თუმცა “ქართული ოცნების” დატოვებას არ აპირებს

1 ნოემბერი, 2016 • 2207
დამარცხების შემდეგ გელაშვილი გუნდს აკრიტიკებს, თუმცა “ქართული ოცნების” დატოვებას არ აპირებს

“ქართული ოცნების” ხაშურის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვალერი გელაშვილი დამარცხების მიზეზად მხარდამჭერთა ნაწილისა და შტაბის წევრების ღალატს ასახელებს და ამბობს, რომ თავად უფრო აქტიურად უნდა ემოქმედა. გელაშვილის თქმით, ის რჩება პარტიაში და აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

“საკუთარ თავს მივაწერ დამარცხებას. მე თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ასე მოხდება და უნდა მემოქმედა, პრევენცია უნდა გამეტარებინა. პარტია რა შუაშია? მე მიღალატეს თვითონ ხაშურში – გუნდშიც და მხარდამჭერებშიც. მე ისევ ვიქნები პარტიის წევრი,” – აცხადებს გელაშვილი. ის არ საუბრობს, კონკრეტულად ვინ და რა ფორმით უღალატა.

ვალერი გელაშვილი მმართველი პარტიის ერთადერთი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, რომელიც არჩევნებში დამარცხდა.

ცესკოს მონაცემებით, 30 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ხაშურის #43 მაჟორიტარულ ოლქში პარტია “თოფაძე-მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ ხმათა 61.55% მიიღო, ხოლო ვალერი გელაშვილმა – 38.45%.

მასალების გადაბეჭდვის წესი