ახალი ამბები

დავით ბაქრაძე: რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ჩვენი ბრძოლა გრძელდება

31 ოქტომბერი, 2016 • 2168
დავით ბაქრაძე: რაც არ გკლავს, გაძლიერებს,  ჩვენი ბრძოლა გრძელდება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] ლიდერმა დავით ბაქრაძე არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით 31 ოქტომბერს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ “ბრძოლა გრძელდება”.

“ზეწოლის, დაშინების, ადმინისტრაციული და ქუჩის ზეწოლის შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურმა ძალამ, რომელმაც ამ ყველაფრის მიუხედავად მიიღო მხოლოდ 48 %-ის მხარდაჭერა, მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყანაში შეიქმნა ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა. ეს არის ის რეალობა, რომელიც შეიქმნა დღეს და რომლის სამწუხარო შედეგსაც ჩვენი საზოგადოება იგრძნობს მომავალი წლების განმავლობაში”, – განაცხადა ენმ-ის ამჟამინდელმა დეპუტატმა და საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა. 

ბაქრაძის განცხადებით, ენმ-მ სწორედ ამ რეალობის გამო მიიღო გადაწყვეტილება, გასულიყო მეორე ტურებში და სწორედ ამის გამო  პარტია მომავალში იქნება “მორალურად მართალი”:

“რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონია ილუზია და ველოდებოდით ზეწოლასაც, ძალადობასაც, გაყალბებასაც, მაგრამ ჩვენ შევედით ბრძოლაში იმიტომ, რომ არ ვაპირებდით გვეჩუქნა 45 ადგილი “ოცნებისთვის”. არ ვაპირებდით უბრძოლველად დაგვეთმო საკონსტიტუციო უმრავლესობა. და მომავალ წლებში, როცა ქართული საზოგადოება იგრძობს ერთპიროვნული და ერთპარტიული არჩევნების შედეგებს, ჩვენ ვიქნებით მორალურად მართალი იმიტომ, რომ ჩვენ არ გავექეცით ბრძოლას, ჩვენ ბოლომდე ვიდექით ბრძოლაში, თუნდაც უთანასწოროში”.

ბაქრაძე ამბობს, რომ მათი ბრძოლა გრძელდება:

“ ჩვენ ბოლომდე ვეცადეთ, რომ ამ ქვეყანაში ყოფილიყო დემოკრატიული, მრავალპარტიული სისტემა და არ ყოფილიყო ერთ ადამიანზე და ერთ პარტიაზე მორგებული სისტემა. ამიტომ ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ის ფაქტი, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ და მართალი ვართ მორალურად, გვიქმნის მყარ საფუძველს მომავალი პოლიტიკური აქტიურობისთვის და მომავალი პოლიტიკური ბრძოლისთვის”.

ენმ-ის ლიდერმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ენმ უახლოეს მომავალში კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, თუმცა არ დაუკონკრეტებია სხვა დეტალები:

“დღეს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე. გვჭირდება კარგად გააზრება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი ნაბიჯები.  გვჭირდება ერთიანობა და აქედან გამომდინარე უახლოეს ხანში თქვენ იხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგმულს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან”.

დავით ბაქრაძემ პირდაპირ არ უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ამ კითხვაზე საპასუხოდ მან ისაუბრა დარღვევებზე და განაცხადა, რომ ბრძოლა გრძელდება და ამისთვის გამოყენებული იქნება ყველა ტრიბუნა.  მისი თქმით, მართალია, ენმ-ს პარლამენტში კენჭისყრის შედეგებზე გავლენის მოხდენა არ შეეძლება, თუმცა საპარლამენტო ცხოვრება არ არის მხოლოდ კენჭისყრა. 

“რაც არ გკლავს, გაძლიერებს , ბრძოლა გრძელდება”, – განაცხადა მან.

ენმ-ის მაჟორიტარობის კანდიდატები 30 ოქტომბერს 50 საარჩევნო ოლქში გამართულ მეორე ტურზე დამარცხდნენ. პარტიამ კი ამომრჩეველთა ხმების 27.11% მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ენმ 2016-2020 წლის პარლამენტში 27 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი