ახალი ამბები

პრეზიდენტი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა

31 ოქტომბერი, 2016 • 1251
პრეზიდენტი: მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა, თუმცა ეს იყო გარკვეულწილად საზოგადეობის დაკვეთა.

“საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა, ქართულ საზოგადეობას, რომლის აქტიურობის შედეგადაც, ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი, თქვენი მოღვაწეობის შედეგად, ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის. მინდა მადლობა ვუთხრა მედიას, თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის, ფაქტიურად, ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის, შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა მივულოცო პარლამენტში მოხვერილ პოლიტიკურ ალებს: ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას, პატრიოტთა ალიანსს, ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა ქართულ პარლამენტში. მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადეობის დაკვეთა, თუმცა მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება, შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, აქტიურად იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში. კიდევ ერთხელ გილოცავთ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების წარმატებას”, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

აღნიშნული განცხადება გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 31 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ, 30 ოქტომბერს გაიმართა, რომლის შედეგადაც, 48 მაჟორიტარულ ოლქში “ქართული ოცნების” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, მთაწმინდის ოლქში – დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო ხაშურის ოლქში – “მრეწველების” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ.

არჩევნების პირველ ტურის შედეგის მიხედვით, საარჩევნო ბარიერი გადალახა სამმა პარტიამ: ქართულმა ოცნებამ (48%), ნაციონალურმა მოძრაობამ (27%) და პატრიოტთა ალიანსმა (5%).

მასალების გადაბეჭდვის წესი