ახალი ამბები

როცა გაუპატიურებულ გოგონას ისევ გაუპატიურების ეშინია

31 ივლისი, 2012 • 7324
როცა გაუპატიურებულ გოგონას ისევ გაუპატიურების ეშინია

სოფელში ქილიკის საგნად ქცეულ გოგოს ოჯახს ხელვაჩაურის პოლიციაში უთხრეს, რომ ვერაფერს გამოიძიებენ, რადგან დაზარალებულმა პოლიციას ვერც მოწმე მიუყვანა და ვერც მზა მტკიცებულება მიაწოდა.

 

“შუადღე იყო, სახლიდან მოშორებულ ყანაში მწვანილის მოსატანად რომ წავედი. როცა სახლში მოვდიოდი, ტყიდან გამოვიდა გოჩა მ. ხელში ეჭირა სანადირო თოფი. მითხრა, აქედან ფეხი არ მოიცვალო, თორემ ამ თოფით მოგკლავო. ზურგში გოდორი მეკიდა, გამომგლიჯა და ტყეში დამალა.

 

მე მომენტი ვიხელთე და გამოვიქეცი, მაგრამ დამეწია და თოფი ზურგზე მომაჭირა. რომ არ გავჩერდი, ჰაერში ისროლა. შემდეგ ხელი ჩამავლო და მიმათრია მის ოხერ ნალიაში”, – ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომლითაც 16 წლის გოგონამ (სტატიაში მოხსენიებული იქნება, როგორც კატო) ხელვაჩაურის პოლიციას მიმართა. წერილში მოთხრობილი ამბის დროს ის 15 წლის იყო.
კატო ჰყვება მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დეტალებს.

 

“მე ვტიროდი, ის ძალადობდა. ტანზე გაიხადა თუ არა, არ ვიცი, მე თოფს ვუყურებდი”.

 

წერს იმაზე, რომ მოძალადემ იგი ნალიაში დიდხანს გააჩერა, რადგან სიარული ვეღარ შეძლო:

 

“ორი საათი მეუბნებოდა, რაც გაგიკეთე, სადმე არ თქვა, თორემ მოგკლავ და შენი ოჯახის წევრებსაც მოგაყოლებო. ვუთხარი, რომ ოღონდ არ მოვეკალი და რაც გამიკეთა, არსად გავამხელდი”.

 

გოგონა ამბობს, რომ ნალიიდან როგორც კი გამოიქცა, სახლში მივიდა და იბანავა.

 

“სისხლიანი შარვალი გავრეცხე. მეშინოდა, არავის დავენახე”.

 

მამაკაცი ძალადობიდან ერთ თვეში ისევ შეხვდა გოგონას:

 

“წალდი ეჭირა ხელში და წალდით დამემუქრა. მკითხა, ორსულად ხომ არ ვიყავი. თუ ორსულად ხარ, ფულს მოგცემო”.

 

ის სახლიდან თითქმის არ გადიოდა. უახლოესი მეზობლის კაცი კი შორიდან თუ შეავლებდა თვალს, ემუქრებოდა – “ან წალდი ეჭირა ხელში, ან თოფი. შორიდან მაჩვენებდა, წალდს მიღერებდა”.

 

დანაშაულის კვალის დაფარვის მეთოდი და გაუპატიურების მუქარა 

 

კატომ გაუპატიურების შესახებ მშობლებს მას შემდეგ გაუმხილა, როცა დარწმუნდა, რომ გოჩა მ. თურქეთში წავიდა სამუშაოდ.
მანამდე კი არაერთი ძალადობა-შეურაცხყოფა აიტანა. ოჯახისა და მეზობლებისგან ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფრაგმენტებს დედა – ნაზი ჰყვება:

 

“ეტყობა, გოჩამ ამბავი დაყარა სოფელში, რადგან ერთ დღეს მეზობელმა და ქმრის ბიძაშვილმა – ვლადიმერმა ჩემს ქმარს უთხრა, რომ შენი შვილი ორსულად არისო. იმან ცემა და ყვირილი დაიწყო”.

 

მამამ სცემა გოგონა, დედამ კი დაკითხვა მოუწყო და ტესტი ჩაუტარა ორსულობაზე. ორსულობა არ დადასტურდა.

 

“შემდეგ და მანამდეც მეზობლის ქალები მოდიოდნენ და ბავშვს დაჟინებით აკვირდებოდნენ მუცელზე. თან ამბობდნენ, რომ მალე ამბავი გასკდებოდა. ვგრძნობდი, რომ რაღაც ცუდი მჭირდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა”, – ჰყვება დედა.

 

კატოს ორსულობას სოფელში რატომღაც ერთ ყმაწვილს, კახას უკავშირებდნენ. ის მეზობელ სოფელში ცხოვრობს. კატოს წინააღმდეგობის მიუხედავად, ნაზიმ, ამბის გარკვევის მიზნით, კახას ოჯახს დაურეკა.

 

“დედას ვეხვეწებოდი, რომ არ დაერეკა, მაგრამ მაინც დარეკა… კახამ ადრე, ერთხელ მითხრა, რომ მოვწონდი. მეც მომწონდა, მაგრამ სულ ეს იყო. ცდილობდნენ, ჩემი ამბავი კახასთვის დაებრალებინათ და ეს არ მინდოდა”.

 

ოჯახისა და გოგონას მიმართ, რომელსაც მეზობლები “აშვებულს” უწოდებდნენ, ფსიქოლოგიური ძალადობა სოფელში თვეობით გრძელდებოდა.

 

ნაზი: “ერთ დღეს ნათლია მოვიდა და მეზობლის ბიჭების შემონათვალი გადმოგვცა – გახეთქონ ამბავი, კატო ორსულად რომ არის, თორემ სოფლის ყველა ბიჭი მივალთ გოგოსთანო”.

 

ნაზისა და მისი მეორე ქალიშვილის ცრემლების სოფელში არ სჯეროდათ. მამა და ზოგჯერ დედაც, მეზობლების ყოველი დემარშის შემდეგ კატოს სცემდნენ.

 

კატო ჩუმად იყო.

 

ახლა, ამბის გამხელის შემდეგ, კატოს ოჯახში კიდევ უფრო ეშინიათ. მათ გოჩა თავის მეუღლესთან ერთად აბუჩად იგდებს, სოფლელები კი ეუბნებიან, რომ პოლიციისთვის ფაქტების გარეშე არ უნდა მიემართათ და სჯობდა ამბავი სოფელს გაერჩია:

 

“ამ სიცხეში ფანჯრებსაც კი ვერ ვაღებთ, სახლი დაბალია და ვინ გადმოძვრება, რა ვიცი. ძაღლიც მოგვიკლეს ცოტა ხნის წინ. პოლიციაში წავედით, მაგრამ ვახო თედორაძემ აქეთ მიყვირა, შენს გოგოს ასწავლე, ცოლიან კაცებს ნუ ყვარობსო… ღმერთის იმედიღა მაქვს”.

 

ხელვაჩაურის პოლიცია

 

კატო, ისე როგორც გოჩა, ხელვაჩაურის პოლიციის განყოფილებაში ვახტანგ თედორაძემ დაკითხა. ნაზის თქმით, პოლიციელიც დაჟინებით იმეორებდა, რომ კატოს ოთხი აბორტი ჰქონდა გაკეთებული:

 

“ვახომ მითხრა, გოგო ოთხჯერ რომ გყავდა თბილისში წაყვანილი აბორტზე, აბა, რა გეგონაო. მე ვიფიცებდი, რომ არსად მყავდა აბორტზე… ექსპერტიზაზე გამიშვა. დადგინდა, რომ ჩემი გოგო ქალიშვილი არ არის, მაგრამ არც ერთი აბორტი არ აქვს გაკეთებული. აბორტებზე გოჩას ცოლმა უთხრა პოლიციას, რომელიც დაკითხვის დროს ქმარს ახლდა. ვახოს ოთხი აბორტის ამბავი ექსპერტიზის მერე აღარ უხსენებია”.

 

პოლიციაში დაკითხვის ფრაგმენტებს კატოც იხსენებს: “ვახტანგ თედორაძემ მიყვირა, იმ წუთას რატომ არ თქვიო. რა ვქნა, მეშინოდა და ვერ ვთქვი”.

 

კატოს არც ადვოკატი ჰყავს და არც დაზარალებულად არის ცნობილი. შესაბამისად, მის ოჯახს არ აქვს საშუალება, გაეცნოს გოჩა მ.-ს ჩვენებას. ერთ-ერთმა ადამიანმა, რომელსაც გოჩა მ.-ს ჩვენებაზე ხელი მიუწვდებოდა, კატოს მშობლებს ჩვენებიდან ერთი მონაკვეთი გააცნო:

 

“ჩვენებაში თურმე უწერია – მე არ გამიუპატიურებია, ფეხებს შორის გავუთავეო”.

 

არის თუ არა აღძრული სისხლის სამართლის საქმე 16 წლამდე ასაკის გოგონას მიმართ სექსუალური კავშირის ფაქტზე? – ამ ინფორმაციის გადამოწმება “ბათუმელებმა” პოლიციელ ვახტანგ თედორაძესთან სცადა.

 

“ტრენინგზე ვარ, პრესცენტრს მიმართეთ”, – ამ სიტყვების შემდეგ პოლიციელმა ტელეფონი გათიშა.

 

იმავე ინფორმაციის გადამოწმების მიზნით “ბათუმელები” მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა. პროკურატურაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და დაგვიკავშირდებიან.

 

რაზე ოცნებობს კატო

 

კატო ამბობს, რომ მარტო სახლიდან ახლაც არ გადის: “მეშინია, შეიძლება მომკლას”. ის მხოლოდ ერთ რამეზე ოცნებობს:

 

“ავად ვარ მაგის გამო, მაგრამ ერთი სურვილი მაქვს – დაიჭირონ. გაივლის-გამოივლის, ნერვებს მიშლის – იცინის, მხიარულობს. მინდა, მე რომ მაწვალა, ისე იწვალოს ციხეში”.

 

ოჯახის ინფორმაციით, გოჩა მ. აქამდეც იყო გასამართლებული ქურდობაზე და ორწლიანი პირობითი მსჯავრით გაათავისუფლეს. კატოს მამა, ნოდარი, წლებია ინვალიდობის პენსიას იღებს. ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი