ახალი ამბები

Must Carry – თავსატეხი საკაბელო და სატელიტური ოპერატორებისთვის

30 ივლისი, 2012 • • 1586
Must Carry – თავსატეხი საკაბელო და სატელიტური ოპერატორებისთვის

აღნიშნული შეხვედრა კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” ინიციატივით გაიმართა. დისკუსიისას კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა კახი ყურაშვილმა “მასთ ქერისთან” დაკავშირებულ იმ პრობლემურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები(საკაბელო და სატელიტური ტრანზიტორები).

 

კახი ყურაშვილის თქმით, მაუწყებლობის ტრანზიტორები ძირითადად აცხადებენ, რომ საარჩევნოდ “მასთ ქერის” პრინციპის დანერგვა გამოიწვევს მათ მიერ მომხმარებლებისთვის შეთავაზებული პაკეტების შეცვლას, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზია.  ასევე ღიად არის დარჩენილი საკითხი, თუ ვინ უნდა გადაიხადოს საკაბელო ქსელში კონკრეტული მაუწყებლის ჩართვის საფასური – თავად მაუწყებელმა თუ მაუწყებლობის ტრანზიტორმა კომპანიამ?

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის, კახი ყურაშვილის თქმით, თუ “მასთ ქერის” პრინციპის ამოქმედებიდან კონკრეტულმა მაუწყებელმა საკაბელო ან სატელიტურ ტრანზიტორ კომპანიას არ მიმართა ქსელში ჩართვის მოთხოვნით, მაშინ მაუწყებლობის ტრანზიტორს შეუძლია საერთოდ არ ჩართოს ეს ტელეარხი თავის სამაუწყებლო პაკეტში. ხოლო თავად საკაბელო კომპანიას შეუძლია ნებისმიერი მაუწყებელი, რომელსაც აქვს საერთო მაუწყებლობის ლიცენზია, ჩასვას საკუთარ პაკეტში.

 

ტელეკომპანია “მეცხრე არხის” დირექტორი კახა ბექაური მიიჩნევს, რომ ეს არის დამატებითი ბარიერი იმის შესაქმენლად, რომ “მეცხრე არხი” გარკვეულმა საკაბელო კომპანიებმა საკუთარ ქსელში არ ჩართონ. კახა ბექაურის თქმით, შესაძლოა, რომელიმე საკაბელოს ტელეარხის მიერ ქსელში ჩართვის მოთხოვნა ფოსტით არ მიუვიდეს, ან სხვა მისამართზე იყოს რეგისტრირებული და იმის გამო, რომ ეს მოთხოვნა მას არ ჩაბარდა, საკუთარ ქსელში არ ჩართოს ტელეკომპანია. კოალიცია “მედიის ადვოკატირბეისთვის” მიიჩნევს, რომ ასეთი მიმართვა ტელეკომპანიის მხრიდან საჭირო არ უნდა იყოს და რადგან კანონი ავალდებულებს, სწორედ მაუწყებლობის ტრანზიტორმა უნდა უზრუნველყოს საკუთარ ქსელში საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის  მქონე  ტელეარხების ჩართვა.

 

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლის, კახი ყურაშვილის განმარტებით, ამ დროისათვის საქართველოში რეგისტრირებულია 100–ზე მეტი მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანია, თუმცა რეალურად მხოლოდ 70–მდე მათგანი მუშაობს. ყურაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში დაზუსტდება მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების მისამართები, ტელეფონის ნომრები, მათი აბონენტების ზუსტი რაოდენობა, რაც გამოქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ტელეკომპანია დაზღვეული ფოსტით ოფიციალურ მისამართზე გაუგზავნის მაუწყებლობის ტრანზიტორ კომპანიას ქსელში ჩართვის მოთხოვნას, მაშინ ეს განცხადება მიღებულად ჩაითვლება. თუ ამის შემდეგ მაინც არ ჩართო საკუთარ ქსელში ტრანზიტორმა კომპანიმ რომელიმე მაუწყებელი, მას ერთი წლის ვადით შეუჩერდება ლიცენზია.

 

დღეს გამართულ დისკუსიაზე მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიების წრმომადგენელებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ “მასთ ქერის” საკითხზე მუშაობისას არავინ დაინტერესებულა მაუწყებლობის ტრანზიტორი საკაბელო კომპანიებით, თუ რამდენად აქვთ მათ ტექნიკური საშუალება, საკუთარ  ქსელში ჩართონ სხვადასხვა ტელეარხები. მათი თქმით, საკაბელო ქსელში ტელეარხის ჩართვის საფასური თავად ამ ტელეარხებმა უნდა დაფარონ, რადგან თუ რომელიმე საკაბელო კომპანიას დაევალება ამ საფასურის დაფარვა, მაშინ აღნიშნული მაუწყებლობის ტრანზიტორი კომპანიები ფინანსურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ზოგიერთ მათგანს, შესაძლოა, “მასთ ქერით” ათზე მეტი ტელეარხის ჩართვა დაევალოს.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების აზრით, მიუხედავ იმისა, რომ “”მასთ ქერის” პრინციპი ქართველი ამომრჩევლის მხოლოდ მცირე ნაწილს შეეხება, საარჩევნოდ პლურალისტური მედიაგარემოს ჩამოსაყალიბებლად მისი განხორციელება მაინც მნიშვნელოვანია. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, საქართველში სულ 70–მდე საკაბელო ოპერატორია, რომელთა აბონენტების საერთო რაოდენობა 200 ათასის ფარგლებში მერყეობს. 70 ათასი აბონეტი ჰყავს სატელიტურ კომპანია “გლბალ ტვ”–ს, მხოლოდ რამდენიმე ათასი –”მაგთი სატსა” და “ბლექს სი სატს”. 2010 წლის მონაცმეებით კი, საქართველოში დაახლოებით 3.5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს.  “მასთ ქერის” პრინციპის დანერგვა იმიტომ გახდა საჭირო, რომ საარჩევნოდ მოსახლეობას ყველა საინფორმაციო ტელეარხის ყურების საშუალება ჰქონოდა. აღნიშნული პრინციპი სწორედ მაუწყებლობის ტრანზიტორ საკაბელო და სატელიტურ კომპანიებს ავალდებულებს, საკუთარ ქსელში ჩართონ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხი არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში. არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვდნენ, რომ ეს ვადა არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე გაგრძელებულიყო, რასაც ხელისუფლება არ დაეთანხმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი