ახალი ამბებიეკონომიკა

ჩოგოვაძის თქმით, 3 ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე საპირფარეშოები მოეწყობა

28 ოქტომბერი, 2016 • 1495
ჩოგოვაძის თქმით, 3 ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე საპირფარეშოები მოეწყობა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საქართველოში სამ ძირითად საგზაო მაგისტრალზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, გასაჩერებელი ადგილები მოეწყობა, სადაც საპირფარეშოები და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდება. ამის შესახებ ჩოგოვაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “ჩემი კითხვა” განაცხადა.

“ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ როგორც ქვეყნის, ისე ქალაქების დონეზე. ჩვენი პროგრამის მიხედვით, საქართველოში სამი ძირითადი საგზაო არტერიაა – თბილისიდან კახეთის მიმართულებით, თბილისიდან ყაზბეგის და თბილისიდან – დასავლეთის მიმართულებით. ყველა ამ ცენტრალურ არტერიაზე, ყოველი 40 წუთის სავალ გზაზე, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტს, ჩვენი მიზანია, რომ არსებობდეს გასაჩერებელი ადგილები – გორთან არსებული გასაჩერებელი ადგილების ანალოგიური, თუმცა შეიძლება ბევრად ნაკლები მასშტაბის, თუმცა იგივენაირი შინაარსის. ამ გასაჩერებელ ადგილებზე იქნება საპირფარეშოები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია,” – აცხადებს ჩოგოვაძე.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, პირველი ამოცანა არის, რომ ასეთი პროექტებით კერძო ბიზნესი დაინტერესდეს, თუმცა, თუ შესაბამისი ინიციატივები არ გაჩნდება, შემდეგ უკვე მთავრობა იმოქმედებს. დამატებითი სველი წერტილები გაჩნდება ასევე თბილისში, ტურისტულად აქტიურ ზონებში.

ჩოგოვაძის ინფორმაციით, მსგავსი პროცესი მიმდინარეობს აჭარის რეგიონშიც, სადაც 8 გასაჩერებელი ადგილის შექმნა იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი