ახალი ამბები

საქართველოს პირველი ოქრო ლონდონიდან

30 ივლისი, 2012 • 1290
საქართველოს პირველი ოქრო ლონდონიდან

საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუშინდელი დღე ოქროს მედლით დაასრულა. 20 წლის გორელმა ფალავანმა ლაშა შავდათუაშვილმა (-66 კგ.) ფინალამდე ყველა მეტოქეს წმინდად მოუგო. პირველ შეხვედრაში მან ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა დაამარცხა, შემდეგ იყვნენ ფრანგი დავიდ ლაროში და ბრიტანელი კოლინ ოუტსი, რომელსაც ვერც თანამემამულეთა არანორმალურმა მხარდაჭერამ უშველა. მთავარი კი მაინც ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, იაპონელი მასაში ებინუმას დაიპონება გახლდათ, რასაც თავად იაპონელიც არ ელოდა. ფინალში შავდათუაშვილი მასზე 11 წლით უფროსს, ევროპის სამგზის ჩემპიონს, უნგრელ მიკლოშ უნგვარის დაეჭიდა და პირველივე წუთებზე იუკო აუღო, შემდეგ კი მშვიდად მიიყვანა საქმე ლოგიკურ შედეგამდე. ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. 

 


ლიდერი დამარცხდა

 

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა ნინო სალუქვაძემ ყველასთვის მოულოდნელად ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა. ტყვიის სროლაში ევროპის სამგზისმსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა თავის მეშვიდე ოლიმპიადაზე გუშინ პნევმატური იარაღიდან ისროლა და არათუ ფინალში ვერ მოხვდა, ძალიან დაბალი შედეგი ჰქონდა – 376 ქულა, რითაც 49 მონაწილეს შორის 33-ე ადგილი დაიკავა. 1 აგვისტოს სალუქვაძე ძალებს სპორტული პისტოლეტით მოსინჯავს.

 

 

 

ტატიშვილმა მოიგო

 

ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ერთეულებში ლიხტენშტეინელ შტეფანი ფოგტს დაუპირისპირდა. პირველ სეტში პაექრობა 28 წუთს გაგრძელდა და ანამ 6:2 მოიგო. 

მეორეში, 21-წუთიანი ორთაბრძოლის შემდეგ, როცა ანგარიში იყო 4:0 ტატიშვილის სასარგებლოდ, მატჩი წვიმის გამო შეწყდა, მაგრამ ორი საათის შემდეგ განახლდა და ტატიშვილმაც ეს ხელიც სასურველ დასასრულამდე მიიყვანა – 6:0. 

მეორე წრეში ანა ტატიშვილი რუს ნადია პეტროვას (რეიტინგით მე-19) და ჩინელ ცზიე ჟენს (25) შორის გამარჯვებულს გაუწევს მეტოქეობას.

წყვილთა თანრიგში ტატიშვილისა და ჩახნაშვილის დუეტი სლოვენიელებსანდრეა კლეპასსა და კატარინა სრებოტნიკს შეხვდება.

 

 

ნადირაძე ჩამოიწერა?!

 

საგზატკეცილო რბოლაში ერთადერთმა ქართველმა მონაწილემ, ბათუმელმა გიორგი ნადირაძემ ფინიშთან მისვლაც ვერ შეძლო. 249,5 კმ-იან დისტანციაზე მან რბოლა 152,7 კმ. დისტანციაზე შეწყვიტა. მის მსგავსად ფინიშს კიდევ 16-მა ველომრბოლელმა ვერ მიაღწია.


მასალების გადაბეჭდვის წესი