ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ მუშაობს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა

28 ოქტომბერი, 2016 • 14289
როგორ მუშაობს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა

ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა ამოქმედდა. შედეგების პრეზენტაცია ჰოსტელ “ფაბრიკაში”  28 ოქტომბერს გაიმართა. თეა წულუკიანის თქმით, ამ პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრების 97%-ს დანაშაული აღარ ჩაუდენია.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში დანაშაულის პრევენციის ცენტრის სოციალური მუშაკები ციხეებში 4229 მსჯავრდებულს შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ გათავისუფლებისთანავე მოცემული პროგრამით სარგებლობა შეეძლოთ, თუმცა უცნობია, რამდენმა მათგანმა დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, 2012-2016 წლებში პროგრამით 1733-მა ყოფილმა პატიმარმა ისარგებლა. ამათგან ფსიქოლოგის მომსახურება 276 ბენეფიციარს გაეწია; 260 ყოფილი პატიმარი დასაქმდა; 217-მა ბენეფიციარმა პროფესიული გადამზადების კურსები გაიარა; იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 80 ყოფილი პატიმრის 78 ბიზნესიდეა და ისინი უკვე დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ საკუთარ ოჯახებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 693 ბენეფიციარს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია; იურიდიული კონსულტაცია 509 ბენეფიციარმა, ხოლო სხვადასხვა საგანმანათლებლო (თემატური) ტრენინგი 1068 ბენეფიციარმა გაიარა; თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის უფასო სამგზავრო ბარათი 224-მა ბენეფიციარმა მიიღო. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროგრამა თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში მიმდინარეობს.

“ჩვენს პროგრამაში ჩართული ყოფილი პატიმრების 97%-ს დანაშაული აღარ ჩაუდენია. ეს ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის შეფასების კრიტერიუმებით ძალიან მაღალი და კარგი მაჩვენებელია. ჩვენი პროგრამის ბენეფიციარები დღეს თავიანთ ოჯახებთან ერთად მომავლის პერსპექტივით უყურებენ ცხოვრებას. 4 წლისთავზე ჩვენ აღვნიშნავთ იმას, რომ შევძელით, რეაბილიტაციაში დავხმარებოდით ადამიანის ჯანმრთელობისა და ღირსების შემლახველ პირობებში მრავალი წლის განმავლობაში ციხეში მყოფ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროგრამის მეშვეობით შეძლეს, თვალი გაესწორებინათ იმ გამოწვევისთვის, რასაც თავისუფლების პირისპირ ყოფნა, საკუთარ ოჯახსა და საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნება ჰქვია,” − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ასევე ისაუბრა ყოფილი მსჯავრდებულებისათვის ტატუს მოცილების ხელშეწყობაზე. წულუკიანი მიიჩნევს, რომ ტატუირება ციხიდან გამოსულ ადამიანს ხელს უშლის პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების დროს, საზოგადოებრივი და სოციალური აქტივობის წამოწყებაში. მინისტრის თქმით, ტატუს გამო ყოფილი პატიმრები ხშირად “ხელებს ზურგსუკან” მალავენ. სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის ციხეში გაკეთებული ტატუ უფასოდ მოიშორა 92–მა ყოფილმა პატიმარმა, საიდანაც 27 სრულწლოვანია (25 კაცი, 2 ქალი) და 65 არასრულწლოვანია.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამას  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მსჯავრდებულებთან მუშაობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იწყება გათავისუფლებამდე 1-3 თვით ადრე. პატიმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია პროგრამისა და იმ სერვისების შესახებ, რომლებსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სთავაზობს. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულების ჩართვა ნებაყოფლობითია. როგორც პროგრამაში წერია, მათი მომართვის შემდეგ თითოეულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად მუშაობს სოციალური მუშაკი, რომელიც აფასებს ბენეფიციარის საჭიროებებს და სთავაზობს შესაბამის სერვისებს; ესენია: ფსიქოსოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული უნარების შეძენა და დასაქმების ხელშეწყობა; არაფორმალური განათლება/ტრენინგები; ყოფილი მსჯავრდებულის ოჯახის წევრის მხარდაჭერა; იურიდიული დახმარება. ბენეფიციარებისთვის მნიშვნელოვანი ტრენინგებია: სოციალური უნარების განვითარება, სამოქალაქო განათლება, პოზიტიური მშობლობა, კონფლიქტის მართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, აგრესიის მართვა და სხვა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმრებს საგრანტო პროექტ “ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში საკუთარი მცირე ბიზნესის წარმოებაც  შეუძლიათ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში 80 ყოფილი პატიმრის 78 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა:

მათ შორის, ბენეფიციარმა დავით ჯარმელიშვილმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ქართული და ევროპული ვაზი გააშენა; მარინა წიქარიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში გოგონებისთვის ხელსაქმის შესასწავლი სკოლა-სტუდია გახსნა; ლევან გოგალაძემ გორის მუნიციპალიტეტში საფუტკრე მეურნეობა შექმნა; მანანა შონიას ხელნაკეთმა ნამუშევრებმა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოწონება დაიმსახურა; ვალერი კოჩუაშვილმა სოფელ ხელთუბანში პურის საცხობი თონე გახსნა და საქმიანობა გააფართოვა; ზუგდიდში აკაკი კოროშინაძემ 30 ტონა კარტოფილი მოიყვანა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაც შეძლო; მერაბ შარაბიძემ ქედის რაიონში ვაზის ჯიში − ჩხავერი გააშენა და სხვა. წულუკიანის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, ღონისძიებაზე სამი ბენეფიციარის შესახებ მომზადებული მოკლე სიუჟეტები უჩვენეს, თუ როგორ დაეხმარა მათ ეს პროგრამა და რას საქმიანობენ ახლა.

ყოფილ პატიმართა მიერ წარმოებული პროდუქტისა და ნამუშევრების გამოფენა. 28.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ყოფილ პატიმართა მიერ წარმოებული პროდუქტისა და ნამუშევრების გამოფენა. 28.10.2016. ფოტო: ნეტგაზეთი/გიორგი დიასამიძე

ერთ–ერთი ბენეფიციარი, მირანდა მაზმანოვა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრომ 2000 ლარით დაუფინანსა ბიზნესიდეა, ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს ისეთი შემოსავალი აქვს, რომ შვიდსულიან ოჯახს არჩენს. მირანდა ბისერითა და თაბაშირით  ქარგავს/ხატავს, ხოლო საამქრო ბათუმში აქვს გახსნილი.

“ყველა ყოფილ მსჯავრდებულს ძალიან ესაჭიროებათ ფსიქოლოგის დახმარება იმიტომ, რომ ძალიან დიდი სტრესი გვქონდა გადატანილი. მათმა დაფინანსებამ გამოიღო ძალიან დიდი შედეგი ჩემი ოჯახის კეთილდღეობისათვის. დღესაც თუ არის ისეთი საკითხი, რაშიც დახმარება მჭირდება, ყოველთვის მივდივარ ეკა ბურჭულაძესთან, ვუხსნი ჩემს პრობლემას და თუ არის შესაძლებელი, ის ყველაფრით გვეხმარება. ჩემი ბიზნესის დასაწყებად მოთხოვნილი მქონდა 2 ათასი ლარი და სრულად დამაფინანსეს. მე ვქარგავ ხატებს, ვქარგავ სხვადასხვა ნახატებს ბისერით, ვაკეთებ სამკაულებსა და სამაჯურებს. ასევე, ბისერით და თანაშოროთ ვაკეთებ ხეებს, ყვავილებს… რისი გაკეთებაც შესაძლებელია ბისერით, ყველაფერს ვაკეთებ. ჯერ–ჯერობით მხოლოდ მე ვარ დასაქმებული, თუმცა, თუ მაქვს დიდი შეკვეთა და მჭირდება დახმარება, ამ შემთხვევაში, მყავს მოწაფეები, რომლებიც მეხმარებიან ხოლმე და თავისთავად მიღებულ თანხას ვუყოფ. მყავს შვიდსულიანი ოჯახი და ღვთს წყალობით, იმხელა შემოსავალი მაქვს, რომ ჩემი ოჯახი დაპურებულიც არის, ჩაცმულიც და ბავშვებს არაფერი აკლიათ. ვფიქრობ, ეს არის ყველა დედისთვის მთავარი,” – აცხადებს მირანდა.

როგორც თეა წულუკიანი აცხადებს, ამ მაგალითების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტრო საგრანტო თანხას ყოველწლიურად ზრდის და, შესაბამისად, უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება. რაც შეეხება პროფესიულ განათლებას, იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, პროგრამის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, სურვილის მიხედვით დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას; მაგ.: ოფისმენეჯერი, მეფილე-მომპირკეთებელი, მზარეული, ფარმაცევტის თანაშემწე, გამყიდველ-კონსულტანტი, ბუღალტერი, შემდუღებელი და სხვა.

კიდევ ერთი ბენეფიციარი ვალერი კოჩუაშვილი ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დაუმძიმდა, ხოლო ამ პროგრამამ ფაქტობრივად ხელახლა ფეხზე დააყენა. მან გორის რაიონის სოფელ ხელთუბანში პურის საცხობი თონე გახსნა და საქმიანობა მალევე გააფართოვა.

“სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი ბიზნესიდეა არ იყო ინოვაციური, მაგრამ მაინც დამიფინანსეს. ვისი ძალისხმევითაც მოხდა ეს, ყველას დიდი მადლობა. ოჯახთან არ ვცხოვრობდი, არ მქონდა ურთიერთობა იმიტომ, რომ არ მქონდა შემოსავალი. ციხიდან გამოსულს არც სახლი მქონდა და არც კარი, საერთოდ არაფერი. დღეს სახლიც მაქვს, ავტომობილიც მყავს, ბიზნესიც მაქვს და შემოსავალიც. კიდევ ერთი ყოფილი პატიმარი მოვიყვანე ჩემთან, ვასწავლე ხელობა და დავასაქმე. დიდი სურვილი მექნება, რომ ყველა პატიამრმა გაიზიაროს და მაგალითი აიღოს ჩემი შემთხვევისგან. მათთვის ეს არ იქნება ურიგო და მომგებიანი იქნება ცხოვრებისეულად,” – ამბობს კოჩუაშვილი.

პროგრამის ხელშეწყობის მიზნით 2012-2016 წლებში გაფორმდა მემორანდუმები სამთავრობო სტრუქტურებთან, კერძო კომპანიებთან, სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. სამინისტროს ინფორმაციით, 2013–2016 წლებში სამინისტროს მიერ გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 667 670 ლარს შეადგენს.

დღევანდელ საიუბილეო ღონისძიებას პარტნიორი სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ბოლოს მედიასთან კომენტარები გააკეთეს ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, რომლებმაც ეს პროგრამა დადებითად შეაფასეს.

რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 2012 წლის ბოლოს დაიწყო, რომლის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა და მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, პროგრამის კიდევ ერთი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. პროგრამაში ყოფილი მსჯავრდებულები, მათ შორის, არასრულწლოვნები, არიან ჩართული. რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ცხელი ხაზია: 2 145145.

მასალების გადაბეჭდვის წესი