ახალი ამბები

TI: ბოლო დღეებში ოპოციზიური პარტიის მხარდამჭერებზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევები გახშირდა

28 ოქტომბერი, 2016 • 1654
TI: ბოლო დღეებში ოპოციზიური პარტიის მხარდამჭერებზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევები გახშირდა

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) არჩევნების მეორე ტურების წინ მომხდარ დარღვევებზე ინფორმაციას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო პროცესები მთლიანობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ბოლო დღეებში ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებზე შესაძლო ზეწოლის შემთხვევები გახშირდა. TI-ის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც 30 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით 50 ოლქში უნდა გაიმართოს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2, ხოლო შესაძლო ძალადობისა და მუქარის  8 შემთხვევა დაფიქსირდა.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევა, ორგანიზაციის ინფორმაცით, 25 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული აუდიოჩანაწერის მიხედვით, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი ხაშურში – ვალერი გელაშვილი ხვდებოდა ხაშურის გამგეობის თანამშრომლებს და მოითხოვდა მათ მხარდაჭერას. ჩანაწერში მხარეები პირდაპირ საუბრობენ ადმინისტრაციული რესურსების „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენებაზე. შეხვედრის ფაქტს ვალერი გელაშვილიც ადასტურებს. გელაშვილმა პირველ ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან ყველაზე დაბალი – 20%-იანი მხარდაჭერა მიიღო და მეორე ტურში „მრეწველების“ კანდიდატის წინააღმდეგ იბრძოლებს საპარლამენტო მანდატისთვის.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კიდევ ერთი შემთხვევა 26 ოქტომბერს ქუთაისში მოხდა. ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ საკრებულოს სხდომაზე მოსახლეობას “ქართული ოცნების” ქუთაისის მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

TI-ს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ თანამდებობის პირებს არ აქვს შეზღუდვა სამუშაო საათებში აგიტაციის კუთხით, ეს არ ნიშნავს მას, რომ თავისი უფლებამოსილების განხორცილების დროს შეუძლია ატაროს აგიტაცია. ამასთანავე, აკრძალულია აგიტაცია ადმინისტრაციულ შენობებშიც, რაც ადმინისტრაციულ რესურსების გამოყენებად უნდა ჩაითვალოს:

“გარდა ამისა, მერმა, რომელიც აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელია, საკრებულოს სხდომაზე აგიტაციის გაწევით ხელი შეუწყო სახელმწიფოსა და პარტიას შორის ზღვრის წაშლას და დაარღვია საჯარო სამსახურის ნეიტრალურობის პრინციპი” – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გავცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება შესაძლო ძალადობისა და ზეწოლის შემთხვევებს,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, 27 ოქტომბერს ახალციხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუსხში მათი შტაბის წევრი ნიკოლოზ ხიზაძე პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მიდიოდა, რა დროსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძის მანქანით გზა გადაუღობეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდა ახალციხის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი გია ბალიაშვილი, კამერა წაართვა და ტერიტორია გუბერნატორთან და სხვა პირებთან ერთად დატოვა.  ორგანიზაციის განსაკუთრებულ შეშფოთებას ინციდენტში გუბერნატორისა და სხვა საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობა იწვევს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო. თუმცა, TI-ს განცხადებით, მომხდარი შესაძლოა სამოხელეო დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, ახალციხეში უმწეოთა სასადილოს ორი ბენეფიციარი აცხადებს, რომ თუ ისინი მხარს “ქართულ ოცნებას” არ დაუჭერენ, შეშის ყიდვისთვის განკუთვნილ დაფინანსებას ვერ მიიღებენ და, შესაბამისად, ვერც საკვებს მოამზადებენ.

საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირებს დმანისში სოფელ კარაბულაკის სკოლის დირექტორი, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია”, განათლების სამინისტროს ადგილობრივი რესურსცენტრის მიერ სკოლის ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმების მიზნით გამოთხოვას.

ორგანიზაციის განცხადებაში მოხვდა ადიგენში, სოფელ ხეროს საჯარო სკოლაში ზეწოლის შესაძლო შემთხვევაც.  ნინო ხარაიშვილს, რომელიც საჯარო სკოლაში დამლაგებლად მუშაობს და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერია, სკოლის დირექტორმა ვლადიმერ ველიჯანაშვილმა, არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მოსთხოვა, შეეწყვიტა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ღია მხარდაჭრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. TI-ს განცხადებით, დირექტორმა ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა ის ფაქტი, რომ მასზე ზეწოლას ადიგენის გამგეობიდან ახდენდნენ, სადანაც მას სკოლაში მომუშავე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების სია მიაწოდეს.

“სავარაუდოდ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის გამო იძულებული გახდა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაეწერა გიორგი ჩილინგარაშვილს, რომელიც სოფელ არალში ვეტერინარად მუშაობდა. მისი თქმით, განცხადების დაწერას მას სურსათის უვნებლობის სააგენტოს ადიგენის სერვისცენტრის თანამშრომლები, მერაბ ვარდოსანიძე და ამირან ჩიტაძე აიძულებდნენ” – ვკითხულობთ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს განცხადებაში.

“ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს უკავშირებს თანამდებობიდან გათავისუფლებას. პირი, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ყოფილი თანამშრომელია.

ორგანიზაციის განცხადებით, სავარაუდო ზეწოლა განხორციელდა ქალაქ ზუგდიდის დევნილთა დასახლებაშიც, სადაც მაღაზიის გამყიდველმა TI-ს უთხრა, რომ მასთან იყვნენ მისული მერიიდან (მისი ვარაუდით, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები) და დაემუქრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერობის გამო; უთხრეს, რომ დააჯარიმებენ და ჯიხურს დაუხურავენ, რადგანაც ნებართვის გარეშე აქვს განთავსებული. მას მოსთხოვეს, ხმა აუცილებლად „ქართულ ოცნებას” მისცეს; მაღაზიის გამყიდველმა ასევე თქვა, რომ აიძულეს მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალის გაკვრა ჯიხურის კედელზე. გამყიდველს არ სურს, რომ მისი ვინაობა გასაჯაროვდეს, რადგან დაჯარიმების ეშინია.

შესაძლო ძალადობისა და ზეწოლის კიდევ ერთ შემთხვევაზე საუბრობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”. ზუგდიდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერის განცხადებით, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ანონიმურად დარჩენა მოითხოვა, ქართული ოცნების სახელით მას დაუპირსიპირდა ვინმე ვალერი გუგუჩია, რომელიც მისი ინფორმაციით არის კრიმინალური ავტორიტეტი. გუგუჩიამ მას მოსთხოვა, რომ შეეწყვიტა ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მიკროავტობუსით გადაყვანა, ამავე მოთხოვნით დაუპირისპირდა მეორე ტურის დანიშვნის შემდგომაც.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ასეთ ინციდენტებზე სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური რეაგირება ძალზე მნიშვნელოვანია, რათა გახშირებულმა შემთხვევებმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს წინასაარჩევნო გარემოზე და არჩევნების დღის პროცედურები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად წარიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი