ახალი ამბები

გაუმჯობესებული საარჩევნო პროცედურები და პარტიებთან აფილირებული არასამთავრობოები არჩევნების დღეს – IRI

28 ოქტომბერი, 2016 • 2973
გაუმჯობესებული საარჩევნო პროცედურები და პარტიებთან აფილირებული არასამთავრობოები არჩევნების დღეს – IRI

არჩევნების შესახებ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) მესამე შუალედური ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პროცედურები არჩევნების დღეს გაუმჯობესებული იყო, თუმცა პრობლემები ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში მაინც გამოვლინდა.

1,243 საჩივარი და 76 განცხადება საარჩევნო კომისიებში, 15 სარჩელი სასამართლოებში, მაღალი ოდენობით გაუქმებული საარჩევნო ბიულეტენებისა და ამ ბიუელეტენების გაუქმების კრიტერიუმის ირგვლივ შექმნილი ეჭვები ქვეყნის მასშტაბით, არაერთგზის გამოთქმული ეჭვი შემაჯამებელი ოქმის ერთი კომისიის წევრის მიერ ხელმოწერასთან დაკავშირებით, არჩევნების დღეს პარტიასთან აფილირებული მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია, საარჩევნო უბნებს გარეთ მყოფი მოქალაქეები, რომლებიც ქმნიდნენ ამომრჩეველზე ზეწოლის შთაბეჭდილებას, — ეს ის საკითხებია, რასაც საერთაშორისო ორგანიზაცია “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) უთმობს ყურადღებას ორგანიზაციის გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მესამე შუალედურ ანგარიშში. ანგარიში 9-21 ოქტომბრის პერიოდს მოიცავს. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ანგარიშის ძირითად მიგნებებს:  

საარჩევნო კამპანიის გარემო

  • არჩევნების დღეს პარტიასთან აფილირებული ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დააკვირდა პროცესს;

IRI-ის მოკლევადიანმა და გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა შენიშნეს მრავალი შემთხვევა, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წარადგენდნენ თავს, როგორც ადგილობრივი თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის დამკვირვებლებად. მათ არ იცოდნენ იმ ორგანიზაციის სახელწოდება, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ და ხშირად უწევდათ თავიანთ სამკერდე ნიშნებზე ორგანიზაციის სახელწოდების გადამოწმება და წაკითხვა. როდესაც IRI-ის დამკვირვებლები ეკითხებოდნენ მათ, რატომ არ იცოდნენ, თუ რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდნენ, ბევრი აღიარებდა რომ ისინი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ. ამასთან, IRI-ის დამკვირვებლებმა შენიშნეს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გამოიყენეს დარეგისტრირებული, თუმცა აქამდე პასიური არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა მათ დამატებით ჰყოლოდათ პარტიის წარმომადგენლები საარჩენი უბნებზე.

მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციები შეამჩნია “ნეტგაზეთმაც” სხვადასხვა საარჩევნო უბანზე. მაგალითად, 22 ოქტომბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე განმეორებითი კენჭისყრის მიმდინარეობისას “ნეტგაზეთის” რეპორტიორებმა შეამჩნიეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია “სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრი” (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულია 2012 წელს), — უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ამ ორგანიზაციის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა. იმის გამო, რომ ერთი ორგანიზაციის ერთზე მეტი წარმომადგენელი არ შეიძლება ერთდოულად იმყოფებოდეს ერთსა და იმავე უბანზე, ისინი ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს. სწორედ ამ ორგანიზაციის დამკვირვებელი იყო გოჩა რაფავა, რომლის მისამართითაც 79-ე უბანზე დაიწერა 22 ოქტომბერს ერთადერთი საჩივარი. “სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ცენტრს” წარმოადგენდა გრიგოლ მიქავაც, რომელიც, ადგილობრივი გამოცემა “ლაივპრესის” ცნობით, ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსია. 

“სამოქალაქო განვითარების საერთაშიროსო ქსელი” (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში დარეგისტრირებულია 2008 წელს), — სწორედ ამ ორგანიზაციას წარმოადგენდა 22 ოქტომბერს   საარჩევნო უბნებზე ზუგდიდის საკრებულოს წევრი ანა წითლიძე, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესასთან ურთიერთობის ფუნქციასაც ითავსებდა ზუგდიდში.

IRI განმარტავს, მათ მიერ აღწერილი საქმიანობები უკანონობას და საქართველოს საარჩევნო კოდექსის პირდაპირ დარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ეს ცხადყოფს, რომ პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით გამოიყენონ სისტემა, ასევე, კარგად აჩვენებს, რომ პარტიები ერთმანეთს არ ენდობიან.

  • მოქალაქეების ჯგუფი საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა;

IRI-ის დამკვირვებლებმა საქართველოს მასშტაბით აღნიშნეს, რომ როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის დასახლებებში, საარჩევნო უბნებთან მყოფი მოქალაქეების ჯგუფები შეინიშნებოდა. უმეტეს შემთხვევებში, 10-15 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმულნი და ამომრჩევლებზე ზეწოლის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რამოდენიმე ამომრჩეველს ხმის მიცემასთან დაკავშირებით კი აზრს აცვლევინებდა. როდესაც ორგანიზაციის დამკვირვებლები მიმართავდნენ უბანთან არსებულ მოქალაქეების ჯგუფს, თუ რა იყო მათი იქ ყოფნის მიზეზი, ისინი პასუხობდნენ, რომ არჩევნები საზოგადო ღონისძებაა და მეზობლები უბრალოდ შეიკრიბნენ. მათი პასუხების სიზუსტის გადამოწმება ვერ ხდებოდა, თუმცა წარმოდგენა იქმნებოდა, რომ მსგავსი ჯგუფები უსაფრთხოების სამსახურთან იყვნენ კავშირში. ეს დაკვირვება განმტკიცებული იყო სხვადასხვა პოლიტიკური წარმომადგენლის მხრიდან მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომ მსგავსი ქმედება სახელისუფლო ძალის მიერ იქნა გამოყენებული ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით.

  • ოპოზიციურ პარტიებს შორის იყო ერთსულოვანი შეთანხმება მმართველი პარტიის მხრიდან ჩადენილ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით

IRI-ის დამკვირვებლებმა შვიდივე რეგიონში აღნიშნეს, რომ ოპოზიციური პარტიები და მათი წარმომადგენლები აფიქსირებდნენ მრავალმხრივ საარჩევნო დარღვევებს ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების დღეს. დარღვევები მოიცავდა ამომრჩევლების მოსყიდვას, არჩევნების შედეგების გაყალბებას და ბიულეტენების არასწორ თვლას. ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე განაცხადეს, რომ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო თავს უყრდა თავის მხარდამჭრებსა და კომისიის წევრებს დამათი მხარდაჭერის სანაცვლოდ სთავაზობდა ფულად კომპენსაციებს. ამ განცხადებათა უმეტესობა გაკეთებული იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის, სახელმწიფო ხალხისთვის, ლეიბორისტული პარტიისა და თავისუფალი დემოკრატების მიერ. ამ განცხადებათა ნაწილი საჩივრის სახით წარდგენილ იქნა ცესკოში, თუმცა ბუნდოვანია, არჩევნების დღეს შესული 1 243 საჩივრიდან რამდენია ადმინისტრაცული რესურსის გამოყენებასთან, ამომრჩევლების მოსყიდვასთან და არასწორ დათვლასთან დაკავშირებით დაწერილი.

  •  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების შემდგომ მათ კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ;

10 ოქტომბერს იმერეთის რეგიონის სოფელ ბორითში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დანიშნულ საარჩევნო კომისიის წევრის #48.51.7 ოჯახში მივიდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორი და სოფლის მცხოვრებნი, და მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისთვის შეურაცხყოფა მიაყენეს. დადანაშაულებული პირები უარყოფენ ზემოთ ხსენებულ ფაქტს, თუმცა IRI-ის დამკვირვებლებმა მოინახულეს დაზარალებულები, სადაც მათ მიიღეს ფიზიკური შეურაცხყოფის დამადასტურებელი ფოტომასალა, რომელზეც ასახულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერისა და მისი შვილისთვის მიყენებული სხეულის დაზიანებები და ჩალურჯებები. ამ შემთხვევას ადგილობრივი პოლიცია იძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, თუმცა ამ ეტაპზე არანაირი ბრალი არ არის წაყენებული.

  • მარნეულში ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები პოლიციამ ძალის გადამეტებით დააკავა;

მარნეულში არჩევნების შემდგომი ძალადობის ფონზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის 6 მხარდამჭერი თავისუფალი ზონიდან( ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია) დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ ღამით, 12 ოქტომბერი/13 ოქტომბერს გამთენიისას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალა იქნა გამოყენებული და ძალის გამოყენებით შეანგრიეს კარი, მაშინ, როდესაც პოლიციას შეეძლო გაეგზავნა შეტყობინება ეჭვმიტანილთა დაკითხვის მიზნით. მათი დაკავების შემდეგ, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, დაკავებულ პირებს აიძულებდნენ, რომ ეღიარებინათ 8 ოქტომბერს მარნეულში საარჩევნო პროცესის ჩაშლა. 6 დაკავებული პირიდან ოთხს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არასათანადოდ მოეპყრნენ. ეჭვმიტანილები აცხადებენ რომ მათ მიმართ გამოყენებული ძალადობა და დაკითხვის დროს არასათანადო მოპყრობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

საარჩევნო ადმინისტრაცია

  • გაუმჯობესებული საარჩევნო პროცედურები არჩევნების დღეს, თუმცა აშკარა პრობლემები ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში:

IRI-ის შეფასებით, 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა; აღინიშნებოდა ძალადობის, დარღვევებისა და უკანონო კამპანიის და/ან ზეწოლის მხოლოდ ცალკეული შემთხვევები. “ინსტიტუტის” დაკვირვებით, საარჩევნო პროცედურები და ადმინისტრაცია არ იყო უნაკლო, თუმცა იგრძნობოდა გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით.

მიუხედავად იმისა, რომ “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” მოკლევადიან დამკვირვებლებს არ შეუმჩნევიათ საკმარისი მტკიცებულებები კომისიის წევრების მიკერძოებულობის დასადასტურებლად და აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისია კარგად დატრენინგებული და დაკომპლექტებული იყო, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის 95%-ს ჰქონდა საკუთარი უფლება-მოვალეობების საფუძვლიანი ცოდნა და მათი 95% პროცედურებს სწორად უძღვებოდა. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციის დამკირვებლებმა დააფიქსირეს შესწორებული შემაჯამებელი ოქმების დიდი რაოდენობა; ჩასწორებების გამო, ზოგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შეუძლებელი ხდებოდა მათი გარჩევა. ყოველივე ამან გაზარდა უნდობლობა მთლიანი პროცესის მიმართ.

  • 1,243 საჩივარი და 76 განცხადება საარჩევნო კომისიებში, და 15 სარჩელი სასამართლოებში

არჩევნების დღესა და 21 ოქტომბერს შორის პერიოდში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მიიღო დაახლოებით 1243 საჩივარი პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან; მათ შორის იყო სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი საჩივრები. საჩივართა უმეტესი ნაწილი ეხება საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებს (ძირითად შემთხვევაში იმერეთის რეგიონში); ხმების რაოდენობასა და საარჩევნო სიაში ხელმოწერების რაოდენობას შორის შეუსაბამობას; შემაჯამებელ ოქმში დაშვებულ შეცდომებს; უბეჭდო საკონტროლო ფურცლებს; არასწორ შემაჯამებელ ოქმებსა და არასათანადოდ დალუქულ საარჩევნო ყუთებს.

IRI-ის დაკვირვებით, არჩევნების დღის ეს ტენდენცია შეიმჩნევა მთელი ქვეყნის მასშტაბით. არჩევნების დღე უმეტესწილად კარგად იყო ადმინისტრირებული, თუმცა აღნიშნულმა ხარვეზებმა, შესაძლოა, ნეგატიური ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ. შესაბამის საარჩევნო კომისიებს წარედგინა 76 ოფიციალური განცხადება, ხოლო სასამართლოებს განსახილველად 15 საჩივარი წარედგინათ.

  • მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოითქვა უკმაყოფილება ბათილ ბიულეტენთა უპროპორციოდ მაღალ რაოდენობასთან დაკავშირებით და ბიულეტენების ბათილობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებთან მიმართებით.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის სადამკვირვებლო მისიამ დააფიქსირა შეუთავსებლობა საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებებს შორის, ბათილად ეცნოთ საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმები; ასევე, ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდა სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიების კრიტერიუმები ბიულეტენის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათილ ბიულეტენთა რაოდენობა არ იყო ისეთი მაღალი, როგორც 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით აღემატებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებულ ბათილ ბიულეტენთა რიცხვს. 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სიის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შეადგენდა 3,43%-ს, ხოლო მაჟორიტარული ბათილი ბიულეტენების 4,11% აღმოჩნდა ბათილი.

IRI წერს, რომ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ბათილი ბიულეტენების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი კონკრეტულ რეგიონებში. მათ შორის ზუგდიდში (სამეგრელო), სადაც სამი უბნის შედეგები გაბათილდა, რის შედეგადაც აღნიშნულ უბნებზე 22 ოქტომბერს ჩატარდა განმეორებითი არჩევნები; მარნეულში (ქვემო ქართლი), სადაც არჩევნების შედეგები გაბათილდა ერთ უბანზე; თეთრიწყაროში (ქვემო ქართლი), სადაც 1000-ზე მეტი ბიულეტენი გაბათილდა, მაგრამ რამდენიმე არასათანადოდ მონიშნული ბიულეტენი – არა; თბილისში გაბათილდა მაჟორიტარული ბიულეტენების 4,40% (ზოგ ოლქში მათმა რაოდენობამ 6%-ს მიაღწია); აჭარაში ბათილად ცნეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიულეტენების 4,03%. აღნიშნული გაურკვევლობა ბიულეტენების ბათილად ცნობის კრიტერიუმებთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, ყურადღების გარეშე ან აუხსნელი რჩებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან. საერთო ჯამში, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ხუთი უბანი, რომელიც საჭიროებდა თვლის პროცესის განმეორებით ჩატარებას, და 10 უბანი, რომლის შედეგებიც გაბათილდა.

  • არაერთგზის გამოითქვა ეჭვი შემაჯამებელი ოქმის ერთი კომისიის წევრის მიერ ხელმოწერასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლებმა აჭარასა და სამეგრელოში დააფიქსირეს არაერთი შემთხვევა, როცა უბნის შედეგების შემაჯამებელ ოქმზე ყველა, 13 კომისიის წევრის ნაცვლად ხელმოწერები სრულდებოდა ერთი კომისიის წევრის მიერ. ეს არის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 71.4 მუხლის აშკარა დარღვევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს, რითაც დასტურდება მათი ყოფნა საარჩევნო უბანში. ოქმი დამოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით“. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ, შესაძლოა, ზემოაღნიშნული ქმედება მოხდა კომისიის წევრების ნებართვით, ამ მუხლის მიზანია მოახდინოს იმის უზრუნველყოფა, რომ შემაჯამებელი ოქმი არ დამტკიცდეს ცალმხრივად ან პოლიტიკური მოტივაციების საფუძველზე.

ქალებისა და უმცირესობების ჩართულობა

IRI ძირითად მონაპოვრად აფასებს იმ ფაქტს, რომ ქალები  საარჩევნო კომისიებში უმრავლესობაში არიან:

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 23.08 %-ით ქალები არიან წარმოდგენილები, საოლქო საარჩევნო კომისიებში მუდმივი წევრებისგან- 57. 89 % ქალები, პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისგან კი 65.58 % ქალები არიან წარმოდგენილი. საუბნო საარჩევნო კომისიებში 69.76 %-ს შეადგენენ ქალები. IRI-ის დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ არჩევნების დღეს ქალები დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილნი საუბნო საარჩევნო კომისიებში. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დამკვირვებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ მაჟორიტარობის 155 კანდიდატი ქალისგან მხოლოდ ერთმა — ნინო გოგუაძემ (“ქართული ოცნება”, თბილისი, საბურთალოს #5 ოლქი) შეძლო გამარჯვება პირველ ტურში. დანარჩენი რვა გააგრძელებს ბრძოლას მეორე ტურში, რომელიც გაიმართება 30 ოქტომბერს.

IRI-ის რეკომენდაციები

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების ხელშესაწყობად შემდეგ რეკომენდაციებს სთავაზობს საარჩევნო ადმინისტრაციას, პარტიებსა და სახელმწიფოს:

  • საარჩევნო კომისიებმა უნდა იმუშაონ მეტი, რათა გაზარდონ ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ;
  • საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გააუმჯობესოს საარჩევნო პროცედურების ტრეინინგები;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა უზრუნველყონ მშვიდობიანი, ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დამყარებული საარჩევნო გარემო;
  • თანამდებობის პირებმა უნდა განასხვაონ თავიანთი საჯარო და პოლიტიკური როლები;
  • პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადადგან ნაბიჯები ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით;
  • სამართალდამცავების როლი უნდა გაიმიჯნოს და იყოს მიუკერძოებელი საარჩევნო საქმიანობის მიმართ

მასალების გადაბეჭდვის წესი