ახალი ამბები

შოთაძის თქმით, დემურ სტურუას დედის ეჭვები უსაფუძვლოა

28 ოქტომბერი, 2016 • 2250
შოთაძის თქმით, დემურ სტურუას დედის ეჭვები უსაფუძვლოა

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, უტყუარად დასტურდება, რომ თვითმკვლელობამდე წერილი დემურ სტურუამ დაწერა და არსებობს ბრალდებული. შოთაძის თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით, გარდაცვლილის დედის ეჭვები უსაფუძვლოა.

“აღნიშნული განცხადება მოვისმინე მასმედიის საშუალებით. გამოძიება არ არის დასრულებული და ის გრძელდება. დემურ სტურუას საქმე ჯერ არის წინასწარი გამოძიების ეტაპზე. შესაბამისად, აუცილებლად მოხდება დაზარელებულის უფლებამონაცვლის დაკითხვა მის მიერ დღეს საჯაროდ გაცხადებული ფაქტების ირგვლივ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს წერილი არ არის დაწერილი გარდაცვლილის მიერ, მინდა გითხრათ, რომ ამ საქმეზე ჩატარებულია ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადგენილია, რომ ეს წერილი დაწერილია დემურ სტურუას მიერ,” – ამბობს მთავარი პროკურორი.

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ თვითმკვლელობამდე დემურ სტურუას იძულებით დააწერინეს წერილი, ირაკლი შოთაძე პასუხობს:

“ამ ეტაპზე მსგავსი განცხხადებების ნამდვილობის საფუძველი არ არსებობს. ჩატარებულია არაერთი საგამოძებო მოქმედება: არსებობს პირი, რომელსაც ბრალად შეერაცხა, რაზეც ჩვენ საზოგადოების დეტალური ინფორმაცია მოვახდინეთ. შესაბამისად, ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით, რა თქმა უნდა, დღევანდელი განცხადება არ დასტურდება. თუმცა ჩვენ დღეს უკვე შევეხმიანეთ დაზარალუბულ მხარეს, რომელიც დაბარებულია პროკურატურაში და დღეს თუ არა, უახლოეს მომავალში დაიკითხება მის მიერ საჯაროდ გაკეთბული განცხადების შესახებ.”

ირაკლი შოთაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 26.05.2016

ირაკლი შოთაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/გივი ავალიანი. 26.05.2016

დემურ სტურუას დედას, ნონა ჯოჯუას გაუჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა პოლიციელი გოდერძი თევზაძე არ იყოს მისი შვილის თვითმკვლელობამდე მიმყვანი. ნონა ჯოჯუას თქმით, მას ეჭვი გაუჩნდა საჯავახოელ 6 ახალგაზრდაზე, რომლებთანაც დემურ სტურუა მეგობრობდა და რომლებმაც, ჯოჯუას თქმით, დემურ სტურუა სცემეს.

22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტორ სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნარში თავი ჩამოიხრჩო. მან დატოვა წერილი, რომლის თანახმადაც, ეს პოლიციელ დემურ თევზაძის ზეწოლის გამო გააკეთა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დემურ სტურუას წერილში მოხსენიებულ პოლიციელს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებელს, გოდერძი თევზაძეს ბრალი 29 აგვისტოს წაუყენა. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სასამართლომ გოდერძი თევზაძეს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. პოლიციელი მიმალვაში იმყოფებოდა და პროკურატურას მასზე ძებნა ჰქონდა გამოცხადებული. პოლიციელი პროკურატურას 13 სექტემბერს ჩაბარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი